GE

რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“

ავტორი: ნათელა მაღლაკელიძე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, განათლების აკადემიის წევრი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

ქართული სასკოლო განათლების ქვაკუთხედად დიდი ხანია ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ ითვლება. უფრო მეტიც – ამ წიგნს დაკისრებული აქვს არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური ინდიდკატორის როლიც. საზოგადოების ერთი ნაწილი ითხოვს ამ წიგნის დაუყოვნებლივ დაბრუნებას სკოლაში. არც თუ იშვიათად მათ პოლიტიკოსებიც უერთდებიან და ამ წიგნს პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებენ. მეორეთათვის ი. გოგებაშვილი მხოლოდ წარსულთან და დრომოჭმულთან ასოცირდება, ცდილობენ მის დაუყოვნებლივ ჩანაცვლებას და ქართული წერა-კითხვის სწავლებაში უახლესი (ევროპული, ამერიკული) “ტექნოლოგიების” დანერგვას.

ი. გოგებაშვილის „დედა ენამდე“ (1876 წ) საქართველოში არაერთი ანბანის სახელმძღვანელო დაიბეჭდა. ავტორების ჩამოთვლით აქ თქვენს მკითხველს არ შევაწყენ. ცნობილია, რომ თავად ი. გოგებაშვილსაც “დედა ენამდე” უკვე ჰქონდა დაწერილი ქართველი ბავშვებისათვის “ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”, რომელიც პირველად 1865 წელს გამოიცა და „დედა ენის“ პარალელურად იბეჭდებოდა 1903 წლამდე. ანუ “დედა ენა” არ არის ი. გოგებაშვილის ერთადერთი სახელმძღვანელო ქართული ანბანისა, მაგრამ ერმა შეითვისა და შეიყვარა მხოლოდ “დედა ენა”. რაში უნდა ვეძებოთ ამისი მიზეზი? იმაში ხომ არა, რომ ამ წიგნს სახელწოდებად დიდმა პედაგოგმა ყველა ჩვენგანისათვის ძვირფასი სიტყვა “დედა ენა” შეურჩია? ან იქნებ იმაში, რომ სწორედ ეს წიგნი “დედა ენა” გადაამუშავეს მისმა მიმდევრებმა და ამით მას ახალი სიცოცხლე შთაბერეს?!

რაც შეეხება ტერმინს დედა ენა ქართული ენის ლექსიკონში მანამდეც არსებობდა მშობლიური ენის სინონიმად, იგი ი. გოგებაშვილს არ მოუგონებია. თავად ამ ტერმინის ენაში არსებობა უკვე მიგვითითებს იმაზე, რა უზარმაზარ დატვირთვას ანიჭებს ქართველი მშობლიურ ენას: ეს არის „ენა, რომლითაც ქართველი ბავშვი ქართული სოციუმის წევრი ხდება“. (გ. რამიშვილი, “დედაენის თეორია”, თბ. 2000, გვ. 70). დიდმა პედაგოგმა ჩათვალა, რომ სწორედ ეს სახელწოდება მოუხდებოდა ქართველი ბავშვის პირველ წიგნს და სწორედ მისი საშუალებით შეაღებდა მშობლიური ენის სამყაროში კარს. მოვუსმინოთ, რას წერს თავად დიდი პედაგოგი ამის შესახებ: “სადაც კი ჭეშმარიტი განათლების ლამპარი დანთებულა, დედა-ბოძად მას ჰქონია და აქვს დედა ენა, სწავლება დედა ენაზედ, როგორც საუკეთესო ღონე განვითარებისა და ცოდნის შეძენისა” (ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, ტ. 2, გვ. 233).

ავტორის სიცოცხლეში “დედა ენა” სულ 33-ჯერ გამოიცა. 1906 წლამდე (21-ე გამოცემამდე) იგი გამოდიოდა 2 წლის კურსით, ხოლო 1906 წელს იგი ავტორს გაუყვია ორ ნაწილად: 1. პირველი ნაწილი – “დედა ენა, პირველი ნაწილი პატარა მოთხრობებით და დედნით ყველა სარწმუნოების ქართველთათვის” და 2. “დედა ენა, მეორე ნაწილი, საკითხავი წიგნი, ანბანის შემდეგ სკოლებში სახმარებელი”. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნის 2-ად გაყოფის მიზეზი ის ყოფილა, რომ პირველი ნაწილი ყველა სარწმუნოების ქართველთათვის მისაღები უნდა ყოფილიყო: “წინათ ანბანში ერია ელემენტი მართლმადიდებელის ეკლესიისა, რომელიც ძლიერ უშლიდა ხელს გამაჰმადიანებულს ქართველებსა, ქართველ ებრაელებს და თვით ქართველ კათოლიკეთაც, ეხმარათ ეს ანბანი. ოცდაპირველს გამოცემაში ეს ელემენტი გამოვტოვეთ და ამით შესაძლებელი გავხადეთ ანბანის სწავლება ყველა სარწმუნოების ქართველთათვის” (ი. გოგ. დედა ენა, მეორე ნაწილი, წინასიტყვაობა, 1907 წ).

“დედა ენამ” პირველიდან 33-ე გამოცემამდე განვლო ცვლილებებისა და განახლების დიდი გზა: თანდათან იცვლებოდა საკითხავი მასალის ენა (უახლოვდებოდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს), საანალიზო სიტყვები (სიტყვები, რომელთა საშუალებითაც ბავშვი ახალ ასო-ბგერას სწავლობდა), საკითხავი და საწერი მასალა, გასაცნობ ასო-ბგერათა თანმიმდევრობა… მთავარი კი ის გახლდათ, რომ ი. გოგებაშვილი თავისი დროისათვის დიდი რეფორმატორი იყო, ფეხდაფეხ მისდევდა იმ სიახლეებს, რომელთაც ევროპული სკოლა სთავაზობდა თანამედროვეობას, ამავე დროს ითვალისწინებდა ქართული ენის თავისებურებებს, ჩვენი საზოგადოების ეროვნულ ფასეულობებს და არ ახდენდა ინოვაციური მეთოდების ბრმა კოპირებას.

1912 წლის შემდეგ ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელო იმ სახით, როგორც იგი ავტორმა დაგვიტოვა, ფაქტობრივად აღარ გამოცემულა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამოცემებს, რომლებიც სპონტანურად შეცვლილი სახელწოდებით ავტორის ინიციალებით გამოდიოდა ხოლმე 1925 წლამდე). 1925 წლიდან იგი ჩაანაცვლა ე.წ. „ამერიკული მეთოდით“ შექმნილმა საანბანო წიგნებმა.

თუმცა ვერც ერთმა ამ სახელმძღვანელოთაგან ვერ შეძლო შეესრულებინა ის ფუნქცია, რაც ქართულ საანბანო წიგნს ეკისრებოდა: ესწავლებინა მოსწავლისათვის გამართული კითხვა და წერა ენის ლინგვისტური თავისებურებებისა და პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, აღეზარდა მოსწავლეები იმ ფასეულობითი ღირებულებებით, რომლებიც ი. გოგებაშვილმა დაამკვიდრა. სწორედ ამის გამო ქართულ სკოლას კვლავ მოუხდა ი. გოგებაშვილის პრინციპებთან დაბრუნება. 1944 წელს სკოლებში შევიდა ნინო ბოცვაძისა და ეკატერინე ბურჯანაძის მიერ შედგენილი „დედა ენა“, რომელიც მთლიანად მისდევდა ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს, ამავე დროს მორგებული იყო საბჭოთა განათლების პრინციპებს. ავტორებმა შესანიშნავად მოახერხეს ი. გოგებაშვილის მემკვიდრეობის ადაპტირება თანამედროვეობასთან და ამ წიგნს ახალი სიცოცხლე აჩუქეს.

ეს წიგნი ქართულ სკოლას წარმატებით ემსახურა 1980 წლამდე. 1969 წელს საქართველოში დაიწყო ექსპერიმენტი 6-წლიანი ბავშვების სასკოლო განათლების პროცესში ჩართვისა. სასკოლო ასაკად განისაზღვრა არა 7 (როგორც ეს ადრე იყო), არამედ 6 წელი. ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა ექვსწლიანთათვის ანბანის სახელმძღვანელოს შექმნის საკითხი (როგორც ცნობილია, ი. გოგებაშვილის, ასევე ნ. ბოცვაძისა და ეკ. ბურჯანაძის “დედა ენებიც” 7-8 წლის მოსწავლეთათვის გახლდათ შედგენილი). ეს მისია ითავა ქართული ენის მეთოდიკის ცნობილმა სპეციალისტმა პროფ. ვალ. რამიშვილმა. 1969 წელს დაიბეჭდა ვალ. რამიშვილის მიერ შედგენილი “დედაენა” (და არა “დედა ენა”, როგორც ეს მის წინამორბედებს ჰქონდათ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ეს სიტყვა, როგორც ერთცნებიანი კომპოზიტი, იწერება ერთად). წიგნი მაქსიმალურად ითვალისწინებდა დიდი პედაგოგის მემკვიდრეობას, ამავე დროს მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, წიგნში მრავალი ცვლილება შევიდა როგორც საკითხავ და საწერ მასალაში, ისე – წერა-კითხვის პერიოდიზაციაში. გაიზარდა წინასაანბანო პერიოდი, შეიცვალა და რამდენადმე გამარტივდა საკითხავი მასალა, იგი მოვიდა სასწავლო პროგრამის მოთხოვნებთან შესატყვისობაში, შეიცვალა საანალიზო სიტყვები, ასო-ბგერათა თანმიმდევრობა, მაგრამ ბოლომდე დაცული იყო ის პრინციპები, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი და რომლებიც ი. გოგებაშვილმა დაამკვიდრა ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში.

ეს წიგნი რამდენადმე გადამუშავებული სახით ემსახურა სკოლას განათლების რეფორმამდე. 2006 წლიდან დაიწყო სასკოლო განათლების რეფორმა, რომელმაც არსებითად შეცვალა სასწავლო პროცესი, დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, ახლებური საგნობრივი სტანდარტები; სწავლა/სწავლების პროცესის მიმართ გაჩნდა ახალებური მიდგომები, შეიცვალა შეფასების სისტემა, დავალებათა ტიპები, რომელიც მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. წინა პლანზე წამოიწია არა ცოდნის დაგროვებამ (როგორც ეს ადრე იყო), არამედ მოსწავლეთა შეიარაღებამ სათანადო უნარ-ჩვევებით… „დედაენის“ სახელმძღვანელოც, ბუნებრივია, მათთან მოვიდა შესატყვისობაში ისე, რომ მაქსიმალურად გახლდათ დაცული ი. გოგებაშვილისეული საანბანო წიგნის პრინციპები.

ასე რომ, თუ გვინდა „დედაენის“ გადარჩენა და დიდი პედაგოგის მემკვიდრეობის შენარჩუნება, უნდა გავყვეთ მისეულ გზას. ეს კი პირველ რიგში გახლავთ:

ა) იმ პრინციპების დაცვა, რომლებიც იაკობ გოგებაშვილმა დაამკვიდრა და რომლებიც სრულ შესატყვისობაშია ქართული ენის ბუნებასთან, ფასეულობით ღირებულებებთან;

ბ) მისი მუდმივი განახლება და თანამედროვეობასთან ადაპტირება. მისი პირვანდელი სახით შეტანა გაუმართლებელია თავად დიდი პედაგოგის ხსოვნის მიმართ – იგი ხომ თავად მისდევდა ფეხდაფეხ სიახლეებს და იყო ქართული პედაგოგიური აზროვნების ნოვატორი.

დასასრულს კი ვიტყვი: საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ი. გოგებაშვილის მემკვიდრეობასთან ერთად დღეს გაქრობის გზაზეა შესანიშნავი ლექსიკური ერთეული „დედაენა“. დღეს იგი ბევრს მხოლოდ წიგნის სახელწოდება ჰგონია. ამ წიგნისა და ტერმინის გაქრობასთან ერთად კი ქართულ სკოლაში ქრება ის ეროვნული სული, რომელსაც საფუძველი ჩვენმა დიდმა განმანათლებლებმა ჩაუყარეს.

ასევე იხილეთ:

რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური