GE

„IBSU-ში სწავლის შემდეგ მქონდა ყველა ის წინაპირობა, რაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას გამიადვილებდა“ – სტუდენტი

დავით ბურდული IBSU-ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი, თქმით ჩინეთი ყოველთვის იყო მისთვის მიმზიდველი ქვეყანა, იბსუ-მ კი შესაძლებლობა მისცა მას არამხოლოდ ეცხოვრა ამ ქვეყანაში, არამედ ერთი სემესტრით ესწავლა კიდეც ჩინეთის ტექნოლოგიურად წამყვან უნივერსიტეტში. დავითი თავად გვიზიარებს გაცვლით პროგრამაზე ჩინეთში, ბეიჯინგის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ყოფნისას მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს:

“ჩინეთი ყოველთვის იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს. მეოთხე კურსის დასაწყისში IBSU-მ მომცა მშვენიერი შესაძლებლობა მესწავლა ჩინეთის ტექნოლოგიურად წამყვან უნივერსიტეტში ერთი სემესტრით და გამეცნო, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები.

გაცვლით პროგრამაში ჩართვამდე, IBSU-ში 3-წლიანი სწავლის შემდეგ უკვე მქონდა შექმნილი ყველა ის წინაპირობა, რაც ბეიჯინგის უნივერსიტეტის განათლების მაღალი სტანდარტების შეგუებაში დამეხმარებოდა, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ იქაურ სტუდენტებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მეტი ცოდნა ჰქონდათ, IBSU-ში მიღებული განათლებით არ გამჭირვებია მათთან ერთად რამდენიმე პროექტში ჩართვა.

ასევე, ინგლისურ სექტორზე სწავლამ, ხელი შემიწყო შევჩვეოდი ცოდნის მიღებას ისეთ განვითარებულ ინსტიტუტში, როგორიც არის Beijing Institute of Technology. ბეიჯინგში გატარებული 5 თვის განმავლობაში გავაანალიზე საკუთარი შესაძლებლობები, რისი მეშვეობითაც, ამ არცთუ ისე დიდ დროში, შევძელი შემესწავლა ჩინური ენის 900-მდე იეროგლიფი და სემესტრის მიწურულს ჩინურად დამემყარებინა კომუნიკაცია ადგილობრივ სტუდენტებთან.

ასევე, ამ ერთი სემესტრის განმავლობაში, ბეიჯინგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიზანი იყო უცხოელი სტუდენტებისთვის ჩინური კულტურის გაზიარება, რაც მოიცავდა ისტორიულად ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებასა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი, თავისთავად, უამრავ თავგადასავალსა და დაუვიწყარ მოგონებებს გვჩუქნის.

აბიტურიენტებს, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება კარიერული თუ პიროვნული მიზეზებით ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების გამო სურთ, ვურჩევდი რომ იყვნენ მოტივირებულები, თავიანთ მიზნებზე ორიენტირებულები და IBSU აუცილებლად შეუწყობს ხელს და მხარში დაუდგება თითოეულ მათგანს”, – აღნიშნა დავითმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური