განათლების სპეციალისტები 2019 წელზე და პირად მოლოდინებზე – „ეს დროზე უნდა ვუთხრათ მასწავლებლებს!“
2019 წელი გადაწყვეტილებებით დატვირთული აღმოჩნდა განათლების სფეროში. წლის დასაწყისში გავიგეთ (იანვარი), რომ იცვლებოდა მასწავლებლის სქემა, შემდეგ გაუქმდა საატესტატო გამოცდები, უნივერსიტეტში მისაღებმა გამოცდებმა მოდიფიცირება განიცადა. 2019 წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შევიდა ასობით ახალი მასწავლებელი, ასევე პირველად შესთავაზეს საპენსიო ასაკის პედაგოგებს სკოლის დატოვების ნაცვლად ფულადი ჯილდო და ამის ხარჯზე გაჩნდა სკოლაში ვაკანსიები. 2019 წელს გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი (ასევე დანამატი) და სრული დატვირთვის შემთხვევაში სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასმა 1000 ლარზე მეტი შეადგინა. შეუძლებელია არ ვახსნეოთ ამ ცვლილებების შემოქმედი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ამ პოსტს 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა. მიხეილ ბატიაშვილს არ დასცალდა მასწავლებლის სქემაში თავისივე ინიცირებული სიახლეების წარდგენა, უფრო სწორად, წარდგენით წარადგინა, თუმცა საბოლოო ვარიანტს – რის მიხედვით მოხდება მასწავლებლის კარიერული წინსვლა და დაანონსებული კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემის გაუქმების საპირწონედ რას სთავაზობს სამინისტრო პედაგოგებს, იანვარში გვპირდებიან.
ისე, იანვარი საკრალური თვეა მასწავლებლის სქემისთვის. 2015 წელს იანვარში დაიწყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ განხილვები თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს. შემდგომი წლების იანვრის თვეებშიც არაერთი ცვლილება განუცდია სქემას, ყველაზე ბოლოს მიხეილ ბატიაშვილის დროს 2019 წლის იანვარში შევიტყვეთ, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. დაანონსდა ასევე არაერთი ცვლილებაც, მათ შორის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების დაწესება. ამჯერად, ისევ იანვარში, ოღონდ 2020 წელს ველოდებით ახალ გადაწყვეტილებებს მასწავლებლის სქემასთან დაკავშირებით.
თუმცა განათლების სფერო მხოლოდ მასწავლებლის სქემა ხომ არაა?! EDU.ARIS.GE-მ განათლების სპეციალისტებს, წარმატებულ პედაგოგებს სთხოვა 2019 წლის შეჯამება, გახსენება იმისა, თუ რა მიაჩნდათ კარგ და რა ცუდ მოვლენად განათლების სფეროში ამ წელს და ასევე მოისმინა მათგან 2020 წლის სურვილები და მოლოდინები.
ნათია ფურცელაძე. 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი. 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ის იყო, რომ ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი გახდა და საქართველო საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა. ცუდი არა მხოლოდ წელს, არამედ ზოგადად განათლების მინისტრების ხშირი ცვლაა, რაც აჩენს არასტაბილურობის განცდას. ამ წლის საშინელი ფინალი 15 წლის მოზარდის ტრაგედიაა“.
შალვა ტაბატაძე. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი. განათლების მკვლევარი.
„2019 წელს იყო ინიციატივები, რომელიც მანამდე არ ყოფილა, მაგალითად, სკოლაში ახალი მასწავლებლების შესვლის თვალსაზრისით. საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს შეთავაზებამ კონკრეტული შედეგები ვერ გამოიღო და არც კონკრეტული გაგრძელება არ ჩანს. პროგრესული ინიციატივა იყო, მაგრამ განხორციელების თვალსაზრისით – პრობლემური. იყო ცვლილებები საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან, ასევე მისაღები გამოცდების მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც არ იყო ბოლომდე განხორციელებული.
რა ჩაანაცვლებს საატესტატო გამოცდებს, ეს მექანიზმები ჯერ შემოთავაზებული არ ყოფილა 2019 წელს. ასევე, მისაღები გამოცდების შემთხვევაში არ ყოფილა გადაწყვეტილებები, რომელიც სკოლას ფუნქციას დაუბრუნებს და უნივერსიტეტებს მისცემს ავტონომიას. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლების მიმართ ნდობა არ არის და ასევე უნივერსიტეტებს ამ გადაწყვეტილებების ავტონომიურად მიღების სურვილი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაბიჯები იყო პოზიტიური, თუმცა არა დასრულებული და შედეგობრივად მიღწევადი.
რაც შეეხება 2020 წელს, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები არ მაქვს. ეს იქნება რუტინული საქმე, რომელსაც სამინისტრო აკეთებს ყოველწლიურად. გააგრძელებს ამ ტემპებით და ვითარებით. იქნება გარკვეული რეფორმების იმიტაცია. იქნება საარჩევნოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები, რეალურად რადიკალური და მძაფრი რეფორმები 2020 წელს არ იქნება. ამის მოლოდინები არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია და მიზანი იქნება არსებული სიტუაციის შენარჩუნება და სისტემაში არსებული ამომრჩევლის კმაყოფილების ან შენარჩუნება, ან გაზრდა საარჩევნო ხმების თვალსაზრისით.
სურვილი მექნებოდა, რომ შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს პროგრესულ ხედვებს და მის განხორციელებას ეტაპობრივად და ამის შემაკავებელი ფაქტორები არ იქნება. ჯერ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას დაიწყებენ და შემდეგ პოლიტიკური მხრიდან ხელის შეშლა არ იქნება. თუმცა მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. მათ შორის, 2020 წლის შემდგომაც მეეჭვება, იმიტომ რომ ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური ნება და მანდატი. არ მაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამის მანდატი ექნება. ამის შესაძლებლობა იყო 2003 წლის რევოლუციის შემდგომ, 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა დიდი მანდატით. ამ ეტპაზეც არ მაქვს ამის მოლოდინი არჩევნების წლის ფონზე“.
გიორგი ჭაუჭიძე. 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
„დავიწყებ ბოლოს გაკეთებული განცხადებებით. მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარებიან ისეთ რეგულაციებს, რომლებსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან. ჯერ-ჯერობით ზუსტად არ ვიცი, რა იგულისხმება, მაგრამ განაცხდეს, რომ კერძო სკოლებს ის რეგულაციები დაუწესდებათ, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ აქვთ.
მე მინდა, რომ კერძო სკოლებს კი არ დაუწესდეს რეგულაციები, რომლებიც საჯარო სკოლებს აქვთ, არამედ საჯარო სკოლები გათავისუფლდეს ზოგიერთი რეგულაციისგან, ანუ პირიქით მოხდეს ეს ამბავი. დაწყებული აკადემიური მიმართულებიდან, დამთავრებული მართვის და ყველა სფეროში, ანუ ნაკლები რეგულაციები.
გაუქმედეს სკოლებში დღეს არსებული შეფასების სისტემის მიხედვით ყოველდღიური განმსაზღვრელი ნიშნების წერა. ეს შეიცვალოს და აღარ იყოს საჭირო, რომ ბავშვებს პედაგოგებმა ყოველდღიურად დაუწერონ ნიშნები და ეს მოხდეს მხოლოდ შემაჯამებელ დავალებებში. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ მოსწავლის ყოველდღიური აქტივობა არ უნდა ფასდებოდეს ნიშნებით და ის მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით უნდა შემოიფარგლებოდეს.
მოლოდინი მაქვს, რომ „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც დაიწყო გასულ სასწავლო წელს, კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩაერთვება კიდევ უფრო მეტი სკოლა, გახდება ეს პროცესი უფრო შეუქცევადი. კონკრეტულად ეს მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესის კონკრეტულ მოსწავლეზე ორიენტირებას საგნობრივი შინაარსის, სიღრმისეულად და მრავალ ასპექტში გააზრებას. მე ვფიქრობ, ეს დაეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, გახდნენ უფრო მეტად ღრმად მოაზროვნეები.
ვინატრებდი უფრო მეტ თავისუფლებას, თითოეული მოსწავლიდან დაწყებული მასწავლებლით დამთავრებული. ნებისმიერი იმ ადამიანით, რომელიც არის ჩართული ამ სფეროში. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით ეს იქნება მნიშვნელოვანი მომავალ წელს. კარგი ინება, თუ ჩვენ თავისუფლების მაღალ მაჩვენებელს გამოვავლენთ. თითოეული მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლა და მთლიანად სისტემა!
კარგი იყო ის, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ დაიძრა. ის ტრაგედია, რომელიც მოხდა, მე არ ვიტყოდი მაინც და მაინც სკოლაზე, ეს ეროვნულ დონეზე ტრაგედიაა, ლუკაზე ვსაუბრობ. რადგანაც ის მოსწავლე იყო, შეგვიძლია ჩვენს სფეროზე ვთქვათ. თუ სწორად გავაცნობიერებთ, ეს არ არის მხოლოდ სკოლის დონეზე, ეს არის ეროვნულ დონეზე განსახილველი ტრაგედია. ეს არის ტრაგიკული ფაქტი.
ასევე ვიტყოდი იმ არასახარიბიელო შედეგებს, რომელიც აჩვენა „პიზას“ კვლევამ, მაგრამ მე მას არ განვიხილავდი ისე მუქ ფერებში, როგორიც ხდება ხოლმე ზოგადად კვლევებთან მიმართებაში. ასე მწვავედ და საბედისწეროდ ამ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ არ არის კარგი.
გამოცდების გაუქმებას გულით მივესალმები, ეგეც კარგებში ჩათვალეთ. რაც შეეხება მასწავლებლის სქემაში კრედიტქულების გაუქმებას, მე ამ კრედიტქულებით გავხდი მენტორი მასწავლებელი. ჩემთვის ეს იყო სასარგებლო ინსტრუმენტი და მეორეს მხრივ, რაც შეეხება იმას, რომ იცვლება და უქმედება, რაც ანაცვლებს ამას, ის დროულად უნდა მოხდეს. ის რომ ადამიანს უთხრა, რომ შენ აღარ მოგიწევს რაღაც პროცედურების გავლა სტატუსის ასამაღლებლად, მაგრამ მოგიწევს ის, რასაც ჯერ ვერ სთავაზობ, ეს მიმაჩნია, რომ არის სწრაფად მოსაგვარებელი, ანუ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება მოუწევთ. ეს დროზე უნდა ვუთხრათ მასწავლებლებს. კეთილი სურვილები და წარმატება ყველას!“
ჯაბა ლაბაძე. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლი. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე მხოლოდ ერთი დიდი სურვილი მაქვს. ვისურვებდი, მორალური კანონებიც არ დაგვავიწყდეს, რომელიც ხშირად უფრო ბევრად მნიშვნელოვანია. მასწავლებლობა ჰუმანური პროფესიაა და ვფიქრობ, კანონებიც შესაბამისად ბევრად ჰუმანური უნდა იყოს. ისე კი ვისურვებდი, მომავალი წლის, ან სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს კიდევ უფრო ბევრი სკოლა ჩაერთოს „ახალი სკოლის მოდელში“ და არა მხოლოდ დაწყებითი საფეხური. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საბაზოც თუ ჩაერთვება. მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირმა მომცა საშუალება დანიის განათლების სისტემას ადგილზე გავცნობოდი, ვისურვებდი დაგვეწყოს დანიურ სისტემაზე გადასვლა და რაც შეიძლება ბევრ სკოლაში დანერგილიყოს. დანიური სასწავლო გარემო არის პოზიტიური, მოსწავლეებს აქვთ მეტი თავისუფლება, სწავლება მიდის სახალისო აქტივობებით, თამაშით და რაც მთავარია წიგნების გარეშე.
გასულ წელს რაც შეეხება, მე ვფიქრობ ბევრი სიახლე იყო, კარგიც და ცუდიც. კარგი იყო, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგები ღირსეულად გააცილეს სკოლიდან. ცუდი იყო ის, რომ სკოლა და ზოგადად მასწავლებლის პროფესიული განვითარება მიუხედავად გამარტივებისა კვლავ რთულ ბიუროკრატიულ საფეხურებს გადიოდა და რაც მთავარია მოსწავლეთა ცოდნის დონე კვლავ უფსკრულისკენ მიექანება (ამას პიზა-ს კვლევებიც გვიდასტურებს). რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და დროა ნებისმიერი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროს, განათლებას, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ. მომავალი ხომ განათლებაშია!
ვისურვებდი, სასკოლო ჟურნალები აღარ არსებობდეს. ელექტრონული იყოს მხოლოდ. ჯერ ერთი, ბევრად გაამარტივებს მასწავლებლის მუშაობას და მეორე და უფრო მთავარი, მშობელსაც წვდომა ექნება შვილის მიღწევებზე ბევრად მარტივად, ვიდრე ახლაა და ზოგადად, იმასაც ვისურვებდი ნიშნები არ იწერებოდეს: მხოლოდ განმავითარებელი შეფასება დარჩეს. ნიშანზე ორიენტირებული განათლება არაა სწორი გზა. უფრო განვითარებაზე ორიენტირებული სჯობს. ბევრად უკეთესი შედეგები მაქვს როდესაც მოსწავლეს განმავითარებელ შეფასებას ვაძლევ. ეს მანკიერი თვისება – ნიშანზე ორიენტაცია უნდა აღმოიფხვრას!“
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება