GE

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დახვეწის მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აკრიტიკებს, რომელმაც 2010-2012 წლებში თავად ჩამოაყალიბა მანდატურის სამსახური და აღნიშნული რეფორმის ავტორი იყო.

მანდატურის სამსახურის მუშაობაში დაგეგმილი ცვლილებების გასაჯაროების შემდეგ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ ახლანდელი კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ერთგვარი გადაწერაა, იმ კანონონისა, რომელიც თავის დროზე დიმიტრი შაშკინმა მიიღო, თუმცა თავად  რეფორმის ავტორი აღნიშნულს არ იზიარებს.

ყოფილი მინისტრი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ მანდატურის სამსახურის შესახებ ცვლილებათა ახალანდელ პაკეტს არაფერი აქვს საერთო იმ რეფორმასთან, რისი ავტორიც თავად იყო. მიიჩნევს, რომ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით მანდატურები არა განათლების, არამედ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადიან, რაც იმის მანიშნელია, რომ არც სახელმწიფო აღარ ენდობა განათლების სამინისტოს და ვეღარც ის აკონტროლებს სკოლებში არსებულ მდგომარეობას.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ დავდექით ისეთი რეალობის წინაშე, რომ კიდევ მანდატური გვყავს დასაცავი, უკვე იმის გვეშინია, რომ სკოლაში მანდატურსაც გალახავენ. ის კი არა, რომ მან დაამყაროს წესრიგი, არამენდ ის, რომ მანდატური დავიცვათ, რადგან მას  უფლება ეძლევა ფიზიკური ძალა გამოიყენოს თავის დასაცავად. გავეცანი ახალ პროექტს და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არაფრით არ შეესაბამება იმ რეფორმას, რომელსაც მე ვატარებდი 2010-2012 წლებში და რომლის ფარგლებში, ამ წლების განმავლობაში არც ერთი არათუ დაღუპული, არამედ დაჭრილი ბავშვიც არ იყო ჩვენს სკოლებში“, – ამბობს შაშკინი და აღნიშნულის დასადასტურებლად მანდატურის სამსახურის თავდაპირველ კანონმდებლობას ახლანდელ კანონპროექტს ადარებს.

ამ კონტექსტში შაშკინი ორ გარემოებაზე მიუთითებს, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ დაგეგმილ ცვლიებებს არაფერი აქვს საერთო იმ რეფორმასთან, რომელიც მისი მინისტრობის დროს განხორციელდა.

პირველი: „ახალი კანონპროექტით მანდატურებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ ფიზიკური ძალა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ იყო იმ რეფორმის მიზანი, რომელიც მე დავიწყე. მაშინ მიზანი იყო, რომ მანდატურებს ჰქონოდათ ავტორიტეტი და სკოლაში დასჯისა და ძალის გამოყენების გარეშე დაემყარებინათ წესრიგი. ამისთვის ისინი გადიოდნენ ძალიან სერიოზულ მომზადებას. ეს იყო სისტემა, რომელიც ამას უზრუნველყოფდა და ამ სისტემამ გაამართლა. ამ წლებში არც ერთი დაჭრილი ბავშვი არ იყო. ამ ახალი კანონპროექტით კი მანდატურებს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ეძლევათ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლებში სიტუაცია მთლიანად არის ხელიდან გაქცეული.

მეორე: „ამ კანონპროექტის მიხედვით მანდატურის სამსახურს მართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ჩემ დროს განათლების სამინისტრო იყო სკოლებში წესრიგზე პასუხისმგებელი, ახლა აშკარად ჩანს, რომ სახელმწიფო არ ენდობა განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია წესრიგის დამყარებისთვის და სიტუაცია ხელიდან ეცლება, ამიტომ შემოდის შს სამინისტრო, რომელმაც მანდატურებთან ერთად უნდა დაამყაროს წესრიგი სკოლებში.

ამ კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ სკოლებში სიტუაცია ხელიდან ბოლომდე აქვს გაქცეული, არ ენდობიან განათლების სამინისტროს, რომ მან დაამყაროს წესრიგი სკოლებში, დააბრუნოს ბავშვები სკოლებში და უსაფრთხო გარემო შექმნას და ახლა ამ ყველაფრის უფლებას აძლევს შს სამინისტროს, რაც თავდაპირველ რეფორმას აბსოლუტურად არის აცდენილი. ეს არის ის რელობა და სიტუაცია, რასთანაც განათლების სისტემაში „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად უგუნურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა“.

ამავე თემაზე:

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური