GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნე“ სპეციალური ნომერი წარადგინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრიობის წინაშე წარადგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნე“ სპეციალური ნომერი „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“.

გამოცემა მიეძღვნა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხილვას.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტებმა კრებულში წარმოადგინეს სამეცნიერო-ანალიტიკური სტატიები და შეფასებები, რომლებიც შეეხება კონსტიტუციის ცვლილებების როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ მხარეს. განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონსტიტუციის განმარტების პრინციპები და კონსტიტუციის 39-ე მუხლის განსაკუთრებული მნიშვნელობა; საკონსტიტუციო სასამართლოს რეალური კონტროლის საკითხები და კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ძირითადი უფლებები. ამასთან ერთად, აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ადამიანის უფლებებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მომზადებულია უცხოელი ექსპერტის სერ ჯეფრი ჯოუელის მიერ კონსტიტუციის პროექტის პირველადი განხილვის საფუძველზე. გამოცემა საინტერესოა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა პროფესიის მკითხველისათვის.

სამეცნიერო ჟურნალ „აკადემიური მაცნეს“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეცნიერები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამართლის სკოლის დოქტორანტები. სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. სამეცნიერო კრებულთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და წევრებმა – მერაბ ტურავამ, გიორგი კვერენჩხილაძემ, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ ჯიბღაშვილმა.

კრებული მომზადდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ანა ფირცხალაშვილის რედაქტორობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური