GE

განათლება ქართულად – სწავლაში ჩადებული ინვესტიცია, თუ ფუჭად დახარჯული თანხები?!

განათლების მიღება, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამბობენ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ყველაზე დიდი ინვესტიციააო. თუმცა, ღირს კი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის განათლებაში ჩადება? ღირს კი სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტებში კოლოსალური თანხების გადახდა, როცა საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტის დიპლომი არ არის ნოსტრიფიცირებული, ანუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული?! გამონაკლისი ამ შემთხვევაში არ არსებობს. გადაიხდი სახელმწიფო უნივერსიტეტში 2250 ლარს, თუ კერძო უნივერსიტეტის განათლებას მაქსიმუმ 9600 ლარის საფასურად მიიღებ, აღებული დიპლომი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების დამადასტურებელ საბუთს ოფიციალურად მაინც არ წარმოადგენს.

ამასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად წასული სტუდენტებისთვის, სადაც ისინი უბრალოდ არ მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სტუდენტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მისი მიღება- არ მიღების საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ სასურველი უნივერსიტეტის მოთხოვნებზეა დამოკიდებული და ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა.

იმავეს ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსი მაკა ციბაძე. მისი განმარტებით, ის რომ, გერმანიამ მათი სტუდენტები არ მიიღო, ეს არც საქართველოს და არც უნივერსიტეტის ბრალი არ იყო და არც მათი კომპეტენცია დგებოდა ამით ეჭვქვეშ. ეს იყო გერმანიის ბიუროკრატიული მოთხოვნის შედეგი. თუმცა, დღეისათვის აღნიშნული პრობლემის წინაშე სტუდენტები აღარ დგებიან და გერმანიაში მათი გაშვების საკითხი მიმდინარე წლის ზაფხულის შემდეგ მოგვარებულია.

“ეს გვეხებოდა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელს, რომლებმაც ავტორიზაციის რეჟიმში გაიარეს პროგრამული აკრედიტაცია, რადგან გერმანიის მხარე ითხოვდა არა მხოლოდ უნივერსიტეტის აკრედიტაციას, არამედ თითოეული პროგრამა ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო აკრედიტირებული. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილიც კი, რომელიც ამას ადასტურებდა, რომ უნივერსიტეტის ავტორიზაცია ნიშნავს ამ ავტორიზაციის პერიოდში ყველა პროგრამის აკრედიტაციას ავტომატურ რეჟიმში, მათთვის არ იყო მისაღები. თუმცა, პროგრამებმა ახლა უკვე ცალ-ცალკე გაიარა აკრედიტაცია და ამ ეტაპზე ეს საკითხი მოგვარდა”, – განუცხადა მაკა ციბაძემ Aris.ge – განათლებას.

დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარების პრობლემის არარსებობაზე საუბრობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი მაკა ბერაია, თუმცა, ამასთან ამბობს, რომ ერთეულ შემთხვევებში გარკვეული შეფერხებები მაინც არსებობს.

“საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღიარებისას გერმანული მხარე ეყრდნობა ვებგვერდზე – www.anabin.de – განთავსებული დაწესებულებების ნუსხას. აღნიშნულ ნუსხაში ისინი წინააღმდეგნი არიან იმ პროგრამების დამატებისა, რომელთაც არ აქვთ აკრედიტაციის პროცედურა გავლილი. ამ პრობლემის გადასაჭრელად ცენტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიასთან. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მსგავსი პრობლემა არ ატარებს მასშტაბურ ხასიათს და მხოლოდ ზოგიერთი პროგრამის კურსდამთავრებულს შეექმნა”, – განმარტავს მაკა ბერაია.

ბერაიას არ ეთანხმება განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში განათლების მისაღებად რამდენს გადაიხდი, ისწავლი კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედეგი ერთია – აქ გაცემული დიპლომი საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის.

“დღეს ჩვენი ქვეყნის განათლება აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების განათლების დონეზეა. ერთეული ახალგაზრდების წარმატება საერთაშორისო დონეზე გვიქმნის მცდარ შეხედულებას რომ ჩვენს განათლები სისტემას არაუშავს. განათლების სისტემის სახე არის საშუალო დონე როგორია და არა ცალკეული შემთხვევები. რომელ ევროპაზე ვსაუბრობთ?! საკითხის დასმაც კი სასაცილოა.

საზღვარგარეთ ვალდებულები არ არიან ჩვენი სტუდენტები მიიღონ. რადგან, აქ გაცემული დიპლომი სრულფასოვნად არ ითვლება და ყველამ იცის, რომ ფარატინა ფურცელია. თუმცა, დიპლომი რომ გაქვს ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ უდიპლომობას სჯობს, ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს რომ სანახევრო დიპლომი გაქვს, ვიღაცამ შეიძლება სულ არაფრად არ მიიჩნიოს. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული ვისთან მიდიხარ. აი, ნოსტრიფიცირებული რომ ყოფილიყო, მაშინ მათი უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომის ტოლფასი იქნებოდა”,- განუცხადა ზურაბ ვახანიამ Aris.ge -განათლებას და აქვე დასძინა, რომ საქართველოს უნივერსიტეტების ნაწილი შესაძლოა, პირადი კონტაქტების მეშვეობით იყოს ევროპის უნივერსიტეტების ნაწილისთვის ცნობილი და ამიტომაც მიიღონ აქედან გაგზავნილი სტუდენტები, თუმცა ესეც ერთეული შემთხვევებია.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარება არა მხოლოდ განათლების სამინისტრომ, არამედ თვითონ უნივერსიტეტმა უნდა მოუტანოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი Aris.ge-განათლებასთან საუბარში ამბობს, რომ “დღეს ქვეყანაში საჭიროზე მეტი სტუდენტი და უნივერსიტეტია, სწავლის დონე კი დაბალია, რის გამოსასწორებლადაც უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი”.

სტუდენტების თითქმის უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მათი დიპლომი საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული, რომ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, შესაძლოა, რიგი პრობლემები შეექმნათ და განათლების სამინისტრო ამ ყველაფრის არათუ გამოსწორებას არ ფიქრობს, არამედ ამაში პრობლემას ვერ ხედავს და დაბრკოლების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნებს აბრალებს. რეალურად კი, პრობლემა ქართული განათლების დონის საერთაშორისო განათლების დონესთან აბსოლუტური შეუთავსებლობა და ხარისხობრივი აცდენაა, რომლის გამოსწორებაზეც ფიქრი ექსპერტთა აზრით, ჯერ დაწყებულიც არ არის.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური