GE

უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი

სტუდენტებისა და მოსწავლეების მრავალკვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მთავრობამ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტის შესახებ გამოაცხადა. თანხების განაწილება და სხვა დეტალები საფრანგეთის განათლების სამინისტრომ მედიისთვის მომზადებული პრესრელიზის სახით, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

გამოცემა lemonde წერს, რომ განათლების მინისტრმა და უმაღლესი განათლების მინისტრმა, ორშაბათს, 26 ოქტომბერს, ერთობლივად წარმოადგინეს მთავრობის გეგმა კრიზისის მოსაგვარებლად.

euronews-ის ინფორმაციით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ქვეყანა უარს იტყვის სტუდენტთა მიღების აქამდე არსებულ სადავო სისტემაზე.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში მისაღები ეროვნული ონლაინ პლატფორმა Parcoursup, რომელიც ახალგაზრდებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, 2028 წლისთვის სრულად გაუქმდება, ჩანაცვლდება, ხოლო 2027 წლიდან მასში გარდამავალი ცვლილებები შევა. რეფორმის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით ტექნიკურ და პროფესიულ მიმართულებებზე, დამატებით 15 000 ახალი ადგილი შეიქმნება, ხოლო სტიპენდიები ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება.

საფრანგეთში სასკოლო ეროვნული გამოსაშვები გამოცდების შემდეგ პლატფორმა Parcoursup-ზე ხდება გამოცდების ნიშნებისა და სხვა მონაცემების საფუძველზე უნივერსიტეტების შერჩევა. სტუდენტები კი წლებია ჩივიან, რომ უნივერსიტეტების შერჩევის კრიტერიუმები და ადგილობრივი ალგორითმები გაუგებარია. ასევე, აპლიკანტებმა ხშირად არ იციან, რატომ ეთქვათ უარი ამა თუ იმ ფაკულტეტზე. მთავრობის ახალი გეგმით, 2027 წლიდან უნივერსიტეტები ვალდებულნი იქნებიან, დეტალურად დაასაბუთონ თითოეული უარი.

„პარკურსუპიდან“ (საფრანგეთის უნივერსიტეტში მიღების პლატფორმა) დაწყებული, საშუალო სკოლების კლასების ზომებით, სკოლის შენობებითა და მიმდინარე შეფასებით დამთავრებული, მთავრობის გეგმა მოიცავს იმ ზომებს, რომელთა დაუყოვნებლივ მიღებასაც მინისტრები 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით აპირებენ, ასევე „პროექტებს“, რომლებიც მომდევნო თვეებში უნდა განხორციელდეს. თითოეული დებულება მიზნად ისახავს ქუჩებში საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ წამოჭრილი საჩივრების მოგვარებას”, – წერს lemonde.

ამასთანავე, საფრანგეთის ხელისუფლებამ გააუქმა მანამდე დაგეგმილი პედაგოგთა შტატების შემცირების გადაწყვეტილება და პირიქით, სისტემას 500 ახალ მასწავლებელს შემატებს.

გამოყოფილი 4 მილიარდი ევროდან 1 მილიარდი ევრო უშუალოდ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება.

euronews-ის ცნობით, მიუხედავად ამ დათმობებისა, წამყვანი სტუდენტური გაერთიანებები შემოთავაზებულ პაკეტს არასაკმარისად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური