„ერთი სათქმელი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში“
მანანა ხვედელიძე, მათემატიკოსი, სერტიფიცირებული პედაგოგი, ტრენერი
ხარისხიანი განათლება მხოლოდ სკოლის, მასწავლებლის ან მშობლის პასუხისმგებლობა არ არის. ეს საერთო გზაა, რომელზეც თითოეულმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
დღეს ბავშვს ცოდნის მიღების უამრავი შესაძლებლობა აქვს – წიგნები, ვიდეოგაკვეთილები, საგანმანათლებლო პლატფორმები, ონლაინკურსები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიები. თუ ინტერესი აქვს, პასუხის მოძიება შეუძლია. მაგრამ ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია – ფიქრი, შრომა და დამოუკიდებლად სწავლა თავად ბავშვმა უნდა ისწავლოს.
სკოლაში გატარებული წლების შემდეგ მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს უნივერსიტეტში ჩაბარების და არ უნდა ფიქრობდეს, რომ ყველაფერს მხოლოდ რეპეტიტორი თუ ასწავლის. დამატებითი დახმარება შეიძლება საჭირო იყოს, მაგრამ ის ბავშვის დამოუკიდებლობას არ უნდა ანაცვლებდეს.
ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაკვეთილად ჩემი ძმის სიტყვები დამრჩა:
„არ უნდა დახმარება – თავადაც ამოხსნის“.
ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო და მათემატიკაში ჩემზე ბევრად ნიჭიერი. იმ დროს, როცა უნივერსიტეტებში ადგილები იყიდებოდა, მან ჯავახიშვილში მხოლოდ ერთი ათიანით ჩააბარა.
მისმა რწმენამ დიდი სტიმული მომცა. ურთულეს ამოცანაზე საათობით, ზოგჯერ მთელი ღამით ვფიქრობდი და დილით, როცა პასუხს თავად ვპოულობდი, ვხვდებოდი – ყველაზე ძვირფასი მხოლოდ ამოხსნა კი არა, საკუთარი ძალების აღმოჩენა იყო.
ამიტომ:
მოსწავლეს – ვუსურვებ ცნობისმოყვარეობას, შრომას და დამოუკიდებელ აზროვნებას;
მშობელს – ნდობასა და მოთმინებას; დაეხმარეთ შვილებს, მაგრამ ნუ გააკეთებთ მათ ნაცვლად ყველაფერს;
მასწავლებელს – თავისუფლებას, მხარდაჭერას და დაფასებას, რათა ცოდნასთან ერთად სწავლის სურვილიც გააღვივოს;
სკოლასა და სისტემას – პირობებს, სადაც ბავშვი არა მხოლოდ ინფორმაციას დაიმახსოვრებს, არამედ კითხვას დასვამს, იფიქრებს და პასუხს თავადაც იპოვის.
და არ დაგვავიწყდეს: თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და დასაფასებელია — მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის.
განათლებას ურთიერთბრალდებები ვერ გადაარჩენს. მას გადაარჩენს ნდობა, პასუხისმგებლობა და ბავშვისთვის იმის სწავლება, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება:
„სცადე. იფიქრე. თავადაც შეძლებ“.
ასევე იხილეთ:
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“
-
რატომ იქცა „მე და საზოგადოება“ სკოლებში დაპირისპირების საგნად? – ორაზროვანი რეგულაცია და ადმინისტრაციული დისკრეცია
by განათლებული ბლოგი
-
„გამოწვევები 2026-2027 სასწავლო წლისთვის“ – რა იყო დაგეგმილი განათლების რეფორმით და რა (ვერ) გამოვიდა?
by განათლებული ბლოგი
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი