GE

„პრობლემაა მათემატიკის გამოცდაზე ასეთი დაბალი მინიმალური ბარიერი და დახურულბოლოიანი დავალებების გაზრდა“

მენტორი მასწავლებელი, ფიზიკოსი ნანა დაბრუნდაშვილი 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტებზე საუბრობს და ამ კონტექსტში სკოლასა თუ მის გარეთ, მოსწავლეთა მშობლებთან მიმართებით დღეს არსებულ პრობლემებს განიხილავს.

16 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში სპეციალისტი წერს, რომ მოსწავლეების უმრავლესობა მათემატიკის საგანს საგამოცდოდ ირჩევს იმ იმედით, რომ მათემატიკაში მინიმალური ზღვარი ძალიან დაბალია.

მისი შეფასებით, ვერ ვიტყვის, რომ წელს რთული საკითხები იყო, აბიტურიენტებს შესაძლოა დრო დააკლდათ, საგამოცდო სტრესისთვის არ იყვნენ კარგად მზად, თუმცა რაც ნახა, ყველა საკითხის მსგავს ამოცანებზე აქვთ ნამუშევარი საკლასო ოთახებში.

“აბიტურიენტები თან იმედოვნებენ, რომ ბოლო კლასებში 1-2 წლიანი მოსამზადებლად სიარულით ჩააბარებენ, სამწუხაროდ დამამთავრებელ კლასებში, აბიტურიენტები სკოლაში საგნის-მათემატიკის სწავლასაც კი ამცირებენ, რადგან თვლიან, რომ სასკოლო პროგრამა მხოლოდ ელემენტარული ფორმულების დასასწავლადაა საჭირო, ხოლო დამოუკიდებლად მიცემული ამოცანების ამოხსნა საბოლოოდ ისევ მასწავლებელს უწევს, რადგან თვლიან, რომ სხვისი ახსნილით უკეთ ისწავლიან, დაიმახსოვრებენ, რაც სრულიად მცდარი მიდგომაა.

ამასთანავე, წლებია, უკვე გადაიღეჭა ეს ღვაბერიძე-თოფურიას წიგნები, მასში საკმაოდ სტანდარტული ამოცანებია და ამოხსნის გაზეპირებული გზები უადვილდებათ როგორც რეპეტიტორებს, ისე აბიტურიენტებს და მათ უყალიბებს მცდარ წარმოდგენას, რომ მათემატიკა საკმაოდ იოლად “დასასწავლია”, არადა თითოეული ამოცანის ამოხსნის მთავარი გასაღები მყარ, საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, ამოცანის შინაარსობრივად კარგი გააზრება, მათემატიკური მოდელის შექმნა, მისი გეომეტრიული ვიზუალიზაციაა, ანალიზი, სინთეზი და ამოხსნისას შემოქმედებითად მიდგომაა”, – ამბობს მასწავლებელი.

მისი თქმით, ცალკე პრობლემაა კიდევ მათემატიკის საგამოცდო ტესტირების ასე დაბალი მინიმალური ბარიერი და დახურულბოლოიანი დავალებების რაოდენობის გაზრდა.

“37 ამოცანა 1-ქულიანია, ანუ ალალბედზე შემოხაზვითაც კი მინიმალური ზღვარის გადალახვის ალბათობა ძალიან მაღალია და მათემატიკას საგამოცდო საგნად ირჩევენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებმაც ხშირად პითაგორას თეორემა ან კვადრატული განტოლების ამოხსნა არ იციან კარგად…

არ შეიძლება მსგავსი მიდგომა, არა, თუმცა ჩვენ ვინ გვისმენს ან გვიჯერებს…

ცალკე აბიტურიენტია მშვიდად, შემოვხაზავ ან გადავწერ ვინმესგანო, ცალკე მშობელი და ცალკე რეპეტიტორი, რაც მეტია აბიტურიენტი-შემოსავალიც მეტია, აბიტურიენტი სადმე სხვა საგნით მაინც მოხვდება, შედეგზე პასუხისმგებლობას ყველა იხსნის და საბოლოოდ ამ მიდგომით არც თუ ისე კარგი მომავალი გველის…”, – წერს ნანა დაბრუნდაშვილი.

მენტორი მასწავლებლის აზრით, კიდევ ერთი პრობლემაა მოსწავლეთა მომზადების არასწორი სტრატეგია დაბალი კლასებიდან  მომზადებისას, როდესაც მასწავლებლები პატარებს სიმარტივისთვის, სკოლიდან დავალებად მიცემულ ამოცანებს ახსნევინებენ და არა სხვა დამატებით ამოცანებს:

“ამით თავადაც კმაყოფილები არიან, ბავშვიც კმაყოფილია და სამწუხაროდ მშობელიც, რადგან დავალების ამოცანების ამოხსნის პროცესი არაა დამღლელი, მოსწავლეს აღარ უწევს დავალებაზე დამოუკიდებლად ფიქრი და მუშაობა და აღარ წუწუნებს, ცხადია მსგავსი მიდგომით მოსწავლე ვერც დამოუკიდებლად ფიქრს და ვერც ლოგიკური კავშირების დადგენას და მსჯელობას ვერ სწავლობს, სკოლაში დამოუკიდებლად ამოსახსნელად მიცემული ამოცანები კი რთული ეჩვენებათ და ურჩევნიათ ისევ მასწავლებელმა აუხსნას ყველა ნაბიჯი…”.

სკოლაში, მოსწავლის მათემატიკაში შეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემას კი პედაგოგი ასე აღწერს: 

“მასწავლებლები ძირითადად უყურებენ მოსწავლეთა ზოგად შეფასებებს სხვა საგნებში და ხშირად ისეთ მოსწავლეებს უწერიათ უმაღლესი ქულა მათემატიკაში, ტირილი რომ მოგინდება – “აბა, ნიშნებს ხომ ვერ გავუფუჭებთ ბავშვს?!”-მიდგომით…

მოკლედ, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს საგანმანათლებლო სისტემაში და დამატებით აგერ, არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, არამედ რაღაც უცნაურ რიტუალებზე უნდა ვესაუბროთ და ვიზრუნოთ თურმე…

ვწუხვარ, მაგრამ ჩემი გაკვეთილების გარეთ ვერაფერს ვიზამ, სინანულის გამოთქმის გარდა…”, – ამბობს ნანა დაბრუნდაშვილი.

ასევე იხილეთ:

„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური