GE

ილიას უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”

15 ივნისს 15:00 საათზე ილიაუნის თეატრში გაიმართება ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ღია კარის დღე. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ახალი პროგრამის, რომელმაც 2021 წელს გაიარა აკრედიტაცია, მთავარი აქცენტი რეჟისორისა და მსახიობის თანაავტორობით თეატრალური პროდუქტის შექმნაა, რაც ორიენტირებულია ცოცხალი ხელოვნების, ანუ სიცოცხლისუნარიანი შემოქმედებითი გარემოს განვითარებაზე და ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი პლათფორმის შექმნასა და განმტკიცებაზე.

პროგრამა ინოვაციურია, მას ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არა აქვს და მოიცავს სახელოსნოს და სტუდიურ პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის მცდელობაც არაოფიციალურად არსებობდა საქართველოში მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში. პროგრამა ტრადიციულ საგნებთან ერთად, მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: ინსტალაცია, პერფორმანსი, სივრცის დიზაინი, სხეული, როგორც სიტყვა, დოკუმენტური თეატრი და სხვა, რომელთა სწავლებაც საქართველოში პირველად ხდება.

სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით ილიაუნის თეატრი ასევე გეგმავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების საბაკალავრო ნაშრომების პრეზენტაციას.

  • 16-17 ივნისს ეჟენ იონესკოს აბსურდულ კომედიას „სკამები“, რომლის რეჟისორიც ანა ბალიაშვილი გახლავთ, ჩვენი კურსდამთავრებულები მზიურის პარკის ამფითეატრში გაითამაშებენ;
  • 24-25 ივნისს გაიმართება მსახიობების ჯგუფის სადიპლომო სპექტაკლი „კედელი“;
  • 2-3 ივლისს შედგება რეჟისორის გელა გულიაშვილის სადიპლომო ნამუშევრის „უხერხემლო“ ჩვენება, რომლის ავტორიც ქართველი დრამატურგი ალექსი ჩიღვინაძეა

სადიპლომო ნამუშევრების ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვანო ხუციშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური