GE

ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ პროფესორებსა და სტუდენტებს ავტორიზაციის საბჭოს დასკვნის დეტალები გააცნო. განათლების სამინისტროს სსიპ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით, ოღონდ ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭა, ქალბატონი ნინო უსამართლოს და დისკრიმინაციულს უწოდებს. რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გეგმაც გააცნო, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. შეხვედრის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში კი, ნინო დობორჯგინიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც ილიას უნივერსიტეტის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩნდება.

– ქალბატონო ნინო, ნებისმიერ გადაწყვეტილებას აკადემიურ პერსონალს ასე უთანხმებთ, თუ ავტორიზაციის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ მათთან შეხვედრა?

– ყოველთვის ასე ხდება. არ მახსენდება რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ისე მივიღეთ, აკადემიურ პერსონალს არ დავეკითხეთ. მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ პრინციპულ საკითხს ეხება და 17 700 სტუდენტისა და 3000-ზე მეტი სხვადასხვა რგოლის პერსონალის საქმიანობის შეფასებაზეა საუბარი. წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და რომელიც ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა საუკეთესო დასკვნაში ასახა, სწორედ ამათი დამსახურებაა. ამიტომ, მათთან, საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. სხვათა შორის, მათ შეგნებულად არ შევხვდით იმ დღეს, როცა ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა მივიღეთ – არ გვინდოდა, ეს შეხვედრა მხოლოდ ემოციური ყოფილიყო. ამ დღეების განმავლობაში, დასკვნის ყველა დეტალი სამუშაო ჯგუფთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და იურისტებთან ერთად გავაანალიზეთ.

– გაანალიზების შემდეგ დასკვნას „ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი, დარღვევით და არადამოუკიდებლად მიღებული“ უწოდეთ. ასეთი შეფასებების საფუძველი რა არის?

– ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ილიას უნივერსიტეტი გადიოდა ავტორიზაციის პროცესს. პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, შვიდივე სტანდარტში (ამის მიხედვით ფასდება უნივერსიტეტი ავტორიზაციის პროცესში) უმაღლესი შეფასება მოგვცეს. ამ ფონზე ვფიქრობდით, რომ მეორე ეტაპზე, საბჭოს მიერ ავტორიზაციას უპირობოდ მივიღებდით. თუმცა, საბჭომ, რომელიც წესით ექსპერტების დასკვნას აანალიზებს და შემდეგ აკანონებს, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო – დაუსაბუთებლად დაწია უცხოელი და ქართველი ექსპერტების შეფასებები. ეს მას თავისი ფუნქციონირების განმავლობაში (6 მარტს დაიწყო მან მუშაობა) არც ერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში არ გაუკეთებია. თითოეული უნივერსიტეტის დასკვნას და საბჭოს გადაწყვეტილებებს რომ გაეცნოთ, ნახავთ, რომ პირიქით, როგორც წესი, შეფასებები აწეულია. ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია გადამოწმება.

– კონკრეტულად რა ნაწილში არ დაეთანხმა საბჭო ექსპერტების შეფასებებს?

– შვიდიდან სამ სტანდარტში შეცვალა საბჭომ ექსპერტების შეფასება. ოღონდ დასაბუთების გარეშე, რისი უფლებაც არ აქვს. საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ დასაბუთების, რაიმე ახალი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში შეუძლია, რაც არ მომხდარა. საბჭომ ექსპერტების რჩევები მექანიკურად აქცია აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაციებად. რა მიზეზით, არ ვიცით, ამაზე საბჭოს მოუწევს პასუხის გაცემა. ზოგადად, მთელი პროცესი დარღვევებით წარიმართა და გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი იყო. საბჭოზე ითქვა, უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 1 წლის თავზე მონიტორინგის პირობითო. მერე, ოქმში ჩაწერეს განსხვავებული ფორმულირება: ავტორიზაცია, ანუ უნივერსიტეტის სტატუსი 6 წლის ვადით, ერთი წლის თავზე მონიტორინგის ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენის პირობით. გადაწყვეტილებაში კი სულ სხვა რამ ჩაწერეს – საბჭო განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შუამდგომლობით მიმართავს, უნივერსიტეტის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების მიზნით, ერთი წლის თავზე გეგმური მონიტორინგი ჩაატაროსო. მარტივად და შეფასების ძველი სასკოლო სისტემით რომ ავხსნათ, დადებითი ნიშანიც დაგვიწერეს, ვთქვათ, სამიანი ან ოთხიანი და, ამავდროულად, საშემოდგომოც გამოგვაყოლეს, თან მიზეზის ახსნის გარეშე.

– შიდა დოკუმენტაციის სწორად და დროულად განახლება, საკანონმდებლო ცვლილებების მყისიერი დანერგვა, ინგლისურენოვანი ვებგვერდის სრულყოფა… – საბჭოს ამ რეკომენდაციებიდან რომელიმე შეიძლება იყოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი?

– არა. ეს იყო ექსპერტთა ჯგუფის რჩევები, რომლებიც საბჭომ მექანიკურად აქცია სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებად. რეკომენდაციები უნდა ეხებოდეს იმ 7 სტანდარტს, რომელთა მიხედვითაც ავტორიზაციის პროცესში უნივერსიტეტი ფასდება. ექსპერტთა არასავალდებულო რჩევების მექანიკურად რეკომენდაციებად გადაკეთება მხოლოდ მანიპულაციაა. ჩვენი ვებგვერდი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს, მაგრამ თავისუფალი რჩევა მოგვცა ექსპერტმა ინგლისურენოვან ნაწილში. საბჭოს უნდა განემარტა, რომელი სტანდარტის რომელი პუნქტის შესრულებისთვის იყო აუცილებელი პირობა ამ რჩევის რეკომენდაციად ქცევა. არაფერი მსგავსი საბჭოს არ დაუდგენია, ისე, მექანიკურად, არასავალდებულო რჩევები გადაიტანა სავალდებულო რეკომენდაციების ნაწილში. ამასთანავე, საბჭო არ „მოერიდა“ საკმაოდ მძიმე პროცედურულ დარღვევებს. არასამართლებრივად ჩატარდა საკითხის განხილვისა და ხმის მიცემის პროცედურა – ერთ-ერთი წევრი, რომელიც განხილვაში მონაწილეობდა, ოქმს ხელს არ აწერს. ამ პიროვნებამ ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ მხოლოდ განხილვაში მონაწილეობდა, კენჭისყრაში კი – არა. თავისთავად, ეს დარღვევაა. პროცედურის მიხედვით, თუ იღებ მონაწილეობას, ხმა უნდა მისცე. მისი სახელი საერთოდ აღარაა ნახსენები საბჭოს ოქმში. სამაგიეროდ, ოქმს ხელს აწერს ერთ-ერთი მოწვეული წევრი, რომელიც საერთოდ არ ესწრებოდა სხდომას. ეს მძიმე დარღვევაა და მთლიანად ეჭვქვეშ აყენებს პროცესს. სწორედ ამ ყველაფრის გამო, მივიჩნევთ, რომ საბჭო არ იყო დამოუკიდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ის ხელოვნურად აკოწიწებდა „სასურველ“ ფორმულირებას არგუმენტების გარეშე. სამწუხაროა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა არის უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები. ასეთ გადაწყვეტილებას რომ აწერ ხელს, პირველ რიგში, საკუთარ პროფესიულ ავტორიტეტს ანადგურებ და ასევე უდიდეს ზიანს აყენებ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას.

მაინტერესებს, რით ახსნიან თავიანთ პოზიციას საბჭოს ის წევრები, რომლებიც საერთაშორისო განათლების სფეროს წარმოადგენენ. რით ახსნიან, რომ ილიაუნი, რომელიც უნივერსიტეტების რანჟირების საერთაშორისო სისტემებში, იქნება ეს „სიმაგოსა“ თუ „თაიმსის“ რეიტინგი, ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს, ადგილობრივი საბჭოს შეფასებით კი მონიტორინგს იმსახურებს? ეს კითხვა რელევანტურია, ვინაიდან ამ საერთაშორისო რეიტინგების შეფასების კრიტერიუმები (კვლევა, სწავლება, ინტერნაციონალიზაცია, რესურსები, კვლევის ინფრასტრუქტურა და ა.შ.) ავტორიზაციის კრიტერიუმების მსგავსია. რა გამოდის? ავტორიზაციის საბჭო უფრო „მკაცრია“ შეფასებებში ვიდრე უნივერსიტეტების შეფასების საერთაშორისო სისტემა? რა თქმა უნდა, არა. პრობლემა ისაა, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი ორნაწილიანია და მეორე – საბჭოს ნაწილი – მანიპულაციის სივრცეს ტოვებს. ამ პროცესის პირველი ნაწილი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შეფასება, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით (საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ უცხოელი ექსპერტია თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე) ნამდვილად ობიექტურია. მაგრამ ამ ობიექტურ ნაწილს „ამოფარებულია“ ადგილობრივი – ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც ილიას უნივერსიტეტთან მიმართებით თვითნებურად, უკანონოდ, ყოველგვარი პროფესიული ეთიკის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და ამით დააზიანა მთელი პროცესი. ავტორიზაციის საბჭო ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ბერკეტი უნივერსიტეტის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ეს ბერკეტი კოლეგების ხელით მოქმედებდა.

– ეს ბერკეტი უნივერსიტეტის ავტონომიის შესალახად და მასზე პოლიტიკური კონტროლის დასაწესებლად გამოიყენეს თუ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, მაგალითად იმის გამო, რომ ე.წ. „რუსული კანონს” პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდით?

– რა თქმა უნდა, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის უგულებელყოფა, უხეშად ჩარევა, კონტროლის მცდელობა და დიახ – ანგარიშსწორებაც. ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ ეს შარშან დაიწყო. ჩემზე თავდასხმით სცადეს ილიაუნის, თავისუფლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ამ მართლაც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანება. თუმცა ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და ილიას უნივერსიტეტმა საზოგადოების (არა მარტო აკადემიურის!) უპრეცედენტო სოლიდარობა მიიღო. არადა, რა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიინსტიტუციური საქციელი ჩავიდინეთ? უბრალოდ, ღიად დავაფიქსირეთ, რომ ის კანონი დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ისედაც მწირი სასწავლო და კვლევითი რესურსების მქონე ქვეყნისთვის. მე ვცადე, ერთი უნივერსიტეტის მაგალითზე ამეხსნა, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ფონდებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას უმაღლესი სასწავლებლებისთვის და მათი დაკარგვა რამდენად დააზიანებდა საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებს. მარტო განათლებაც ხომ არაა. გუშინ ვუსმენდი, სვანეთში, მოქალაქეების ჯგუფმა მოიპოვა დაფინანსება, რომ რეგიონში დიალიზის აპარატი ჰქონდეთ. რამდენი ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთა შეჩერებაც, ამა თუ იმ სფეროში კოლაფსს გამოიწვევს? ეს ადამიანები ხომ საკუთარი თემის, ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან? ილიას უნივერსიტეტი სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების წყალობითაა იმ რეიტინგებში წარმატებული. როცა კონკრეტული კანონით ამ უნიკალურ შესაძლებლობას საფრთხე ექმნება, ამაზე დამოუკიდებელმა, ავტონომიურმა უნივერსიტეტმა არ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია? რეალურად, მხოლოდ ეს დავაფიქსირე მაშინ.

– მხოლოდ ეს არ იყო ქალბატონო ნინო. პარალელურად, არ მოაწერეთ ხელი რექტორების წერილს, არ მოუწოდეთ სტუდენტებს გამიჯვნოდნენ პოლიტიკას და დაბრუნებოდნენ სასწავლო პროცესს. მეტიც, მათ გაცდენილი საათების ანაზღაურებასაც დაჰპირდით…

– დიახ, ასე მოვიქეცით და ეს მარტო ჩემი კი არა, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოების გადაწყვეტილება იყო და, პირველ რიგში, ჩვენი აკადემიური პერსონალის პოზიციას გამოხატავდა. აქედან რომელი ნაბიჯი გასცდა კანონის ჩარჩოს? ჩვენს კანონში მკაფიოდ წერია, რომ სტუდენტს და თანამშრომელს აქვს უფლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოფიციალურად გამოაცხადოს მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის გაიფიცოს. ეს არის დემოკრატიული სამყაროს კანონებთან თავსებადი ჩვენი კანონმდებლობა, რომლის არ გათვალისწინება იქნებოდა უსამართლობა სწორედ და არა პირიქით. ვიმეორებ, უკანონო არაფერი გაგვიკეთებია – სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება მივეცით და გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად სასწავლო პროცესი გავახანგრძლივეთ ისე, რომ კანონი არ დაგვირღვევია. ამაზეც პროფესორ-მასწავლებელთა სრული მხარდაჭერა გვქონდა. ყველა მზად იყო, დამატებით ჩაეტარებინა ლექციები.

– პროტესტის გამოხატვის უფლება მიეცით განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მაშინდელი განცხადების მიუხედავად, რომელიც მოგიწოდებდათ, უზრუნველყავით უწყვეტი სასწავლო პროცესი, თორემ შესაძლოა ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესში პრობლემა შეგექმნათო. ეს განცხადება გაფრთხილებად არ გენიშნათ?

– ხარისხის ეროვნული ცენტრის სახელით გამოქვეყნებული ეს განცხადება გასცდა სწორედ კანონის ფარგლებს და არა ჩვენი ქმედება. თუ გახსოვთ, ამ განცხადების გავრცელებიდან საათ-ნახევარში ცენტრის 170 თანამშრომელი გაემიჯნა მას, არაკანონიერი იყო და იმიტომაც. კი, ეს იყო უნივერსიტეტების დასაშინებლად, მაგრამ თავად ცენტრის თანამშრომელთა უდიდესმა ნაწილმა არ გაიზიარა. საქართველოს ხარისხის ეროვნული ცენტრი ხარისხის მიმნიჭებელი ინსტიტუციების ევროპული ასოციაციის წევრია და ჩვენს ქვეყანაში გაცემული დიპლომების აღიარება დიდწილადაა ამგვარი საერთაშორისო ასოციაციების წევრობაზე დამოკიდებული. ასე რომ, ცენტრი არღვევდა იმ განცხადებით თავისსავე წესებს. რაც შეეხება რექტორების წერილს, უფრო სწორედ, მოწოდებას, რომ სტუდენტები უნდა დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს, ეს მოწოდება არც მორალურია და არც სამართლებრივი იმ დროს, როცა სტუდენტები კანონიერების ფარგლებში აპროტესტებენ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელ კანონს, როცა შენი უნივერსიტეტის პროფესორს, კანონმორჩილ მოქალაქეს, ლამის აბრმავებენ წიწაკის სპრეით, როცა შენს კურსდამთავრებულს სადარბაზოსთან ელექტროშოკით მისდევენ, როცა ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტს გამოხატავენ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელი კანონის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ამ დროს ახალგაზრდებს მოუწოდო მშვიდად დაბრუნდნენ აუდიტორიებში? მზარავს ამ სიტყვათშეთანხმების გაგონება: უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. ვითომ „შეარბილეს“ და გამტარებლით შეცვალეს. გამტარებელი ნეტა რა ჰგონიათ? ლათინური „აგენტის“ ქართული შესატყვისია. იცით, ვის უწერია პირად საქმეში, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტია? ივანე ჯავახიშვილს და იმ უმძიმესი რეპრესიების მსხვერპლთა უმეტესობას. როგორ შეიძლება ეს არ გააპროტესტო, შენი პოზიცია არ გამოხატო?

ცენტრის სახელით გამოქვეყნებული ის განცხადება რაც არ უნდა მუქარად აღმექვა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. არც არასდროს მინანია. არც მაშინ, როცა პირადად ჩემზე დაიწყო თავდასხმები, როცა პირადი ტრაგედია გამოიყენეს, როცა ათასი სიბინძურე დამაბრალეს. იყო მცდელობა, სტუდენტები დაეპირისპირებინათ ჩვენთვის. მაგრამ იცით რით ვარ ბედნიერი? ვერც ერთი სტუდენტი ვერ აიყოლიეს! არ გამოუვიდათ! იმიტომ, რომ ესეცაა ჩვენი უნივერსიტეტის სიძლიერე – სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ასეთი ერთობა, ერთსულოვნება. მაშინ მიხვდნენ სტუდენტები, რომ მათ მოტყუებას ცდილობდნენ. საპირისპირო რეაქცია მიიღეს. ახლაც ასე მოხდა – საბჭოს გადაწყვეტილებამაც პირუკუ რეაქცია გამოიწვია. ყველა ხვდება, რომ ეს არის უსამართლო ჩვენს წინააღმდეგ და არა მხოლოდ – ეს არის სერიოზული დარტყმა ჩვენი განათლების სისტემაზე. იცით, მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რომელიც, საბედნიეროდ, ივანე ჯავახიშვილმა დააარსა, მაგრამ რომლიდანაც, საუბედუროდ, უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებული ივანე ჯავახიშვილი გააძევეს. ის, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული უნივერსიტეტი, ჩემამდე, გასული საუკუნის 80-იანი წლების რიგით სტუდენტამდე, თითზე ჩამოსათვლელმა ძალიან ღირსეულმა მეცნიერებმა მოიტანეს. ასეთი მეცნიერები ყველა დროსა და სივრცეში გამოხატავენ და იცავენ სწორ სამოქალაქო პოზიციას. ამაზე პირველ რიგში, ჩემი უძვირფასესი მასწავლებლის, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და უფროსი მეგობრის, ქალბატონი მზექალა შანიძის არა ერთი განცხადება და ინტერვიუ მახსენდება, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. პროფესიული პასუხისმგებლობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი კი არაა, ის ყველას ეხება და გულისხმობს კეთილსინდისიერად მოქმედებას შენს ვიწრო, შემოსაზღვრულ დროსა და სივრცეში, იქნება ეს ავტორიზაციის საბჭოში თუ რომელიმე უნივერსიტეტში მუშაობა. ამიტომ მწყდება გული ავტორიზაციის საბჭოს წევრ კოლეგებზე, რომელთაც არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, პირველ რიგში, საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის უმაღლესი განათლების საერთაშორისო პრესტიჟი დააზიანეს.

– ამ ფონზე, როგორია თქვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია?

– გაოგნებულები და აღშფოთებულები არიან. სხვათა შორის, ავტორიზაციის პროცესს მათთან ერთად გავდიოდით. ილიაუნი თორმეტი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ორმაგი და ერთობლივი ხარისხის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს გლაზგოს, მიუნსტერის, გიოტინგენის, გენტის, ტარტუსა და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ამაში არა მარტო ილიაუნელების, არამედ ჩვენი უცხოელი კოლეგების და საერთაშორისო ფონდების უდიდესი ძალისხმევა და რესურსი ჩაიდო. რა თქმა უნდა, საბჭოს გადაწყვეტილება მათში უსამართლობის განცდას აჩენს და, სამწუხაროდ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მიმართ უნდობლობას იწვევს. ისინი ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან.

– და რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები?

– რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ. საწყის ეტაპზე მივმართავთ სააპელაციო საბჭოს, შემდგომ კი, სააპელაციო საბჭოს რეაგირების შესაბამისად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა სამართლებრივ დავას. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ის ან დაუბრუნებს ამ საკითხს ავტორიზაციის საბჭოს ხელახალი განხილვისთვის – რისი იმედიც გვაქვს სწორედ ამ დარღვევებისა და შეუსაბამობების გათვალისწინებით – ან დატოვებს გადაწყვეტილებას ძალაში. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გავაგრძელებთ დავას სასამართლოში.

– იმავე ავტორიზაციის საბჭოში ან სასამართლოში გამარჯვების იმედი გაქვთ?

– შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დიახ, გვაქვს იმედი, მეტიც, გვჯერა, რომ მოუწევთ ამ უსამართლო გადაწყვეტილების უკან წაღება. ოპტიმიზმის საფუძველს აკადემიური საზოგადოების სოლიდარობაც გვაძლევს. ჩვენი კოლეგები, სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მედიასა თუ სოციალურ ქსელში პრინციპულად იცავდნენ ჩვენს სიმართლეს – ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მათი მხარდაჭერა ამტკიცებს, რომ ჩვენ აღარც საბჭოთა საზოგადოება ვართ, როცა საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი იყო და აღარც პოსტსაბჭოთა – როცა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა დავიწყეთ. ჩვენ უკვე ვართ დემოკრატიული, სოლიდარული საზოგადოება, სადაც სხვისი უფლების დასაცავადაც იბრძვიან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ საზოგადოების მოშთობა, შეუძლებელია. ამ ბრძოლაში უპრეცედენტოდ ერთიანია ილიაუნის ყველა რგოლი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. დღევანდელ დისკუსიაში ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ასეთი რამ თქვა: ილიას უნივერსიტეტის ბედი დამოკიდებულია იმაზე, გადარჩება თუ არა ამ ქვეყანაში ევროპული განვითარების პროექტიო. ადრეც ვთქვი და უნდა გავიმეორო: ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ამ პროექტის გადარჩენა, რა როლი აქვს ამაში უნივერსიტეტს, როგორც ავტონომიურობის, თავისუფლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ყველაზე ძველ ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუციას. დიახ, ჩვენ ამას ერთად დავიცავთ!

ასევე იხილეთ:

Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა

ილიაუნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ავტორიზაციის საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება“ – გადაწყვეტილება და ოქმი გასაჯაროვდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური