მილოცვა პირადად ამერიკის პრეზიდენტისგან – GRUNI-ს სტუდენტის, სანდრო სტაჟაძის წარმატების ისტორია
“სტუდენტის წარმატებას ნიჭთან და შესაძლებლობებთან ერთად სხვა მრავალი ფაქტორიც განაპირობებს: მონდომება, მიზანდასახულობა, აქტიურობა, დისციპლინა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი – სანდრო სტაჟაძე, ყველა ამ თვისებით შემკული ახალგაზრდაა, რომლის კიდევ ერთმა წარმატებამ გაახარა მშობლიური უნივერსიტეტი”, – ასე გამოეხმაურა გასული კვირის მიწურულს, 21 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი თავისი სტუდენტის წარმატებას.
სანდრო სტაჟაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის (USCGA) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და რთული შერჩევის შედეგებით აკადემიაში სწავლის უფლება მოიპოვა.
სულ ახლახან კი მას აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა, აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და დიპლომი გადასცა.
USCGA-ს კურსდამთავრებულები: სანდრო სტაჟაძე და ნიკოლოზ ტვილდიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გაგზავნილი პირველი კადეტები არიან.
“არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება.
კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას ვუსურვებთ. ისინი გაზრდიან საქართველოს სანაპირო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონეს, მის თავდაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს. ასევე, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და წარმატებაში.
გილოცავთ!” – ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს სანდროს ამ წარმატებას და უსურვებს, კვლავაც ეღვაწოს ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

