GE

პარლამენტმა პროექტი აღარ დაახარვეზა – „უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი განხილვის ეტაპზე გადავიდა“

2 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა დააინიცირეს. საუბარია ჯერ კიდევ 2026 წლის მაისში საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ ინიციატივაზე, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.

კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას და შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.

“საქართველოს კანონის პროექტს განვიხილავთ ასევე “ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აქ წამყვანი კომიტეტი იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო კომიტეტი კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი”, – განაცხადა დღეს გია ვოლსკიმ, ბიუროს სხდომის წამყვანმა ვიცე სპიკერმა.

25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა ინიციატორებს ხარვეზების არსებობის მიზეზით ორჯერ დაუბრუნა უკან, დღეს კი ის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, თათა ვერულაშვილი საკითხს ასე გამოეხმაურა: “ბიუროზე ჩამოთვალეს კომიტეტები, რაც ნიშნავს, რომ უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი განხილვის ეტაპზე გადავიდა! ყველა რეალური და არარეალური ხარვეზი გავასწორეთ!”.

ამავე თემაზე:

„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური