განათლების სამინისტრომ ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმება გადაიფიქრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაანონსებული გაუქმება გადაიფიქრა.
ჩხენკელის უწყება დუმს უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის თაობაზეც, რომელზეც ასევე უნდა ყოფილიყო მიბმული ზემოხსენებული ფაკულტეტები.
“ეს ფაკულტეტები არ უქმდება. იმისათვის, რომ პროგრამა კიდევ უფრო ეფექტური იყოს, მიმდინარეობს პროგრამის განხორციელების მექანიზმების დახვეწა”, – გვპასუხობენ განათლების სამინისტროში წინა მინისტრის დროს არაერთგზის გაკრიტიკებულ და წარსულის შეცდომად აღიარებულ პროგრამაზე.
პირველი განცხადება, უფასო ფაკულტეტების შესახებ წინა და გაუქმებებით ცნობილმა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების წესში ცვლილებები უნდა შევიდეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი 2019-2020 წლიდან დაინერგებოდა და უფასო ფაკულტეტების მანკიერი ფორმაც აღარ იარსებებდა.
“უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული და ერთ-ერთი მთავრი, რაც კეთდება ამ კუთხით, ეს არის ის რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკი და მათან ერთად ვმუშაობთ”, – ამბობდა მინისტრი პარლამენტში.
სამინისტრომ საზოგადოებას არც ის უთხრა საბოლოოდ რა თქვა მსოფლიო ბანკმა უფასო ფაკულტეტების არსებულ მოდელზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბატიაშვილის მინისტრობა ჯერ დასრულებულიც არ იყო, როცა ირინე აბულაძე, მისი და დღევანდელი მინისტრის მოადგილე, უკვე სხვანაირად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სამინისტროს სურს, ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული არც უნივერსიტეტებისთვის და არც სტუდენტებისთვის.
„ახლა ვართ ბიუჯეტის განხილვის პროცესში, დიდი აჟიოტაჟია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად დეპუტატი სერგო რატიანი ითხოვს, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდეს და რაღაცა შეიცვალოს. არსებობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ამ უფასო ფაკულტეტების სტუდენტების პრაქტიკულად ნახევარი არ ამთავრებს უნივერსიტეტს, ან არ ასრულებს იმ პროგრამას რაზეც ჩაირიცხა, ჩვენი მესიჯი ამ ეტაპზე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს დასკვნა და ეფექტიანობის თვალსაზრისით მართლა პრობლემებია, რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების მოდელის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. უნდა უზრუნველვყოთ რომ ცვლილებები იყოს ეტაპობრივი, რომ არ დაარტყას, კონკრეტულად სტუდენტს და უნივერსიტეტს. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა რა ფორმით იქნება. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად სტუდენტების დაფინანსების ნაწილში ცვლილება არ იქნება, ბიუჯეტში ეს თანხა მოაზრებული არის, თუმცა განხორციელების ეტაპი და მექნიზმები შეიძლება შეიცვალოს“, – ამბობდა ირინა აბულაძე ოქტომბრის დასაწყისში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, რომელიც 2013-2018 წლების ანალიზს მოიცავს, ეს მოდელი არაეფექტურია და არ არის ორიენტირებული ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
იხილეთ რას ამბობს აუდიტის სამსახური
ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმება ლამის მისი შექმნის შემდეგ სურთ სხვადასხვა მთავრობას, თუმცა ყველაზე დამაიმედებელი მაინც წინა განათლების მინისტრის პოზიციები იყო, რომელიც ამაში მსოფლიო ბანკსაც რთავდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმაც, ისევე როგორც ბევრი რამ ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ, გადაიფიქრეს. რადგან ახლანდელი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზების შესახებ ვერც მინისტრ ჩხენკელს და ვერც მის მოადგილეს ამ მიმართულებით ნუნუ მიცკევიჩს ვეკითხებით, ერთი საერთო პასუხი გვრჩება: წინ საარჩევნო წელია.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება