განათლების სამინისტრო პროფესიის მიხედვით დიფერენცირებული სასწავლო გრანტების შემოღებაზე მუშაობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა დიფერენცირებული სასწავლო გრანტების შემოღების შესახებ, რომელ მიდგომასაც მომავალში უკვე უნივერსიტეტებთან ერთად დაამუშავებენ.
საკითხზე მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იყო დასმული და ესეც, აბსოლუტურად, სწორი გზაა, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის დიფერენცირებული სასწავლო გრანტები. ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს უნივერსიტეტების კუთხით. ჩვენი ხედვა არის სწორედ ის, რომ დღევანდელი დაფინანსების მოდელი არის სტანდარტული, რომელიც არ პასუხობს მოთხოვნებს, ვინაიდან დღევანდელი, თუნდაც 100%–იანი გრანტი, რომელიც სახელმწიფოსგან დადგენილია ბევრი წლის წინ, ბევრი პროფესიისთვის ეს არის პრობლემური. პრობლემურია იმდენად, რამდენადაც არის სფეროები, სადაც დაფინანსების ამოცანას, შიდა სასწავლო აკადემიური ნაწილისას ის წყვეტს, მაგრამ არის პროფესიები, სადაც ვერანაირად ვერ წყვეტს და მეტიც, სამჯერ–ოთხჯერ ჩამორჩება იმ მოთხოვნას. ამიტომ, ჩვენი ხედვაც არის, რომ შევიმუშაოთ დიფერენცირებული გრანტები პროფესიების მიხედვით და მოხდება ამის უზრუნველყოფა და მიბმა იმ კონკრეტულ პროფესიებთან და მიჰყვება კონკრეტულ სტუდენტს“, – აღნიშნავს მინისტრი.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, არ არის მისაღები, რომ სასწავლო გრანტი რეჟისურის და იურიდიული მიმართულების სტუდენტს იდენტური ჰქონდეთ და ის პრინციპი, რომლითაც ამას დღეს უმაღლესი სასწავლებლები აბალანსებენ, არასწორია.
„ჩვენ ვფიქრობთ, ორი იმ მიმართულებით, რომ ეს იყოს ორიენტირებული როგორც სტუდენტზე, ასევე იმ პროფესიაზე და საგანმანათლებლო პროგრამაზე. ჩვენთან მუშაობა დაწყებულია, ძალიან რთული პროცესია, მაგრამ დაწყებულია პროფესიული შეფასებები, რომ შემდეგ უნივერსიტეტებთან დავიწყოთ მუშაობა და საუბარი დაახლოებით რა რესურსთან შეიძლება გვქონდეს საქმე, როგორიც არის მაგალითად იგივე მედიცინის სფერო, სახელოვნებო სფერო, რეჟისურა და სხვა ძალიან ბევრი სფერო, სადაც გრანტები უნდა იყოს აუცილებლად დიფერენცირებული.
„დღევანდელი 100%–იანი დაფინანსების ჭერი, რომელიც დღეს არის ვირტუალური და როგორც ვთქვი, ზოგ შემთხვევაში პასუხობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვერ პასუხობს პროგრამის მოთხოვნებს, და პირიქით, ეს არ უნდა იყოს სტანდარტული, არამედ უნდა იყოს იმ პროგრამის ამოცანაზე მორგებული, რასაც პროგრამა ითხოვს. არ შეიძლება რეჟისორი და იურისტი ფინანსურ ჭრილში ერთი ჭერის პრინციპზე იყოს მორგებული და იღებდეს ერთი ტარიფით დაფინანსებას. შესაბამისად, გიდასტურებთ, რომ ამაზე ნაფიქრი გვაქვს და ვმუშაობთ, რომ დიფერენცირება აუცილებლად მოხდეს, ვინაიდან ისე ჩვენ ბევრი სფეროს, მაგალითად სახელოვნებოს ან სასპორტო, რომელიც ძალიან ძვირია განვითარებას ვერ მივაღწევთ. უნივერსიტეტები დღეს შიდა ბალანსით, პროგრამიდან–პროგრამაზე აბალანსებენ ასეთი პროგრამების მიწოდებას, რაც ასე არ უნდა ხდებოდეს და პირიქით, პროგრამების მიხედვით უნდა ისაზღვრებოდეს გრანტი და ეს საკითხები“, – აღნიშნა მინისტრმა.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება