GE

განათლების ფორუმი: ხარისხის უზრუნველყოფა და ინტერნაციონალიზაცია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის აკრედიტაციის ორგანიზაციის (ASIIN) ორგანიზებით 2-3 აპრილს განათლების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე განსახილველ ძირითად თემას წარმოადგენდა განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ასევე განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ფორუმი გაიმართა ტემპუსის მიერ მხარდაჭერილ პროექტ “უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის” ფარგლებში. (PICQA) პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;

ფორუმს ესწრებოდნენ პროექტში ჩართული მხარეები: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ტემპუსის ეროვნული ოფისის, საქართველოსა და სომხეთის პარტნიორი უნივერსიტეტების, ASIIN-ის, როტერდამის უნივერსიტეტის, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლისა და რაინ-ვაალის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფორუმის პირველ დღეს ევროპელმა კოლეგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: პროექტის შედეგების, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში უნივერსიტეტების როლის შესახებ.

ფორუმის მეორე დღე PICQA-ს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის დისკუსიით დაიწყო. შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც იმსჯელეს შედეგებზე ორიენტირებული კურიკულუმების, განათლების სისტემაში აკრედიტაციის როლისა და პროექტის მდგრადობის საკითხებზე. სამუშაო ჯგუფებიდან მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.

ფორუმის ბოლოს მონაწილეებმა ორდღიანი შეხვედრა შეაჯამეს. PICQA-ს პროექტი 14 აპრილს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური