სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას
თემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ჩვენი რესპონდენტებისთვის იმდენად მტკივნეულია, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველსაც კი ხედავენ. აბიტურიენტებისა და სტუდენტების ცოდნის დონე, მათი თქმით, ყოველწლიურად შესამჩნევად იწევს ქვემოთ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებამდე სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომზადებული ახალგაზრდები მიდიან. თუმცა, ამის წაკითხვის შემდეგ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უნივერსიტეტებში ჩამბარებელთა რაოდენობა ამის შესაბამისად მცირდება. ლოგიკური იქნებოდა, თუმცა ასე არაა. აქ უკვე ჩნდება კითხვა – თუკი მოსწავლეების ცოდნის დონე იკლებს, მაგრამ უნივერსიტეტებში მაინც იმდენივე აბარებს, სად მარხია ძაღლის თავი? და დიდი გამჭრიახობა არ იქნება საჭირო სწორი პასუხის მისაგნებად – ერთიან ეროვნულ გამოცდებში და არა მხოლოდ.
ეროვნული საგამოცდო სისტემა რომ მოძველდა და ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს, ახალი არავისთვისაა და ჩვენი გვერდის მკითხველს არაერთხელ მისცემია ამ თემაზე დაწერილი პუბლიკაციების გაცნობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს სტატია არა საგამოცდო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, არამედ იმ შედეგებზეა, რაც ძირეული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, მასში კოსმეტიკური ცვლილებების შეტანითა და ამას დამატებული, დისტანციურ სწავლებითაა სახეზე, რამაც ყველაფერში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.
ბოლო წლებში, სხვადასხვა საგნის ტესტებში, გარკვეული ცვლილებები მუდმივად შედის და სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილებები ტესტებს დიდწილად ამარტივებს. შესაბამისად, უსამართლობა არ იქნება, თუ ვიეჭვებთ, რომ ცვლილებების მიზანიც სწორედ ესაა – ტესტების გამარტივება და ამ გამარტივებით მოსწავლეებში დისტანციური სწავლების ფონზე კლებადი ცოდნის დონის დაფარვა – არ მცირდება უნივერსიტეტებში ჩამბარებელთა რაოდენობა, არ არსებობს პრობლემა. ამ მოსაზრებას კი, ოდნავ ქვემოთ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე დაყრდნობით გავამყარებთ.
გამარტივებისკენ მიმართული საგამოცდო ცვლილებები, არაეფექტური სასკოლო განათლება და დისტანციური სწავლებით გაღრმავებული უფსკრული – ამ სამ ძირითად კომპონენტს, კიბის სამ მთავარ საფეხურს მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ. მიმოვიხილოთ სამივე მათგანი:
მართლაც გამარტივდა ტესტები?
„საგამოცდო ტესტები ქართულ ენაში ისე გაიოლდა, ნებისმიერს შეუძლია მინიმალური ზღვარი გადალახოს“, – ეს სიტყვები მანანა მაისურაძეს ეკუთვნის, რომლის ნააზრევიც EDU.ARIS.GE-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომელიც იმაზე საუბრობს, თუ რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა წლების განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში, რამაც მისი გამარტივება და თავდაპირველი ვერსიისგან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორება განაპირობა. კერძოდ, ტესტს ჯერ კითხვები ჩამოსცილდა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, მერე – ესე, რომლის დაწერის დროსაც მოსწავლეების აზროვნება და მომზადება ჩანდა და დარჩენილი დავალებებიც გამარტივდა. შედეგად, ქალბატონი მანანა ასკვნის, რომ „სწავლების ხარისხი განახევრდა, თუმცა ახალი მოცემულობით, თითქმის ყველას შეუძლია, ქართულის გამოცდაზე მინიმალური ზღვარი გადალახოს.“
ქართული ენასა და ლიტერატურაში ტესტები რომ გამარტივდა, ამაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ეკატერინე შარაშიძეც საუბრობს. რეალურად, მისი თქმით, ლიტერატურული ტექსტის ანალიზს ბევრი დააკლდა, კერძოდ, პერსონაჟის დახასიათება, მისი ქცევა, მოტივის ახსნა… მხატვრული ხერხები კითხვებში გადავიდა და ბოლოს და ბოლოს, აბიტურიენტი, არჩევითპასუხიანი კითხვებიდან გამორიცხვის მეთოდითაც დაადგენს პასუხს.
„ე.წ. თამასამ თუ დაიწია და უფრო მეტს ექნება უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის საშუალება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. მოდით, გულწრფელად ვისაუბროთ, რამდენი აბარებს და რამდენი ასრულებს უმაღლეს სასწავლებელს? ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მრავალ ახალგაზრდას უბიძგებს, რომ აიღოს აკადემიური და იმუშაოს. ამის შემდეგ მიბრუნებულთა რაოდენობა კი ძალიან ცოტაა. არ ვფიქრობ, რომ ტესტების ფორმატის შეცვლა რამე განსხვავებულ სურათს მოგვცემს. ადრეც ვამბობდი, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ რჩეულებს შეძლებოდათ და სახელმწიფოს უზრუნველეყო მათი დასაქმება, მაგრამ აქ სხვა თემებიც იკვეთება, ფაქტობრივად, მეტი პირველკურსელი, მეტ დაფინანსებასთან ასოცირდება და თუ ყველას არ მისცემენ სტუდენტად გახდომის საშუალებას, უმაღლესი სკოლის მასწავლებლები შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ზუსტად ვიცი, რომ ეს სიტყვები ბევრს აღაშფოთებს, მაგრამ ჩემი მიზანი კომპლიმენტარულ საზოგადოებასთან მსგავსების პოზიტიური საზრისების ფრქვევა არაა. მე იმ რეალობას ვამბობ, რომელიც დღეს გვაქვს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ მოცემულობას გვიდგენს მთელი სიცხადით“, – ამბობს ეკატერინე შარაშიძე.
ზოგადი განათლების დონეზე საუბრისას კი იგი განმსაზღვრელ ფაქტორად, დიდწილად, დისტანციური სწავლებასაც ასახელებს. შესაბამისად, პრობლემას კომპლექსური მიზეზები აქვს და საქმე არც ისე მარტივადაა.
„ეს პრობლემა სკოლიდან იწყება და უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება. რატომ აკრიტიკებენ სკოლას? ალბათ იმიტომ, რომ სკოლაა კატალიზატორიც და ლაკმუსის ქაღალდიც, სადაც ყველაფერი უზუსტესად და მთელი სიცხადით ვლინდება“, – დასძენს პედაგოგი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი, ნათელა მაღლაკელიძე კი უკვე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ყველა ზემოთხსენებული პრობლემების, პანდემიის, სკოლის თუ საგამოცდო სისტემის ნაკლოვანებების გამო მოუმზადებელი მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრით დგება. განმარტავს, რომ მისი გამოცდილება შემდეგ სურათს აჩვენებს: ყოველწლიურად, უნივერსიტეტში, პირველკურსელები სულ უფრო და უფრო სუსტ მომზადებას აჩვენებენ.
„პირველკურსელთა ცოდნის დონე, ყოველ წელს, კატასტროფულად იკლებს. მათ ძირითად ნაწილს ახლადდამთავრებული აქვს სკოლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახა კიდეც მინიმალური ბარიერი. ცოდნის დონე და სასწავლო უნარ-ჩვევები კი, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ყოველ წელს, აუდიტორიაში, სასკოლო განათლების უარესი და უარესი შედეგი მხვდება.
„მოგეხსენებათ, სასკოლო რეფორმას პირველი სწორედ ქართული ენის (გრამატიკა) სწავლება შეეწირა. წლების განმავლობაში იგი ლიტერატურულ მასალასთან იყო ინტეგრირებული, მასწავლებელს კი არც დრო რჩებოდა, არც სურვილი, რომ მშობლიური ენის სწავლებისათვის სათანადო დრო დაეთმო. ამიტომაც არის, რომ ჩემი პირველკურსელების დიდი ნაწილი ენობრივ მასალას დაწყებითი სკოლის დონეზეც კი ვერ ფლობს (არადა, მომავალში მოსწავლეებს ქართული ენა სწორედ მათ უნდა ასწავლონ). ამას ყველა ლექტორი აღნიშნავს კერძო საუბარში, ხმამაღლა თქმას კი ერიდებიან. მხოლოდ სასკოლო გრამატიკის ცოდნაზე არ ვსაუბრობ. დიდად არც ზოგადი განათლებითა და ნაკითხობით გამოირჩევიან. კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ – რამდენიმე წლის წინ ჩვენი შუალედური გამოცდა 9 აპრილს დაემთხვა. სტუდენტებმა სასწრაფოდ შემახსენეს: მაგ დღეს ვისვენებთო. ვიკითხე: თუ იცით, რატომ ვისვენებთ ამ დღეს, რა მოხდა 9 აპრილს-მეთქი. წამოიდგინეთ, 40-კაციან აუდიტორიაში ერთმაც ვერ გამცა პასუხი. ვიღაც იტყვის, სამაგიეროდ, ამ თაობამ ახალი ტექნოლოგიები აითვისა კარგადო, მაგრამ არც ასეა საქმე. იცით, რამდენი პირველკურსელი ელემენტარულ დონეზეც კი ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს?“ – გვიყვება ნათელა მაღლაკელიძე.
პროფესორი იხსენებს სასკოლო განათლების რეფორმას და მის ფარგლებში გავლილ თითოეულ ეტაპს – ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნას, სკოლის სახელმძღვანელოების გადამუშავებას, შეფასების სისტემის შეცვლას, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემების ამოქმედებას, რაც პედაგოგის პროფესიულ განვითარებას ისახავდა მიზნად და ა.შ დღეს უკვე, ჩვენი რესპონდენტის თქმით, გვაქვს ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები, გვყავს სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლები, რომელთაც წარმატებით დაადასტურეს პროფესიული კომპეტენციები, მაგრამ აქვე სვამს კითხვას – „შედეგად რა მივიღეთ“?
„ჩემი სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას (პედაგოგიური მიმართულება მაქვს მხედველობაში) დამთავრებული აქვს საჯარო სკოლა, არასდროს არ ჰყოლია რეპეტიტორი. იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მოვიდა, რაც სკოლამ მისცა. გადალახა მინიმალური ბარიერი და გახდა სტუდენტი. რა გამოვიდა, დღევანდელი სკოლა რეპეტიტორზე დგას? ვისაც რეპეტიტორი არ ჰყავს, ის ვერც სათანადო ცოდნას იღებს? გამოაცალეთ დღევანდელ სკოლას რეპეტიტორი და ნახავთ, რას მიიღებთ. მაშ, რა შედეგი მოგვიტანა ამდენმა რეფორმამ? რატომ ვერ მისცეს სერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა მოსწავლეებს სათანადო ცოდნა? რისთვის იხარჯება ამდენი თანხა, ამდენი გრანტი რისთვის მოვიზიდეთ? რისთვის ტარდება ამდენი ტრეინინგი? გულახდილად ვთქვათ – განათლების სფეროში ამდენი ფინანსები არასოდეს ყოფილა ჩადებული, როგორც ეს დღესაა. შედეგი?
„რთულია ზუსტად დაასახელო რა პერიოდიდან გახდა ეს შესამჩნევი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. რა თქმა უნდა, დისტანციურმა სწავლებამაც გარკვეული კვალი დაატყო ჩვენი მოსწავლეების ცოდნას, მაგრამ ისიც ვთქვათ, გვქონდა კი მაშინ სხვა გამოსავალი? „ონლაინ“ განათლების შედეგსაც ალბათ მალე ვიხილავთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ბარიერის დაწევას, ტესტების გამარტივებას, ამაზე მოკლედ გეტყვით: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ მოწმდება ის ცოდნა, რაც აბიტურიენტებმა სკოლაში მიიღეს. ამიტომაც, იგი ერგება რეალობას. სკოლაში რომ სწავლების დონე უფრო მაღალი იყოს, დამიჯერეთ, არც ტესტები გამარტივდებოდა და არც ბარიერი დაიწევდა. წარმოიდგინეთ, რამდენი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი დარჩებოდა სტუდენტის გარეშე, ეს თამასა რომ ასწიონ“, – ამბობს ნათელა მაღლაკელიძე.
პანდემიამ რა ჰქმნა?
ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ პანდემიამ ეს მდგომარეობა ბევრად დაამძიმა. სივრცე იმას შორის, რაც უნდა იყოს და რაც არის, ბევრად უფრო დიდი და რთულად გადასალახი გახადა. დისტანციური სწავლების ნაკლოვანებები და მის გარეშე დარჩენილი არაერთი მოსწავლე – ამ ყველაფრის შედეგებმა თავი უკვე იჩინა და სამომავლოდ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მარტივად დასანახი გახდება.
სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადყოფს, რომ 2021 წლის დეკემბერშიც კი, ანუ მაშინ, როცა ონლაინ სწავლება თითოეული მხარისთვის (სკოლა, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) უკვე კარგად ნაცნობი, მორგებული და ზოგ შემთხვევაში, კომფორტულიც კი იყო, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 1.5% სასწავლო პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა. უფრო ადრე კი, 2020 წლის მარტში, მოსწავლეთა 12%-ს (63,272 მოსწავლე) სახლიდან არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა, ხოლო 14%-ს არ ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა (განათლების სამინისტროს სტატისტიკა).
USAID-ის მიერ დაფინანსებული 2021 წლის კვლევა – COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება, ამბობს, რომ ინტერნეტთან, კომპიუტერულ ტექნიკასთან და ციფრულ რესურსებთან დაბალი წვდომა (განსაკუთრებით პანდემიის პირველ პერიოდში) უარყოფითად აისახა სწავლების ხარისხზე, მოსწავლეების ნაწილი კი სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა.
„კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო ჩამორჩენა ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში“, – ვკითხულობთ კვლევაში.
თითოეულ კვლევა, რომელიც ამ პერიოდში, დისტანციური სწავლების შედეგების შესასწავლად ჩატარდა, მიუთითებს, რომ სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში გადასვლამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია განათლების ხარისხზე. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სწავლების ხარისხმა, ისევე როგორც ბავშვების მოტივაციამ, იკლო.
„ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დასაწყისში დასახული მიზნები ვერ შესრულდა და, საბოლოო ჯამში, მოდიფიცირება განიცადა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების დაბალი მაჩვენებლები და ბავშვების მიერ გაკვეთილების ათვისების სირთულე. დამატებით, გაკვეთილებისთვის დათმობილი დროის შემცირების გამო, სკოლებს მოუწიათ, განესაზღვრათ, თუ რა საკითხებს დაფარავდნენ სემესტრის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების ინტენსივობა არ იყო საკმარისი მასალის დასამუშავებლად“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საგაკვეთილო დროის შემცირება, ფორმატის ცვლილება და ტექნიკური ხარვეზები სერიოზულ წინაპირობას ქმნიდა სწავლების ხარისხის დასაცემად. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მასწავლებლები და სკოლის დირექტორები დანაკარგზე მსჯელობისას, ძირითადად, მხოლოდ სასწავლო დროის შემცირებაზე და პროგრამული მასალის არასრულად სწავლებაზე ამახვილებენ ყურადღებას. კვლევების ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მოსწავლეთა მოტივაცია დისტანციური/ჰიბრიდული სწავლების დროს შემცირდა. კვლევაში მონაწილე მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ მათი მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს ესწრებოდა გამორთული კამერით, არ მონაწილეობდა სამუშაო პროცესში ან ტოვებდა გაკვეთილს დროზე ადრე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სახალხო დამცველის ანგარიში ამბობს, რომ საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვის გამო, პედაგოგებისთვის რთული იყო მოსწავლეების ცოდნის ობიექტურად გაზომვა და შეფასებაც.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე კი, დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტანციური სწავლებით კიდევ უფრო შესუსტებულ სასკოლო განათლებას ეროვნული გამოცდების გამარტივებისკენ მივყავართ, ტესტების გამარტივებას კი – უნივერსიტეტებში მოუმზადებელი ნაკადის შედინებისკენ. ანუ, სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას.
ასევე იხილეთ:
„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება