GE

გრანტის მოპოვების პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – განმარტება აბიტურიენტებისთვის

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.

მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:

– როგორ განაწილდება საგნების მიხედვით გრანტი, როგორ უნდა გამოვითვალო ჩემი საგრანტო ქულა და რა მოხდება, თუ 2 არჩევითი საგნიდან ერთში მაინც ჩავიჭრები?

– სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი შემდეგში მდგომარეობს: საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა – ზოგადი უნარების გამოცდას – 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს – 1.

თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში _ 165,7, უცხოურ ენაში _ 164,8 და მათემატიკაში _ 164,0 ქულა, მისი საგრანტო (აბსოლუტური) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0= 746,45. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 746,45X10= 7464,5

სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა ნაწილდება შემდეგი პრინციპით:

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისათვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისათვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება.

მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ან ლიტერატურა და ა. შ.

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნის გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული სკალირებული ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევით გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს  იმ არჩევით  გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

რომელიმე არჩევით საგანში ჩაჭრის შემთხვევაში აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებელ კონკურსში ვერ იღებს მონაწილეობას, რაც არ უნდა მაღალი ქულა მიიღოს სავალდებულო და მის მიერ არჩეულ  საგანში ან საგნებში. გამოცდაზე არ გასვლის შემთხვევაში აბიტურიენტს დაეწერება 0 ქულა, რაც საგანში ჩაჭრას ნიშნავს.

რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტის გაცემის წესს, სახელმწიფო დაფინანსება (100%-ის ოდენობით), სპეციალურად ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის საფუძველზე გაიცემა. რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების შედეგის საფუძველზე შედგება (მაგ., მათთვის, ვინც გამოცდა სომხურ ენაზე ჩააბარა, შედგება ცალკე რეიტინგული სია. ანალოგიურად შედგება სია მათთვის, ვინც გამოცდა აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარა და ა. შ.).

სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აბიტურიენტზეც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გააფორმა ხელშეკრულება უმაღლეს სასწავლებელთან.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური