GE

განათლების მინისტრმა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებისა და განვითარების ახალი წესი დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, რომელიც დღეს, 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, განისაზღვრა “პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი”.

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება მისანიჭებელი კვალიფიკაცია, შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომლებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის მისანიჭებლად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და ამ პროგრამის განხორციელების წინაპირობები, დასაქმების სფეროები და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები სამართლებრივ ძალას ინარჩუნებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ძალაში შესვლამდე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილების შეტანაზე და მათ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა პროფესიული უნარების სააგენტო.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – ბრძანების სრული ვერსია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm