GE

ისტორიაში პირველად ჟურნალმა Time წლის ბავშვი დაასახელა და ის 15 წლის მეცნიერი გოგონაა

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Time 2020 წლის ბავშვად (თუმცა, უფრო სწორი, მოზარდის თქმა იქნებოდა) 15 წლის კოლორადოელი მოსწავლე, გიტანჯალი რაო დაასახელა. ეს პატივი გოგონას პრობლემების გადასაწყვეტად ინოვაციური სამეცნიერო იდეების გამოყენების უნარისა და სხვა მოზარდების მოტივაციის გამო ერგო. კერძოდ, რაომ შექმნა მოწყობილობა, რომელიც სასმელ წყალში ტყვიის არსებობას ავლენს. გარდა ამისა, გოგონამ კიბერსივრცეში ბულინგთან საბრძოლველი მობილური აპლიკაცია გამოიგონა.

ჟურნალის ვერსიით, წლის ბავშვის სახელწოდების ტარების უფლებისთვის 5 000-ზე მეტი პრეტენდენტი იბრძოდა.

ინტერვიუში, რომელიც ჟურნალის დავალებით მოსწავლისგან ანჯელინა ჯოლიმ ჩაწერა, რაომ აღიარა, რომ ის ტიპური მეცნიერივით არ გამოიყურება. ,,ტელევიზორში ნაჩვენები მეცნიერები ძირითადად ახალგაზრდა თეთრი მამაკაცები არიან“, – თქვა მან.

მოსწავლემ თავის სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა: ,,ახლა ჩემი მიზანი არა მხოლოდ ახალი მოწყობილობების შექმნაა, მინდა მსგავს ქმედებებზე სხვებიც შთავაგონო. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა“.

,,ჩვენ თაობას ძალიან რთულ დროში მოუწია ცხოვრება. ახალი სიძნელეების გარდა, ჩვენ ბევრ ძველ გადაუჭრელ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად, ჩვენ ახალი გლობალური პანდემიის დროს ვცხოვრობთ. ამასთან, ისევ ღია რჩება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ არ გამოგვიწვევია, მაგალითად კლიმატური ცვლილებები და ბულინგი კიბერსივცრცეში, მაგრამ მათი გადაწყვეტა ჩვენი პირდაპირი ამოცანაა“, – განაცხადა გოგონამ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იმაში, რომ რაოს პრობლემების გადაჭრა არ უჭირს, გოგონამ საზოგადოება არა ერთხელ დაარწმუნა. შარშან ის ჟურნალის Forbes ვერსიით, 30 წლამდე ასაკის, 30 ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიაში მოხვდა. ხოლო 2017 წელს, როდესაც რაო ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში სწავლობდა, ის სასმელ წყალში ტყვიის აღმოსაჩენი მოწყობილობის გამოგონებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი გახდა. მოგვიანებით გოგონამ გამოიგონა მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კიბერსივრცეში ბულინგის ამოცნობის საშუალებას იძლევა.

ჟურნალმა Time ჯერ კიდევ 1927 წელს დააწესა ნომინაცია წლის მამაკაცი, თუმცა მოგვიანებით მას წლის ადამიანი დაერქვა. შარშან, გამოცემის ისტორიაში, ნომინაცია ყველაზე ახალგაზრდა ადამიანმა დაიმსახურა. შვედმა მოსწავლემ გრეტა ტუნბერგმა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების სახელით ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დაიწყო.

ჟურნალმა ახალი ნომინაციის დაწესება საბავშვო ტელეარხ Nickelodeon-თან ერთად გადაწყვიტა. გამომცემლობის თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, იმის ჩვენებაა, თუ რა პოზიტიურ გავლენას ახდენენ მოზარდები საზოგადოებაზე.

ხუთი ფინალისტი, 8-დან 16-წლამდე ასაკის, 5 000-ზე მეტი კანდიდატიდან აირჩიეს. საბოლოო გადაწვეტილება სპეციალურად არჩეულმა კომიტეტმა მიიღო. ფინალისტები ფულად ჯილდოს მიიღებენ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური