გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი – მრავალფეროვანი პროგრამები და დასაქმების 80%-იანი შანსი
“წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პროფესიული განათლება უკანასკნელ გამოსავლად მიიჩნეოდა და პროფესიულ სასწავლებლებში მხოლოდ ის აბარებდა, ვინც უმაღლესს გარეთ რჩებოდა” – ამბობს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ხარაზიშვილი და დასძენს, რომ კოლეჯში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა, გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, ყოველი მიღებისას რამდენჯერმე აღემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გლდანის კოლეჯით დაინტერესებულ პირს სასწავლებელი აძლევს საშუალებას, პროგრამების მიხედვით, წინასწარ განსაზღვროს დასაქმების რა შანსები აქვს.
შესაბამისად, გლდანის პროფესიულ სასწავლებელში ერთ ადგილზე 7-დან დაახლოებით 17–მდე აპლიკანტი მოდის. კოლეჯი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ალბათ პარტნიორი კომპანიების სიუხვესაც უნდა მივაწეროთ – გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი 400-მდე წვრილ, საშუალო თუ მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც სტუდენტებს ჯერ პრაქტიკის გავლა, შემდეგ კი დასაქმება შეუძლიათ. აღნიშნულ პარტნიორებს შორის არაერთი ცნობილი და გიგანტური კომპანიაა – მათ შორის „მათე მოტორსი“, „თეგეტა მოტორსი“, „ნიკორა“ და სხვ.
სასწავლებელში ფუნქციუნირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურებისათვის საჭირო ყველა პროგრამა. ამ მხრივ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი საქართველოში პირველ ადგილზე დგას როგორც სპეციალისტების, ისე ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მხრივ – კოლეჯი 1 მილიონამდე ევროს ღირებულების გერმანულ აპარატურას ფლობს და მუდმივად თანამშრომლობს გერმანელ პარტნიორებთან. რაც მთავარია, ყოველი ახალი პროგრამის დანერგვამდე, კოლეჯის ხელმძღვანელობა სწავლობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო კვლევას იმის თაობაზე, თუ რა პროფესიის მქონე ადამიანებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ პროგრამებს. ეს კი უმუშევარი კურსდამთავრებულების რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს.
კოლეჯის შესახებ
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი 2012 წელს დაფუძნდა. სასწავლო პროცესი კი 2013 წელს დაიწყო. ამ ეტაპისათვის კოლეჯში ფუნქციონირებს მოდულური, საგნობრივი და სასერთიფიკატო პროგრამები, თუმცა, რამდენიმე თვეში სწავლება მთლიანად მოდულურ პროგრამებზე გადავა.
კოლეჯი მულტიდისციპლინარულია, ამიტომ აქ პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანია. შემოდგომის მიღებისათვის კოლეჯში შემდეგი პროგრამები იფუნქციონირებს: ვებ პროგრამისტი; კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი; ბუღალტერია; კომპიუტერული ქსელი და სისტემები; საფინანსო სერვისები; საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი; 3D გამოსახულების გენერალისტი; საოფისე საქმე; ინფორმაციის ტექნოლოგი. გაზაფხულიდან კი კოლეჯი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პორგრამების ჩამონათვალი ბევრად გაიზრდება და სასწავლებელი 900-950 სტუდენტს მიიღებს.
კოლეჯის სტუდენტთა 1/3-ს რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები შეადგენენ. როგორც ხელმძღვანელობა განმარტავს, სწავლის დასრულების შემდეგომ ისინი თავიან საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან და ნასწავლს ადგილზე იყენებენ. სტუდენტებს შორის საინგილოდან ჩამოსული ახალგაზრდებიც არიან. საკმაოდ ბევრი სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა. პროფესიული განათლება არანაკლებ პოპულარულია გოგონებსა და ქალბატონებში, რომლებიც გლდანის პროფესიულ სასწავლებლით აქტიურად ინტერესდებიან.
კოლეჯმა პენიტენციალურ სისტემაში 700-მდე მსჯავრდებულიც გადაამზადა, რომლებმაც გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი. სასწავლებელი მასპინძლობს პრობაციონერებს და მათ ოჯახის წევრებსაც. ისინი გადიან მოკლევადიან და ხშირ შემთხვევაში, გრძელვადიან პროგრამებსაც. გარდა ამისა, სასწავლებლებს სხვადასხვა კომპანიაც აკითხავს თანამშრომლების გადამზადების მოთხოვნით. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ კოლეჯის მესვეურებს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პროფესიული განათლება უკანასკნელ გამოსავლად მიიჩნეოდა და პროფესიულ სასწავლებლებში მხოლოდ ისინი აბარებდნენ, ვინც უმაღლესს გარეთ რჩებოდა.
„ჩვენთან საკმაოდ მაღალი კონკურსია. ზოგიერთ პროგრამაზე ერთ ადგილზე 7-დან 17 ადამიანამდე მოდის. ასეა მაგალითად მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის პროგრამაზე. გასულ წლის გაზაფხულზე 400 ადგილი გამოვაცხადეთ და 1442 ადამიანი დარეგისტრირდა. შემოდგომაზეც ანალოგიურად მოხდა. არაერთხელ გვქონდა მაგალითი, რომ მისაღები აპლიკანტების რაოდენობას რეგისტრირებულების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა.
„შესაბამისად, ჩვენთან საკმაოდ მომზადებული და მოტივირებული სტუდენტები ხვდებიან. კოლეჯის მიღმაც საკმაოდ ბევრი რჩება. ეს ადვილი არ ყოფილა, კოლეჯის ცნობადობის ასამაღლებლად და ხალხის მოსაზიდად საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. ეს სამუშაო გულისხმობდა უამრავ შეხვედრას სკოლებში, ახალგაზრდებთან. ვაწყობდით კოლეჯში ექსკურსიებს, გამოფენებს, შეხვედრებს, ღია კარის დღეებს, ვმონაწილეობთ დასაქმების ფორუმებში და ა.შ. ჩვენი კურსდამთავრებულები კი ჩვენი პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური ხელშემწყობები არიან. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო“, – აცხადებენ კოლეჯში.
სწავლების ეტაპი და პრაქტიკის შესაძლებლობა
პროფესიული განათლება სწავლების სამ ეტაპს მოიცავს – თეორიული სწავლება, სასწავლო პრაქტიკა კოლეჯის ბაზაზე და საწრმოო პრაქტიკა პარტნიორ კომპანიებთან. საწარმოო პრაქტიკა, როგორც წესი, სწავლების ბოლო ეტაპზე, ან დასრულების შემდეგაა.
„საწარმოო პრაქტიკის ძირითადი არსი ისაა, რომ სტუდენტმა თეორიული და სასწავლო პრაქტიკის დროს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გაიმყაროს, ასევე ახალი აითვისოს. მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ. ჩვენი დამსაქმებლები აკვირდებიან და ხშირად სამსახურში იტოვებენ. მხოლოდ მსხვილი კომპანიებით არ შემოვიფარგლებით, რადგან ხშირად დასაქმების ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვთ მცირე და საშუალო კომპანიებს. ისინი უფრო მობილურები არიან და მზაობას გამოთქვამენ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად თანხების ჩადებისათვის“, – აცხადებენ კოლეჯში.
პატრნიორების როლი
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი 400-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, ვინაიდან ადმინისტრაცია მუდმივ რეჟიმში აფორმებს მემორანდუმებს. სწორედ ამ დამსაქმებლებთან გადიან სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და აგრეთვე, საქმდებიან სწავლის დასრულების შემდეგ.
პარტნიორ კომპანიებს შორის არიან: „ნიკორა“, „მათე მოტორსი“, „თეგეტა მოტორსი“, „ელსელემა“, „ვოლვოს ცენტრი“, „ლიდერ ავტო ცენტრი“, „იბერია ავტოჰაუსი“, საქართველოს ბანკების ასოციაცია, მოდელების სახლი „მატერია“, „კუწურიე“, „სუფთა სამყარო“, „კომპი შოპი,“ „ოტო მოტორს ჰოლდინგი“, „საქპროექტარქიტექტურა“ და ა.შ.
რენოს ცენტრი პარტნიორებს შორის ერთ-ერთია. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ლევან გოცირიძე ამბობს, რომ პროფესიულ განთლებაში თანხების ჩადება ერთ-ერთი ყველაზე სასარგელო რამაა, რაც კი სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს.
„როდესაც პროფესიულ განათლებამიღებული ახალგაზრდები მოდიან ჩვენამდე, მათ ბევრი რამ იციან და საქმეში ძალიან ადვილად ერკვევიან. ავტობიზნესს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი ნასწავლი აქვთ, დანარჩენს კი ჩვენთან პრაქტიკით ითვისებენ. ამიტომ, პრაქტიკანტებიდან ვარჩევთ და თითქმის ყოველი ნაკადის დროს, საუკეთესოებს ვიტოვებთ.
„ერთადერთი რაც სამწუხაროა, არის ის, რომ მათ უცხო ენები უჭირთ. მართალია პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებას მეტი ყურადღება მიექცეს. ხშირად უწევთ გასვლა საზღვარგარეთ და ენების ცოდნა ძალიან სჭირდებათ,“ – აცხადებს ლევან გოცირიძე.
დასაქმება
სასწავლებელში სწავლის მსურველებს პირველივე შეხვედრაზე აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი პროგრამა როგორ სწავლებას გულისხმობს, როგორია დასაქმების შანსი, რამდენად მაღალია ბაზრიდან მოთხოვნა მსგავსი ტიპის კადრებზე და ამით ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტმა წინასწარ იცის სამომავლო პერსპექტივები.
დასაქმებისათვის კოლეჯის ადმინისტრაცია რამდენიმე გზას მიმართავს – ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს კომპანიები საწარმოო პრაქტიკის შემდეგ იტოვებენ, აგრეთვე, კოლეჯი მუდმივად ურთიერთობს პარტნიორ 400-მდე კომპანიასთან და იღებს ინფორმაციას მათთან არსებული ვაკანსიების შესახებ, შემდეგ კი კომპანიის მესვეურებს კურსდამთავრებულებთან აკავშირებენ, იმართება დასაქმების ფორუმები. კოლეჯის ადმინისტრაციის თქმით, სხვადასხვა პროგრამაზე დასაქმების სხვადასხვაგვარი მაჩვენებელია.
„მაგალითად ტოპოგრაფის პროგრამაზე დასაქმების მაჩვენებელი 79 პროცენტია. დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა კომპიუტერული და ავტომობილების მომსახურების მიმართულებით შექმნილი პროგრამები – ავტომობილის ელექტრიკოსი და ავტომობილის დიაგნოსტიკოსი. აგრეთვე, საკმაოდ იოლად საქმდებიან ბუღალტრები. არის პროფესიები, რომლებიც თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, მაგალითად ვებ-პროგრამისტი. ჩვენი კურსდამთავრებულები თავისუფლად იღებენ შეკვეთებს ვებ-გვერდების შექმის თაობაზე და წარმატებით აკეთებენ. აუცილებელი ხომ არაა კურსდამთავრებული რაიმე დიდ კომპანიაში დასაქმდეს. მთავარია, რომ მას უჩნდება საქმე და შემოსავლის წყარო.
„კომპანიების წარმომადგენლები ხშირად წუწუნებენ, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრები არ არიან. მე მათ მოვუწოდებდი მეტად ჩაერთონ პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. სამწუხაროდ ჩვენს ბიზნესმენებს ხშირად არა კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანი, არამედ ყველაფრის მცოდნე კადრი სჭირდება. ეს კი შეუძლებელია. კარგია, რომ მოდულარული პროგრამების გაწერასა და შექმნაში პრიფესიული პედაგოგების გარდა დამსაქმებლებმაც მიიღეს მონაწილება და მათთან ერთად დაიწერა არა მხოლოდ პროგრამა და ის, თუ რა შედეგზე უნდა გასულიყო სტუდენტი, არამედ ისიც თუ როგორი გარემო იყო საჭირო კვალიფიციური კადრის მისაღებად,“ – დასძენენ კოლეჯში.
იხილეთ კოლეჯის კურსდამთავრებულთა დამსაქმებელი კომპანიების ნუსხა
ანაზღაურება
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში განმარტავენ, რომ კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია როგორც პროფესიასა და იმ სფეროში ბაზარზე არსებულ საშუალო ხელფასზე, ისე კადრის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე. ზოგადად კი, ანაზღაურების საქმეში კოლეჯის ადმინისტრაცია არ ერევა. ეს თემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების საგანია.
„საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა ავტომობილის მომსახურების მიმართულებით – თვეში 2-3 ათასამდე ადის. ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, გვეუბნებიან, რომ დღეში 50 ლარს „აკეთებენ“. საკმაოდ მაღალია ანაზღაურება საბანკო სფეროშიც. ტოპოგრაფებზე შემიძლია გითხრათ, რომ 1000-1200 ლარს იღებენ. საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ დაბალ ხელფასს არავინ უჩივის“, – განმარტავენ კოლეჯში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება