GE

განათლების კომიტეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ანგარიშს მოისმენს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ნანა გაბელიას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გივი მიქანაძემ მინისტრს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და განათლების მიმართულებით თემატური მოკვლევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გივი მიქანაძემ და ნანა გაბელიამ კომიტეტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ წელს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საკომიტეტო მოსმენაზე, სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.

თავის მხრივ, მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს სამინისტროს საქმიანობა გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების კომპონენტზე გაამახვილა. ნანა გაბელიამ სამინისტროს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და იძულებით ადგილნაცვალთა მხარდასაჭერად ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური