განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
მიხეილ ჩხენკელი ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გამართულ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩხენკელი 2017 წელსაც სწორედ 13 ნოემბერს დაინიშნა მინისტრად.
მისი ვრცელი ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება. მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.
მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება