განათლების მიმართულებები 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში – დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კანონმდებლებმა მთავრობის შემადგენლობა უნდა აირჩიონ.
პროგრამაში განათლებას ცალკე თავი ეთმობა და სამომავლო გეგმებიც მიმართულებების მიხედვით ცალ-ცალკეა ჩამოყალიბებული.
გთავაზობთ განათლებასთან დაკავშირებით პროგრამაში არსებულ ჩანაწერს:
განვითარებული ადამიანური კაპიტალი სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების სისტემის არსებობა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების რეფორმა მოითხოვს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას, რაც გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით ერთიან მიდგომას, რათა რეფორმის შედეგი იყოს ეფექტიანი და ხელშესახები.
შესაბამისად, საქართველოს განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს.
ამასთან, განიხილება კულტურისა და სპორტის მიმართულების ცალკე ინსტიტუციურ ერთეულად გამოყოფა.
ადრეული და სკოლამდელი განათლება
სკოლამდელი განათლების მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო. განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად.
გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.
არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რაიონში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.
შეიქმნება 1-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა.
გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასრულდება 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება.
ზოგადი განათლება
მთავრობის პრიორიტეტი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში:
.მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.
•დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
•შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.
•გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, გადამუშავდება საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება.
•კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები გაივლიან მომზადებას შესაბამის საკითხებში.
•გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით.
•მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
•ფართო მასშტაბით დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში.
•განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი.
•დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
•სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამები.
•შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.
•ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.
•გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. 2021 წელს გაგრძელდება სრულად ადაპტირებული 57 ახალი სკოლის მშენებლობა და 91 ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია, სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2021 − 2024 წლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის, 2021-2022 წლებში დასრულდება 47 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია.
უმაღლესი განათლება
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
•გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.
•შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.
•განხორციელდება ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები.
•შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.
•სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას.
•გაგრძელდება პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველში“.
•ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის, გაგრძელდება მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.
•საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე.
•გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.
პროფესიული განათლება
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამ მიზნით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
•გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი.
•შემუშავდება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021 და შემდგომი წლების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები.
•საჯარო-კერძო პარტნიორობით დაინერგება პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი; დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის როლი იქნება გადამწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების პროცესში.
•გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამების ხელმისაწვდომობა, შემუშავდება პროფესიული განათლების მიღმა მყოფი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიკაციისა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმები.
•დამტკიცდება პროფესიული განათლებისმასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი.
•ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი.
•პროფესიული განათლების ხარისხისუზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი; დაინერგება კრედიტების ახალი, ევროპული სისტემა და კერძო სექტორის მიერ/მონაწილეობით პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების მოდელი.
•გაიზრდება დუალური და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; განისაზღვრება მოკლე ციკლის პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო, დაიწყება მათი დანერგვა და სტუდენტთა მიღება პროგრამებზე; გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები.
•დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაფართოვდება აღიარების მასშტაბები.
•პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად და ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად.
•დაინერგება პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროფესიული განათლების ახალი პორტალი.
•ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა, 2 სტუდენტური საცხოვრებლის განვითარება, 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაცია. საჭიროების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება. განხორციელდება ღონისძიებები არსებული გეოგრაფიული ქსელის საჯარო-კერძო ფორმატში გაფართოების მიზნით; სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაძლიერდება პროფესიული განათლების მიწოდება.
მეცნიერება
შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა.
გათვალისწინებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (შთEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა, ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობა გახდება უპირატესი ზრუნვის საგანი.
გათვალისწინებულია გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესის გაძლიერება.
მომდევნო წლებში გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომლეთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი.
ქართველ მკვლევართა ყველა თაობის გადამზადების, მათთვის ახალი ცოდნის მიწოდების, ახალი კომპეტენციების გამომუშავების, მათი თანამედროვე გლობალურ სამეცნიერო სივრცეში უკეთ ორგანიზების მიზნით, განხორციელდება პროექტი −„მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა“.
დაიხვეწება მეცნიერების მართვის სისტემა,სახელმწიფო განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს და იზრუნებს საქართველოში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ხელი შეეწყობა საერთაშორისოჩარჩოპროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში სამეცნიერო ინსტიტუციებისა და კვლევითი ჯგუფების აქტიურ ჩართულობას და ორმხრივი და მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას, შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები; ხელი შეეწყობა ქართველი მკვლევრების ჩართულობას ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში.
გაუმჯობესდება სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება