GE

განათლების მინისტრი საკუთარ ხედვას განათლების კომიტეტის წევრებთან, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს

28 აპრილს, დილის 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც დეპუტატებს საკუთარ ხედვას გააცნობს.

ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მის მიერ გამართულ პირველ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართება კომიტეტის სხდომაც.

“მე მქონდა მინისტრთან კომუნიკაცია და შევთანხმდით, რომ 28 აპრილს, მინისტრი მოვა კომიტეტზე და წარმოგვიდგენს თავის ხედვებს, თუ რა მიმართულებებით ექნება მუშაობა და რა მიმართულებებზე ექნება მაქსიმალური აქცენტები. ეს იქნება სამუშაო შეხვედრა და არა საკომიტეტო ფორმატი. 12:00 საათზე უკვე გვექნება კომიტეტის სხდომა, რომელზეც ჩვენ მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, გარკვეული კანონპროექტები არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ სანამ 28 დადგება, სავალდებულო კომიტეტებზე მოხდება ამ კანონპროექტების განხილვა, რაც ჩვენ, როგორც წამყვან კომიტეტს, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ 28-ში სხდომა ჩავატაროთ და შევძლოთ ამ კანონპროექტების უფრო სიღრმისეული განხილვა. ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება, მინისტრის რომელი მოადგილე იქნება საპარლამენტო მდივანი, იმიტომ, რომ ჯერ არ არის კონკრეტული მინისტრის მოადგილე დელეგირებული საპარლამენტო მდივნის ფუნქციით, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ მომხსენებელი იქნება. (აქამდე, ამ პოზიციაზე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვალერიან გობრონიძე იყო წარმოდგენილი. ავტ.)”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღეს გამართულ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობა განათლების სამინისტროს პატრონაჟით წარიმართება და ამის გათვალისწინებით, უნდა განახლდეს კომიტეტის სამოქმედო გეგმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური