განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ანგარიში მოისმინა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
მომხსენებელმა კანონმდებლებს სკოლამდელი განათლების მიმართულებით სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანაში ფუნქციონირებს 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი. მისივე განცხადებით, არაქართულენოვანი 45 საბავშვო ბაღიდან 36-ში ინერგება ბილინგვური განათლების პროგრამა.
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20291 პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის 9262 აღმზრდელი და 7520 აღმზრდელის თანაშემწე. მომხსენებლის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გარდა, 200 სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოხდება სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
ზოგადი განათლების მიმართულებაზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასწავლო ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელდა ზოგადი განათლების მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან დაკავშირებით პროექტი გვაქვს, რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა სკოლების ავტორიზაციის საკითხზე. თამარ მახარაშვილის თქმით, სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2023 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და განაცხადი შემოტანილი აქვს 339 საჯარო სკოლას. უკვე ავტორიზებულია 130 საჯარო სკოლა. ამასთან, ავტორიზაციის ვადა გაიზარდა 6-დან 9 წლამდე.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2022 წელს მომზადდა და დამტკიცდა სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი. 840 სკოლაში 6 წლის ვადით აირჩიეს დირექტორი. მისივე თქმით, სამინისტრო USAID-თან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და აამოქმედებს სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების სისტემას. რაც შეეხება მასწავლებლის პროფესიისადმი ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერას, დაწესდა „მასწავლებლის ეროვნული დღე“.
მომხსენებელმა ინკლუზიური და ბილინგვური განათლების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბილინგვურ განათლებაში ჩართულია 36 ბაღი და 180 სკოლა, 2030 წლამდე 300-ვე სკოლა დაიფარება.
მომხსენებელმა უსაფრთხოების დაცვისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებითაც ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების 1700 მანდატური იცავს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებს 692 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თამარ მახარაშვილმა დაგეგმილი ღონისძიებებზეც ისაუბრა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ მინისტრის მოადგილეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კომიტეტი ასევე მოუსმენს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კიდევ ორ მოადგილეს. უახლოეს პერიოდში კი პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენს.
გივი მიქანაძე ასევე გამოეხმაურა „მასწავლებლის ეროვნული დღის“ დაწესების საკითხს.
„მსურს, 11-ვე მასწავლებელს გამარჯვება მივულოცო. ამავდროულად ვიტყოდი, რომ ყველა პედაგოგი არის გამარჯვებული, ვინაიდან ვერანაირი ჯილდო ვერ შეედრება იმ სიყვარულს და ურთიერთობას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს წლების განმავლობაში თან მიჰყვება. მსურს, დიდი პატივისცემა გამოვხატო როგორც პირადად, ასევე კომიტეტის სახელით ყველა პედაგოგის მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია