ილიაუნის დოქტორანტის, მარიამ ალბექიონის სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში – ASTRONOMY AND ASTROPHYSICS დაიბეჭდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი „კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის პირველი ავტორობით დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy and Astrophysics.
მარიამ ალბექიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია.
სტატია ეხება როსბის (პლანეტარული) ტალღების დინამიკის თეორიულ შესწავლას ადრეული ტიპის ვარსკვლავების წიაღში.
როსბის ტალღები, რომლებიც დაკავშირებულია ბრუნვასთან, განაპირობებს დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების, პლანეტების ატმოსფეროებისა და მზის წიაღის დიდმასშტაბიანი პროცესების დინამიკას. თანამედროვე კოსმოსური მისიების დაკვირვებები აჩვენებს ამ ტალღების არსებობას სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებზე, რაც თეორიულ მოდელირებასთან ერთად ვარსკვლავთა წიაღის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
ნაშრომში შესწავლილია როსბის ტალღების განედური და რადიალური გავრცელება ადრეული ვარსკვლავების წიაღში ტემპერატურის სხვადასხვა ვერტიკალური პროფილისთვის. ნაჩვენებია, რომ ტალღები ძირითადად აღიძვრება ვარსკვლავების ზედაპირთან ახლოს და კონცენტრირებულია ეკვატორის მიმდებარე განედებზე. ტალღების თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვარსკვლავთა შიდა ფენების ტემპერატურასა და ბრუნვაზე. ამიტომ თეორიული შედეგების დაკვირვებებთან შედარება ვარსკვლავების წიაღის შესწავლის საშუალებას იძლევა. როსბის ტალღების შესწავლა გვიანდელი ტიპის ვარსკვლავებისთვისაც გრძელდება.
მიმდინარე კვლევები მნიშვნელოვანია სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS, Gaia) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ვარსკვლავების წიაღის შესასწავლად.
იხ. სამეცნიერო სტატია: “Rossby waves on stellar equatorial β planes: Uniformly rotating radiative stars”, M. Albekioni, T.V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A&A, Vol. 671, A91.
-
Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგში ილიაუნის ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ბოსტონის კოლეჯის პროფესორების ვორკშოფი ილიაუნიში: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკადემიური კონფერენცია „პოლონური და ქართული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მე-19 საუკუნეში“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი