მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სწორედ პანდემიის პირობებში შეიმუშავეს “არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალება და სისტემის განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატზე გადასვლა”.
ამის შესახებ მინისტრმა 3 მაისს, USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც იმსჯელეს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგების გამოვლენასა და მათ შემსუბუქებაზე 2022 წლის სექტემბერში. ისაუბრეს სკოლაში დაბრუნების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
კონფერენციაზე „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, განათლების მინისტრმა ისიც თქვა, რომ პანდემიის პირობებში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს.
“ჩვენ შევძელით და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი ვაქციეთ შესაძლებლობად. სწორედ პანდემიის პირობებში შევიმუშავეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალება და სისტემის უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა მოგვცა.
“ბუნებრივია, პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტად მიღების პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს, რომლებიც ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან. სწორედ მათი, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის აზრით, სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა “ტელესკოლა”.
მიუხედავად მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ არაერთგზის გაცხადებული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემებისა, რომელიც მათ დისტანციური სწავლის პროცესში ექმნებოდათ და წარჩინებულთათვის დღემდე გადაუცემელი კომპიუტერების ფონზე, მინისტრი ამბობს, რომ ათასობით კომპიუტერი იქნა შეძენილი:
“მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შევიძინეთ ათასობით კომპიუტერი, რითაც მოხდა სკოლების აღჭურვა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, არა მხოლოდ სახლიდან, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო სივრციდან ჩართულიყვნენ ონლაინგაკვეთილებში. ამასთან, მსოფლიო ბანკის დახმარებით, შემუშავდა სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის გეგმა, რომლის მიზანია ყველა მოსწავლისთვის თანაბარ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”.
მინისტრმა ისიც დაამატა, რომ “რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში, სისტემაში არსებული მდგომარეობის დიაგნოსტირების საჭიროება დადგა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მიღწევების აღწერასა და შემდგომი ნაბიჯების მიზნობრივად დაგეგმვას”.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ “ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოვემზადოთ და სკოლებში დავნერგოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პანდემიის შემდგომ სასკოლო სივრცეში ეფექტიანად ადაპტაციაში”.
ასევე იხილეთ:
3 გზა, თუ როგორ უნდა შეივსოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები სკოლაში
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო