ილიაუნიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა და ლიტერატურა 2” გაიმართება
მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენა და ტერიტორია 2.
ილიაუნის ცნობით, კონფერენციის თანაორგანიზატორია ქალაქ სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი (ონტარიო, კანადა), სადაც 2010 წლის აგვისტოში ჩატარდა პირველი კონფერენცია. კანადაში ჩატარებულ კონფერენციასა და იქ გამართულ დისკუსიებში სამმა ქართველმა მეცნიერმაც მიიღო მონაწილეობა. მრავალი კითხვა დაისვა ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ არსებული ენობრივი ვითარების შესახებ. კონფერენციის დასასრულს გადაწყდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია ენისა და ტერიტორიის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო საქართველოში, რათა უცხოელ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად, ქართველ მეცნიერებსაც ჰქონოდათ ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 105 მეცნიერი, პროფესორი, მკვლევარი მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. მათ შორის 44 ქართველი და 61 უცხოელი – საფრანგეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, ვიეტნამიდან, ირანიდან, ლიბანიდან, აფრიკის 11 ქვეყნიდან.
როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კონფერენციის მსვლელობის დროს გაიმართება კანადელი მეცნიერის, კონფლიქტების სპეციალისტის, ენდრიუ ანდერსენის (Andrew Andersen), წიგნის – Abkhazia and Sochi: the Roots of the Conflict 1918-1921 (Toronto, Asteroid Publishers, 2014) – პრეზენტაცია. ენდრიუ ანდერსენი იქნება მომხსენებელი ერთ-ერთ პლენარულ სესიაზეც.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ფრანგული და ინგლისური.
უნივერსიტეტის განმარტებით, წარმოდგენილი მოხსენებების შეფასება მოხდება ანონიმურად ორი ექსპერტის მიერ, შერჩეული მოხსენებები სტატიების სახით გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, სამ ტომად მონოგრაფიულ სერიაში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდება მსოფლიოს საუნივერსიტეტო და ეროვნულ ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.
კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება 30 აგვისტოს, 18:00 საათზე ბოტანიკურ ბაღში.
კონფერენციის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ კონფერენციის საიტზე
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი