GE

„იმ ქვეყანაში, სადაც რეფორმებს ისე ცვლიან, როგორც „აწყობთ“, რთულია, პედაგოგმა სწავლის დისციპლინა აჩვენო და თან ასწავლო“

ავტორი: ეკატერინე ჩიქოვანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ მარტო “ქართულს” არ ვასწავლი, არამედ ვასწავლი ფიქრს, მსჯელობას და არ ვიღებთ მხოლოდ ცოდნას, მშრალ ცოდნას.

ვისწავლე “ვეფხისტყაოსანი” და დამთავრდა, არა, არამედ ფიქრს, გაგებას, გააზრებას, ანალიზს, სინთეზს, შედარებას.

ვცდილობ, ვაჩვენო რა არის სწავლის დისციპლინა: რატომ უნდა ისწავლონ და საერთოდ სჭირდება სწავლას დისციპლინა?

რაში მჭირდება ეს ყველაფერი ? – მჭირდება იმისათვის, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს. შეეძლოთ ერთი ფაქტის ან მოვლენის მეორე ფაქტთან ან მოვლენასთან შეჯერება, შედარება და დასკვნის გამოტანა.

ფიქრი – სად ვიყავით და ახლა სად ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ. გურამიშვილისეული მიდგომაა:

“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო”.

თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც რეფორმებს ისე ცვლიან, როგორც “აწყობთ”, რთულია სწავლის დისციპლინა აჩვენო და თან ასწავლო, რადგან თავად ქვეყანას არ გააჩნია ეს და ისმის კითხვა: “რას ვთხოვთ მოსწავლეს?”

1. როცა მინისტრი იცვლება, იცვლება რეფორმა, წესი, კანონი.

2. არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ ძირეულად უნდა შეიცვალოს რეფორმა, წესი, კანონი.

3. არავინ ფიქრობს, მოსწავლეებზე, მასწავლებელზე, სკოლაზე – მთავარია, კონკრეტულ მიმართებას სჭირდებოდეს. “ესეც გაივლის” პრინციპი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე ვეღარ გაივლის.

1. ძვირფასო მეგობრებო, ის, რომ მე-12 კლასი აღარ იქნება, არის სავალალო და უკიდურესი წერტილი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ ამან აჩვენა ჩვენი განათლების სისტემის ჩამოშლა.

ა. ვინც ამბობთ, რომ “ჩვეულებრივი” ხალხისთვის ეს დროის ფლანგვა იყო, რადგან თქვენი შვილები საზღვარგარეთ ვერ მიდიოდნენ, რატომ არ ამოიღეთ ხმა და არ თქვით, რომ მე-12 კლასში არავინ სწავლობდა ? კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდიოდნენ და თქვენ თავად გიწევდათ მომზადება?

პასუხი: განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სწორად მე-12 კლასის დაორგანიზება ისე, რომ მოსწავლეებს ესწავლათ არა კერძო რეპეტიტორებით, არამედ სკოლის ნასწავლით.
აქ არ არის საუბარი მასწავლებელზე ასწავლა თუ არა, არამედ “საჯარო სკოლის” მთლიან კონცეფციაზე. რამდენი წელია ყველაფერი “ჩვეულ რეჟიმში” მიმდინარეობს და ახლა რაატომ გაახსენდა ყველას სწავლობდნენ თუ არა მოსწავლეები მე-12 კლასში?

ბ. სად იყვნენ პედაგოგები?
პასუხი: მასწავლებლებს დაევალათ ათასი საბუთომანია, რომელიც ვის სჭირდება კაცის შვილმა არ იცის, ბიუროკრატიის მთელი დასტა, ამას არავინ ამოწმებს ან ასწორებს, ეს არ სჭირდება მოსწავლეს, თუმცა სჭირდება არარსებულ სამინისტროს, რომელიც მოწადინებულია საქართველოში არ იყოს ხარისხიანი განათლება.

მასწავლებლებს არ აქვთ ანაზღაურება, დაფასება, ზოგ კერძო სკოლაში მასწავლებელს საერთოდ არ აქვს ზაფხულის ხელფასი, ტაციაობაა საათებზე, რადგან რაც მეტია საათი, მეტია ხელფასი, რაც მეტია დაღლილი მასწავლებელი, მით ნაკლებია გაკვეთილის ფასი.

ესეც ერთ-ერთი სანიმუშო სამინისტროს ფორმულა.

1.მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც ძირეულად შეცვლის იმ ზემოთ აღნიშნულ სწავლის მეთოდს, რადგან თუ არ შევცვალეთ მე-12 კლასის სწავლების ხარისხი, მე-11 კლასი იდეალური იქნება?

2. თუ არ შევცვალეთ სკოლის ხარისხი და არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ მოსწავლეებს ელემენტარული საჭიროება ჰქონდეთ სკოლაში, მიგრაციის პრობლემას ვწყვეტთ მე-12 კლასით?

3. ჩვენი მოსწავლეები ვერ წავლენ განათლების მისაღებად უცხოეთში, ართმევ არჩევანს და როცა ტოვებ შრომით ბაზარს რას სთავაზობ?

4. როცა გაქვს პრეტენზია, რომ ისინი აღარ ჩამოდიან უკან, რომ ჩამოვიდნენ სად იმუშაონ? რა ანაზღაურებაზე? რა ქნან?

პასუხი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს მთავრობა პასუხი არ გაქვთ, თქვენი მიზანი არ არის ფიქრი, ანალიზი, გააზრება, არამედ მხოლოდ მშრალი ცოდნა.

თქვენ არ გინდათ განათლებული თაობა, რომელსაც არჩევანი აქვს, დისციპლინირებული თაობა, რომელსაც ესმის განათლების ფასი.

– წარმოიდგინეთ ის მოსწავლეები, რომლებსაც მეტი და მეტი უნდათ, თუმცა ამას ვერც სკოლა აძლევს და ვერც ქვეყანა? თქვენ ჩვენი მოსწავლეები არ გჭირდებათ!

სადაც არის პროფკავშირი, რომელიც უნდა იცავდეს მასწავლებლებს, განათლებასა და ცოდნას?

განათლების სისტემას აღარ უჭირს, მთლიანად ჩამოიშალა და, სამწუხაროდ, როგორც ადრე – ეწირება თაობები.

ამავე თემაზე:

პასუხი 11 კლასის ბოლონიის პროცესთან შეუთავსებლობაზე – „ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში“

რას გულისხმობს სასკოლო რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება – განათლების მინისტრი დეტალებზე

ბოლონიის პროცესი – „თუ საქართველო გადავა სწავლების 11-წლიან სისტემაზე, ეს გამოიწვევს რამდენიმე პრობლემას“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური