ილიაუნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ავტორიზაციის საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება“ – გადაწყვეტილება და ოქმი გასაჯაროვდა
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით მიენიჭა“, – ვკითხულობთ დღეს, 11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსს ეძღვნება.
განცხადებიდან ვიგებთ, რომ უნივერსიტეტი საკითხის ღია განხილვასთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავს.
როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭა.
“გუშინ გვიან საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით. ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
აშკარაა, რომ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებაში ავტორიზაციის საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება და ამით არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც დიდი ზიანი მიაყენა.
ილიას უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას.
ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას; ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით”, – წერია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში და ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
ამის შემდეგ კი, სექტემბრის მიწურულს ჩატარებულმა ავტორიზაციის საბჭომ, როგორც უნივერსიტეტი განმარტავს, “ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით”.
გადაწყვეტილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სექტემბერშივე პრინციპულად არ ვეთანხმებოდა: “საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას”.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწვეტილება და ოქმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება