GE

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დისტანციური სწავლების ეფექტიანობის შესახებ ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, დისტანციური სწავლების პირობებში, მოსწავლეებისთვის სათანადო რესურსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყნის მასშტაბით არიან მოსწავლეები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამინისტრო არ ფლობს სრულ და სანდო ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობაზე.

როგორც 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყო ზოგადი განათლების სისტემამ საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა და აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.

“საქართველოში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს და განათლების სამინისტრომ იმავე პერიოდში უზრუნველყო მოსწავლეები დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმით, თუმცა სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მოსწავლეთა რა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი. რაც შეეხება სკოლებში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ემისი) სერვისს უწევს ჯამში − 32,026 კომპიუტერს. ემისის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობიდან დამაკმაყოფილებელი ტექნიკური პარამეტრებითაა 16,184 ერთეული. შესაბამისად, დაახლოებით, 50% იდენტიფიცირებულია, როგორც მოძველებული და ხარვეზებით მომუშავე”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, აუდიტის მიზანია, რომ შეაფასოს გაუთვალისწინებელი მოვლენებისათვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მზაობა, პანდემიის დროს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით მათ მიერ გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა და მიღებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობები.

“სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას.

“აუდიტის პერიოდისათვის სამინისტროს მიერ არ იყო შემუშავებული საგანგებო გეგმა ან მსგავსი შინაარსის მატარებელი სხვა დოკუმენტი, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა საგანგებო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში პოტენციური პრობლემები, შეფასდებოდა პრობლემების გავლენა განათლების სისტემაზე და განისაზღვრებოდა ამ გავლენის შერბილებისაკენ მიმართული ღონისძიებები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს რომ, მნიშვნელოვანია, სამინისტროში არსებობდეს პროცესი, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება პანდემიის ზეგავლენა ზოგად განათლებაზე, შეფასდება კრიზისიდან გამოსვლის გზები და დროულად მოხდება იმ მოვლენებზე რეაგირება, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოწვევა იქნება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემისთვის.

დისტანციური სწავლებისას საჭირო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებს შორის:

დისტანციური სწავლებისას საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში სახელმწიფო აუდიტი იმასაც წერს, რომ გარდა პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში გადაცემული კომპიუტერებისა, მსოფლიო ბანკმა 2021 წელს სკოლებისათვის გადასაცემად შეისყიდა 6,350 ნოუთბუქი, რომლებიც აუდიტის პერიოდისათვის სრულად იყო დარიგებული სკოლებში, თუმცა აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის გამოკითხვა და აღნიშნული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული გარკვეული ნაწილისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე:

  • დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გაუმართავი კომპიუტერი და ინტერნეტი დაასახელა 54 მშობლიდან 19-მა, ინტერნეტთან წვდომა კი − 28-მ, ხოლო გამოკითხული სრულწლოვანი 113 მოსწავლიდან 44-ს ჰქონდა − კომპიუტერის და 61 მოსწავლეს − ინტერნეტის პრობლემა;
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 127-მა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების დროს ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე; პრობლემის იშვიათობაზე მიუთითა 169 გამოკითხულმა, ხოლო მსგავსი შეფერხება არასოდეს ჰქონია 16 მასწავლებელს. დისტანციური სწავლების დროს ძირითად პრობლემად გამოკითხული 312 მასწავლებლიდან, 56-მა დაასახელა მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში, ხოლო 33-მა − ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა;
  • 309 მასწავლებლიდან 52 ონლაინ სწავლების დროს ისურვებდა ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას, 42 კი − კომპიუტერით ან/და ინტერნეტით მოსწავლის უზრუნველყოფას;
  • გამოკითხული 81 მშობლიდან 31-მა აღნიშნა, რომ მათ შვილებს კომპიუტერთან წვდომის პრობლემა ძალიან იშვიათად ჰქონდათ, ხოლო 24-ს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრობლემა. 18-ს − პერიოდულად, ხოლო საკმაოდ ხშირად და ძალიან ხშირად აღნიშნული პრობლემა ექმნებოდა, შესაბამისად, 5 და 3 მოსწავლეს;
  • გამოკითხული 183 სრულწლოვანი მოსწავლიდან ინტერნეტის პრობლემები ძალიან ხშირად ჰქონდა 14 მოსწავლეს, საკმაოდ ხშირად − 26-ს, პერიოდულად − 67-ს, 50-ს − ძალიან იშვიათად, ხოლო 26-ს მსგავსი პრობლემა არასოდეს ჰქონდა.

სამომავლო გეგმისა და დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში აუდიტი განათლების სამინისტროს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს:

რეკომენდაცია დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის: სამინისტრომ უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე, სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი განისაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები.

რეკომენდაცია საგანგებო გეგმის შემუშავების შესახებ: გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

ასევე იხილეთ:

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური