ისტორიის სწავლების „ახალი“ პოლიტიკა სკოლაში – რისკები და გამოწვევები

ავტორი: თეა ქარჩავა, ისტორიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი, განათლების სისტემის წარმომადგენელი- ისტორიის ექსპერტი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.
რამდენიმე დღის წინ ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ხარვეზებზე ვრცელი წერილით მივმართე განათლების საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას (იხ. Aris.ge, 11 თებერვალი). სისტემაში ინსტიტუციური, მეთოდიკური, შინაარსობრივი, მენეჯმენტის პრობლემების ერთობლიობა ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, არ ქმნის წინაპირობას, რომ მეოთხე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ადეკვატურად დაინერგება და სწავლა-სწავლების პროცესს წინ წასწევს ჩვენს ქვეყანაში.
ახლა კი მინდა დაპირებისამებრ, წერილი საკუთრივ ისტორიის დისციპლინის სკოლაში სწავლების ორგანიზებას მივუძღვნა. დაზუსტებისთვის შევნიშნავ, რომ 2024 წლის იანვრიდან, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში ისტორიის სტანდარტების (საბაზო და საშუალო საფეხურზე) გადამუშავებაც დავიწყეთ. კომისიაში ჩართული ვიყავით საკუთრივ ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ექსპერტი სამინისტროდან, 4 აფილირებული ისტორიკოსი ( 2 ისტორიის და 2 ჩვენი საქართველოს ექსპერტი), ეროვნული საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, სკოლის პედაგოგი, თსუ-ის პრორექტორი. ქართული ენასთან ერთად, ისტორიის კომისია აღმოჩნდა ის მეორე სამუშაო ჯგუფი, სადაც წინამორბედი მინისტრის მრჩეველი – კურატორის სტატუსით იქნა ჩართული. ფართო შემადგენლობისა და სიჭრელის მიუხედავად, კომისიამ იმუშავა პროფესიონალურად – გათვალისწინებული იყო როგორც საქართველოს პედაგოგთა ადამიანური რესურსი და პოტენციალი, ისევე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისას გამოვლენილი, კვლევებით დადასტურებული მიგნებები და ხარვეზები, თეორიული საფუძვლები და საერთაშორისო გამოცდილება, ჯგუფის წევრების მრავალმხრივი ექსპერტიზა. ამდენად, როცა მოსწავლის და მასწავლებლის ინტერესი ამოსავლად იქნა დასახული – თანამშრომლობა შედგა.
წინაპირობებით განპირობებული რისკები ზედა საფეხურზე (მე-11-12 კლასები)
შეუთანხმებლობა, რომელიც წარმოიშვა ისტორიკოსებსა და სკოლამდელი და ზოგადო განათლების განვითარების დეპარტამენტში ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული ფორმატის გამო, მავანთ სურთ წარმოაჩინონ როგორც დავა, რომელიც უწყების შიდა საქმეებია, პერსონალურია და სწავლა-სწავლების პროცესში მეთოდიკურ ორიენტირებს ეხება მხოლოდ. სინამდვილეში ის ყოველთვის შეეხება ხოლმე დისციპლინის შინაარსსაც, განსაკუთრებით კი რისკის ქვეშ აღმოჩნდება ხოლმე ზედა საფეხურზე ისტორიის სწავლების ორგანიზება.
ამ მოსაზრების დასაბუთება მარტივია: 1. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინის განვითარება სასკოლო სივრცეში ერთიანი კონცეპტუალური ღერძის გააზრებით უნდა შესთავაზო საზოგადოებას, სელექციური წესით მოკრებილ პედაგოგებთან არასდროს არ არის ხოლმე წარმოდგენილი არამცთუ ბაზისი (დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებიდან მოყოლებული როგორ ვითარდება საგნობრივი კომპონენტი) არამედ, საკუთრივ საბაზო და საშუალო საფეხურების (სადაც ისტორია როგორც დისციპლინა, თავისი ავთენტური ფორმით გვხვდება) ერთად აღქმის საშუალება არასდროს ეძლევა პედაგოგს – ანუ, არ აჩვენებენ მთლიანობაში რა მიზნებს ისახავს, როგორ არის სტრუქტურირებული საბაზო საფეხურზე და როგორ ვითარდება ზედა, დამამთავრებელ საფეხურზე საგანი. ეს შემთხვევითი არ არის. ამიტომ სტანდარტის განხილვისას, აქტუალური უნდა იყოს შეკითხვები – რატომ არ ვხედავთ ერთად საბაზო და საშუალო საფეხურზე ისტორიის დისციპლინის თანმიმდევრული განვითარებისა და სტრუქტურირების ფორმატს მთლიანობაში? როგორია საგნის სწავლების ერთიანი ხედვა?
2. ჯერ კიდევ 2021 წელს, როცა საბაზო საფეხურიცა და საშუალოც 3-3 კლასით იყო წარმოდგენილი, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ზედა საფეხური პროფილური უნდა ყოფილიყო, ეს პირობა არსებობდა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან. როგორც წინა წერილში აღვნიშნავდი, დაწერილი და საჯაროდ გამოტანილი გვქონდა სტანდარტი, რომელზე დაყრდნობით გამომცემლობები და ავტორები უკვე წიგნებს წერდნენ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოულოდნელად შეცვალა. შემოთავაზებული ვერსიით, მთელი სამი წელი პროფილურ, ჰუმანიტარულ სექტორზე ისტორიის ე.წ. გაძლიერებული კურსი მხოლოდ საქართველოს ისტორიის თემატურად დადგენილ საკითხებს უნდა დათმობოდა, მსოფლიო ისტორიის კონტექსტები უქმდებოდა და ისტორიის დისციპლინა სკოლაში ერთგვარი საცდელი მოცემულობა ხდებოდა „ტყრუშულ-ღობემოვლებული’’ მენტალობის მოქალაქის აღსაზრდელად. აღნიშნულ მცდელობას სამართლიანად ნეგატიური განწყობა შეხვდა ისტორიკოსების მხრიდან – იქნებოდნენ სასკოლო თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მაგალითად, სექტორისთვის მიუღებელი შემოთავაზებული ვერსიით, თემატური ერთეული – რევოლუციები (სადაც ამ ისტორიული მოვლენის მახასიათებლები უნდა გამოკვეთილიყო მისი ტიპური მაგალითებით) ზედმეტი იყო, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ქართული სამართალი, რომლის ე.წ. ტიპურ ქეისად შემოთავაზებული იყო საკითხი – სასამართლო სისტემა თანამედროვე საქართველოში. ზედმეტად ჩაითვალა მსოფლიოსა და საქართველოსთვის აქტუალური კონტექსტი – კულტურული და მსოფლმხედველობრივი ტრანსფორმაციები, მაგრამ ის ჩანაცვლდა ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები-ით, რომლის ერთ-ერთ ტიპურ ქეისად შემოთავაზებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვაგან ტიპურ საკითხად იყო შემოთავაზებული თანამედროვე ქართული ჯარი ა.შ. (ეს დოკუმენტი დღემდე აქვთ სსიპ-ს კოლეგებსაც და გამომცემლობებსაც და დასახელებულის გადამოწმება ადვილია).
მიუხედავად კარგად „შეფუთვისა“ (თემატური ბლოკების ზოგიერთი დასახელება მაგ.: სახელმწიფო და მმართველობის სისტემები – გადატანილი იყო, თუმცა სხვა შინაარსით წარმოდგენილი, საკითხთა ნაწილი პოტენციური არჩევითი მოკლევადიანი კურსების კონტენტიდან იყო წამოღებული….) მაშინდელ სახეცვლილ ვერსიაში (სადაც მსოფლიო ისტორია დაკარგული იყო, ხოლო საქართველოს ისტორია უაღრესად უცნაური ეკლექტიკით წარმოდგენილი) რისკები მარტივად ამოსაცნობი გახდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ განათლების სისტემის წარმომადგენლებისა და მთლიანად სექტორისთვის. დიდი წინააღმდეგობის გამო, სამინისტროს პირველ პირებს მოუწიათ შემოთავაზების უკან გაწვევა. კომპრომისულ ვარიანტად სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საგნის ორად გაყოფა მიიჩნია [საქართველოს და მსოფლიოს ისტორია], რამაც, თავის მხრივ, მოსალოდნელი თანმდევი პრობლემები ვერ აიცილა, რომელმაც თავი იჩინა სკოლაში საათობრივი დატვირთვის, სწავლების სინქრონული ფორმატის დარღვევის, მე-12 კლასის საქართველოს ისტორიაში სკოლების რესურსების გარეშე დატოვებისა და ა.შ. მიმართულებით.
ამჯერად, 2024 წლიდან დაწყებული რევიზიის პირობებში, აშკარა იყო, რომ საგნის გაერთიანება ვერ მოხერხდებოდა. თუმცა, რადგან საბაზო საფეხური 4 კლასით განისაზღვრა, და საშუალო საფეხური – 2 კლასით, ბუნებრივია, გაყოფილი ფორმითაც საგანი (მსოფლიო და საქართველო) საჭიროებდა ახლიდან და განსხვავებულად გადააზრებას. მოცემულობა თითქოს იმედისმომცემი ჩანდა – საბაზო საფეხურს წელი ემატებოდა, ოთხწლიანი საბაზო საფეხური ერთიანი ჰოლისტური ისტორიის (ერთიანი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია) ქრონოლოგიური და ეპოქალური პერსპექტივით ორგანიზების საშუალებას გვაძლევდა; ზედა საფეხურისთვის კი გაიცა პირობა, რომ ე.წ. ქორ-საგნების (ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო, პროფილური კუთვნილების მიუხედავად) ჩამონათვალში საქართველოს ისტორიაც მოხვდებოდა. მსოფლიო ისტორიის ე.წ. ჩაღრმავებული კურსი კი – ჰუმანიტარული პროფილისთვის იქნებოდა სავალდებულო. ოთხწლიანი მწყობრი, ეპოქალური პერსპექტივიდან შესწავლილი ისტორიის შემდეგ, საშუალო საფეხურზე ეს მოცემულობა მისაღებად მივიჩნიეთ.
ისტორიის სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს ისტორიის კურსი ზედა საფეხურზე ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით წარმოედგინა – არა ყველაფრის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საკვანძო მოვლენების გაანალიზებაზე გაეკეთებინა აქცენტი, რომელთა შესახებ წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ვინაიდან სამშვიდობო განათლების ხაზგასმა მოხდა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის შინაარსში განისაზღვრა ისეთი თემატური ერთეული, რომელი ამ საკითხების დამუშავების პერსპექტივას იძლევა (მაგ.: კონფლიქტების დინამიკა საბჭოთა კავშირის პერიოდსა და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში). რაც შეეხება ჰუმანიტარული პროფილისთვის განკუთვნილ ე.წ. ჩაღრმავებულ კურსს, მისი ორგანიზება მოხდა თემატური პრინციპით, არსებითი მსოფლიო მნიშვნელობის მქონე, სხვადასხვა პერიოდის ტიპურად მსგავსი პროცესების კონცეპტუალური გააზრებითა და საერთო მახასიათებლებზე აქცენტირებით, და ამ პროცესებთან მიმართებით საკუთარი ქვეყნის ადგილის განსაზღვრით.
თემატური ერთეულების ორგანიზებისთვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა იქნა გათვალისწინებული, რისთვისაც გეოგრ ეკერტის ინსტიტუტში სხვადასხვა ქვეყნის კურიკულუმები და ბოლო დეკადის სახელმძღვანელოები ამ საჭიროებისთვის გვქონდა შესწავლილი.
რამდენადაც 3-4 წლის წინაც კი საშუალო საფეხურის შინაარსი გადასხვაფერდა, ამჯერადაც რისკი მაღალია. რადგან საკითხი – თუ რას, რატომ და როგორ ვასწავლით ისტორიაში, მაღალი რეზონანსულობით გამოირჩევა, ზრდის დისციპლინაზე და მის ექსპერტებზე წნეხს (ეს ჩვენ, ჩვენს თავზე გამოვცადეთ) ისტორიის პროფესიულ ასოციაციას და გადავეცი კომისიის მიერ შემუშავებული საშუალო საფეხურის სტანდარტი და მათ ვთხოვე შინაარსის ცვლილებაზე დაკვირვება და მოსწავლის/მასწავლებლის და, მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი რეაგირება. სავსებით რეალურია ზედა საფეხურზეც გადაკეთების ცდუნება „გაპრავდეს’’ მეთოდიკაზე აპელირებით და შინაარსი წაიყოლოს.
შინაარსობრივი რისკები საბაზო საფეხურზე (7-10 კლასები)
საბაზო საფეხურზე ისტორია პირველად წარმოჩინდება დამოუკიდებელ საგნად. ოთხწლიანი საბაზო საფეხური ძალიან აძლევს ხელს ისტორიის სწავლებას იმ თვალსაზრისით, რომ რადგან ამ საფეხურზე პედაგოგებისთვის მისი ქრონოლოგიური ფორმით შეთავაზება ჯერჯერობით უალტერნატივოა, ოთხი ისტორიული ეპოქის სათანადოდ სწავლებისა და ეპოქალური მახასიათებლების გამთლიანების საშუალებას გვაძლევდა – თითო წელი თითო ეპოქას მიეძღვნებოდა (ანტიკური – მე-7, შუა საუკუნეები -მე-8, ახალი დრო – მე-9 და უახლესი – მე-10). ამავდროულად, პირველად გვეძლეოდა საშუალება მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე, მე-20 საუკუნისთვის (+ თანამედროვეობა) ცალკე წელი დაგვეთმო, როგორც ეს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნების ეროვნულ კურიკულუმებშია. ამის მკვეთრად იდენტიფიცირება საჭიროდ მიგვაჩნდა, რადგან ჩვენში უახლესი პერიოდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენების გადარბენით სწავლება საკმაოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
კომისიის ვერსია სთავაზობს არა კონკრეტულ საგაკვეთილო საკითხებს პედაგოგს, არამედ ეპოქის მთლიანობაში აღქმასა და შიდა პერიოდების განმსაზღვრელ სპეციფიკას, რომლის ირგვლივ საკითხების განსაზღვრა ადვილია, ხოლო მისი ცოდნა – ისტორიული მონაკვეთის/ეპოქის უნიკალურობის აღქმის წინაპირობაა. ყოველ წელს თითო ეპოქა ამ პრინციპების ირგვლივ უნდა დამუშავდეს. გადაკეთებულ ვარიანტში კი, რასაც სთავაზობენ სკოლებს – 4 წლის მასალა ერთად იქნება თავმოყრილი.
მაგ.: ვარიანტი 1. ანტიკური ეპოქა (ასეა ორგანიზებული დანარჩენი სამი ეპოქაც)
ვარიანტი 2. – გადაკეთებული
4 წლის შინაარსი ერთად – თითო თემას ორ წინადადებიანი ნარატიული აღწერა აქვს დართული.
სკოლების უმეტესობისთვის ოთხი წლის შინაარსის ერთიანად შეთავაზება საბაზო საფეხურზე, კლასების შესაბამისად დაყოფის გარეშე, მაშინ, როცა საზოგადოებრივი საგნები დამოუკიდებელ დისციპლინად სწორედ საბაზო საფეხურზე წარმოჩნდებიან, რისკის შემცველია. ამ შემთხვევაში სკოლების თავსებადობის პრინციპიც დაირღვევა და საათობრივი გათვლებიც, რის თავიდან არიდების გარანტიები არაერთგზის ითხოვა სამინისტროს წინა ხელმძღვანელმა და ეს რისკები თუ დროულად ვერ დაინახა უწყების ამჟამინდელმა პირველმა პირმა, მოუწევს უკვე რეაქციების მოსმენა „ურმის გადაბრუნების“ მერე.
რაც შეეხება ისტორიკოსებს, პროფესიულ სექტორს, ალბათ ძნელი მისახვედრი არც ერთისთვის არ იქნება, რომ ეპოქალური აღქმის, ეპოქების სწავლებას შორის ბალანსის დაცვის საშუალება განულებულია და გადაწყვეტილება მინდობილია სკოლასა და პედაგოგზე. ამ საფეხურზე ქრონოლოგიური პრინციპით მოწოდებული საგნის კონტექსტებით ასე ჟონგლიორობა კი ბევრს არაფერს კარგს არ უქადის საგანს. ამდენად, ჩანაწერი – „თემის ფარგლებში საგნობრივ საკითხებს (ზოგ საგანში თემებსაც – თემატური ბლოკების მიხედვით) სკოლა თავად არჩევს. ამ საკითხებზე დაფუძნებით საგანმანათლებლო დაწესებულება აყალიბებს შუალედურ სასწავლო მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს’’ – უბრალოდ, განუხორციელებელიც არის და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რომ დააჯერო – თითქოს რომელიმე საჯარო სკოლამ ამ მიმართულებით პრეტენზიები წამოაყენა.
მეთოდიკური რისკები საბაზო საფეხურზე
ჯგუფმა ეროვნული სტანდარტის ფორმატად კლასიკური კომპონენტური ფორმატი აირჩია- სადაც გამოკვეთა 1.მიზნები, 2.საფეხურებრივი შედეგები (სამიზნე ცნებაზე დაფუძნებული შედეგებით); 3. შინაარსი; 4.შეფასება. როგორც წინა წერილში ვწერდი, მათ ვისაც ჩარჩო-დოკუმენტი უნდა შეექმნა სტანდარტების დაწერამდე და მხოლოდ მას მერე შექმნა, რაც სამუშაო ჯგუფებმა საგნებში სამი საფეხურის სტანდარტი შეიმუშავეს, მოწმობს, რომ რაიმე იდეას, კვლევას, თეორიულ და მეთოდიკურ საფუძვლებს კი არ ეფუძნება მეთოდიკური ყალიბი, არამედ კონკრეტული მიზნით განპირობებულ ახირებას.
I ამონარიდი ჩარჩოდან: „საგნობრივი სტანდარტები შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) სწავლა-სწავლების მიზნები, ბ) სწავლის შედეგები, გ) სასწავლო თემები/თემატური ბლოკები. თითოეული მათგანი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის რეალიზებას“. და შემოგვთავაზეს ცხრილი, მთელი სტანდარტი ამ ცხრილით გადმოიცემოდა:
ისტორიკოსებმა ჩამონათვალიდან საგნობრივი შეფასების კომპონენტის გაქრობა მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. ნაციონალური კურიკულუმების აგების საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიდგომას არ იცნობს. თუ სტანდარტი შეიცავს შინაარსს, შეფასება მთლიანად ყველაფრის ერთობლივად შემაჯამებელი პროცესია. სტანდარტში ის არის ბოლო, დამაგვირგვინებელი კომპონენტი, რომელიც ასრულებს პროცესს.
შემოთავაზებულ ვერსიაში გვთავაზობს ცნების დიდი მოცულობის აღწერილობას. სახელდებას არ ახდენენ, თორემ სამიზნე ცნებას (Big Concept) „ჰკიდებენ“ მთლიანად შინაარსის დატვირთვას, კონტექსტს (მაგ. რომელიმე ისტორიული ეპოქას კონკრეტული ისტორიული პერიოდით) გამორიცხავენ შინაარსის აღქმის კატეგორიიდან. ქრონოლოგიურად აგებული საგნისთვის ეს სრული ნონსენსია და მსგავსი მიდგომა უბრალოდ არ არსებობს. პედაგოგებს ისტორია ასე არ ესმით, ასე ვერ და არ ასწავლიან. არ არსებობს ბუნებაში ისტორიის ისეთი სტანდარტი, ისეთი მეთოოდიკური ხასიათის თეორიული ნაშრომი, რომელიც მხოლოდ სამიზნე ცნებას თვლიდეს შინაარსად.
II ამონარიდი: „სწავლა-სწავლების მიზნების ფუნქციაა აჩვენოს: რა როლი აქვს საგანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში? რისთვის სჭირდება მოსწავლეს საგნის/ საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში მიღებული/გამომუშავებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები“, – ეს ყველაფერი ნარატიული ფორმით, ორ-სამ წინადადებიანი ტექსტით უნდა გადმოგვეცა.
ისტორიკოსებმა მივიჩნიეთ, რომ მიუღებელია ყველა საგანში, მათ შორის ისტორიაში ისეთი მიზნების დაწერა, რომელსაც შეცვლის ერთი წინადადება – „ამა თუ იმ საგანმა უნდა უზრუნველყოს ზგემის მიღწევა“. არაერთი ქვეყნის ეროვნული კურიკულუმის პირველი კომპონენტის შესწავლა საპირისპიროზე მეტყველებდა – საბაზო საფეხურზე, (რომელიც უმნიშვნელოვანესია საგნობრივი ცოდნის აგების კუთხით), საგნის მიზნებში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, კონკრეტული საგნის არსი. ჯგუფმა თეორიული, მეცნიერული დასაბუთებაც მოიტანა თავისი პოზიციისთვის (ა. ჩემპმენი, ჰ. პაულის ნაშრომების ისტორიის სწავლებასა და ისტორიის ფილოსოფიაზე) არგუმენტირებისათვის. ისტორიკოსთა ჯგუფის გაძევების შემდეგ კი, გადაკეთებული სტანდარტის მიზნები, ორიოდე სიტყვის შეცვლისა და გადანაცვლების მერე ჩვენს მიერ დაწერილი სტანდარტის პირდაპირი პლაგიატია. მეტიც, ახლა სხვა საგნებს მოსთხოვეს სწორედ მსგავსი მიდგომის გატარება საგნობრივ მიზნებთან მიმართებაში.
III ამონარიდი: „სამიზნე ცნება არის საგნისთვის საკვანძო იდეა, რომელიც აერთიანებს ფაქტობრივ ცოდნას, უნარებსა და ღირებულება-დამოკიდებულებებს“. ისტორიის ჯგუფმა მიიჩნია, რომ ეს ეს ფორმულირება დაუხვეწავი იყო. ცნება გულისხმობს ფაქტობრივ ცოდნის კომპონენტს და არა აერთიანებს მთლიანად ფაქტობრივ ცოდნას. საკამათო არ გვგონია, რომ სწორედ კონტექსტში გადაითარგმნება ცნება ფაქტობრივ ცოდნად. საგნის სამიზნე ცნებაზე საუბრისას, ღირებულება-დამოკიდებულებაზე საუბარიც საკმაოდ თითიდან გამოწოვილია. საგნობრივი ცნება არის უნარისა და საგნობრივი შინაარსის მაორგანიზებელი იდეა. თუმცა, თავისთავად არ შეიძლება ცნება იყოს საგნის სწავლების ერთადერთი ელემენტი. საგნობრივი კომპეტენცია კომპონენტთა ურთიერთდაკავშირებით გამომუშავდება. მესამე თაობის ესგ-ის დანერგვისას, ე.წ. ახალი სკოლის მოდელის განხორციელების პერიოდში, დიდი შრომით და წვალებით, კონკრეტულ საკითხში დამუშავებით ხერხდებოდა პედაგოგს აღექვა რას წარმოადგენდა ისტორიის 6 სამიზნე ცნება. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ გასაწევი იყო. ახლანდელი მიდგომით ბუნდოვანების დიაპაზონი იზრდება და ვერანაირი შეფასების კრიტერიუმი როგორი კონკრეტულიც არ უნდა იყოს, ვერ უშველის საქმეს, რადგან მხოლოდ ცნება (მაგ.: ‘’სივრცე’’) არ არის მთელი შინაარსი, ღირებულებები და დამოკიდებულებები – ეს ცნებათა პედაგოგიკის არასწორი მანიპულაციებია და პედაგოგის მოტყუებაა.
IV ამონარიდი: ‘’ სამიზნე ცნებები ერთმანეთთან აკავშირებენ სხვადასხვა საგნების შინაარსებს’’. ჩვენს კომისიას ამ მოსაზრების გაზიარებაც გაუჭირდა და გაუგებრად მიიჩნია, საიდან არის ნასესხები ის. საგნობრივი სამიზნე ცნებები სწორედ საგნის ‘’ხერხემლის’’, საგნის კონტურების გამოკვეთას ემსახურება. მისი აღწერილობა არც ერთ ეროვნული დონის კურიკულუმში არ არის აღრეული სხვა საგნების კონცეპტების გააზრებასთან. საბაზო საფეხურზე, სადაც საგანი იწყებს ავთენტური სახით წარდგენას, საგნობრივი სამიზნე ცნება ემსახურება საგნის ღერძის აგებას და საფეხურზე ამ ღერძის გააზრების მასშტაბს. შეფასებისას, „სხვადასხვა საგნობრივი შინაარსების„ პერსპექტივიდან ისტორიული ცოდნის, ისტორიული დისციპლინის უნარების, ამ საგნის პერსპექტივიდან ჩამოსაყალიბებელი ღირებულება-დამოკიდებულებების გაზომვა არარეალისტურია.
მაგ.: სამიზნე ცნება „ისტორიული წყარო“ – შემოთავაზებული ვერსიით, ისტორიის სამიზნე ცნებაა და ამავდროულად წარმოდგენილია სხვა საგნების შინაარსის მაორგანიზებლად. დავუშვათ ისტორიისა და ფიზიკის პედაგოგებმა გარკვეული კოლაბორაცია შესთავაზეს მოსწავლეებს გარკვეულ კონტექსტის ირგვლივ (პირობითად, არქეოლოგიური დათარიღების ახსნისას) – რადგან ცნება „ისტორიული წყარო“ პირდაპირ ვერ ებმის რომელიმე ცნებას ფიზიკაში, საგანთაშორის თანამშრომლობას ამან ხელი უნდა შეუშალოს? თუ მხოლოდ ცნებები აკავშირებენ ერთმანეთთან სხვადასხვა საგნების შინაარსებს, რა შეიძლება ამ შემთხვევაში ითქვას?
ცალსახად უნდა ითქვას, რომ სამიზნე ცნებას(Big Concept) არავინ არ „ავალებს“ პარალელურად სხვა ფუნქციებს, განსაკუთრებით საგნობრივი ცოდნის აგების პერიოდში. ხოლო თუკი საგნობრივ ჯგუფზე გვინდა ვისაუბროთ (მაგ.: საზოგადოებრივ მეცნიერებებზე), აქ სხვადასხვა საგნების ცნებებზე ვალდებულებების აკიდება ან ცნებათა დაჯამებას კი არ უნდა ვხვდებოდეთ, არამედ ორგანულად ინტერგირებული ცნებები უნდა იყოს შემოთავაზებული. თუმცა ამ ‘’ხედვის’’ ავტორებს არ უქმნის პრობლემას, რომ ამ ტიპის შეთავაზებებს ანალოგია არ აქვს არსად. სამწუხაროდ მიჩვეულნი არიან, რომ ამ ტიპის საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა არ არის, არც გადამოწმება, ხდება არც თეორიული ბაზისის მოკითხვა.
ისტორიაში, როგორც სპეციფიკურად ქრონოლოგიაზე დაფუძნებულ საგანში (საბაზო საფეხურზე) შეფასება, რომელიც იზომება იდენტური ალგორითმით (დაფუძნებულია საფეხურებრივ მიზნებზე), ეპოქალური ფორმით უნდა შეფასდეს (ეპოქის განცდა რომ გამთლიანდეს), რათა არ დაიკარგოს ის მიღწევა, რაც მოიტანა 4-წლიანმა საბაზო საფეხურმა საგნისთვის. სიმართლეს მოკლებულია, რომ არ შეიძლება და საფეხურებრივი არ გამოდის სტანდარტი. თუ მისი მიზნები და შედეგები საფეხურებრივია, ხოლო შეფასების ალგორითმი დაფუძნებულია სამიზნე ცნებას – ეპოქის აღქმაზე მორგებული შეფასება ეპოქის უნიკალურობის გასააზრებლად წარმოდგენილი მექანიზმია. ის სტანდარტების სადაც ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი ისტორია, მიდგომა სწორედ ასეთია. როდესაც საგნობრივი ცოდნის აგების ეტაპი ჩავლილია, ანუ საშუალო საფეხურზე სამიზნე ცნებების ალგორითმზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტი სავალდებულო საგნის – საქართველოს ისტორიისთვის ჩვენც ერთი გვქონდა შეთავაზებული.
დასკვნა
არ შეიძლება ეროვნული სტანდარტი აეწყოს ისე, რომ ის სკოლების ავტორიზაციისთვის რაიმე დასწავლილი ინსტრუმენტის „გამართლება“ იყოს და გამოიყურებოდეს, როგორც ჩავარდნილი პროექტის „მკვდრეთით აღდგენის“ მცდელობა; არ შეიძლება პედაგოგებისთვის ის კომპონენტები იყოს უფრო გართულებული, რომელთა შემეცნება და, შესაბამისად, რელევანტურად სწავლების პრობლემურობა მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის ფარგლებში ისედაც ცხადი გახდა; არ შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის რეალიების, კვლევებში გამოვლენილი ხარვეზების, საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილების – ანუ ერთიანობაში, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გარეშე, ინსტიტუციური ქაოსის წინაპირობების ჩადება სწავლა-სწავლების ფუნდამენტურ დოკუმენტში, თანაც სკოლებისგან მეტი თავისუფლების მოთხოვნის ეგიდით (რაც თავის მხრივ, მტკნარი სიცრუეა). ამის გაკეთება არც ერთ საგანთან მიმართებაში არ შეიძლება, მით უმეტეს ისტორიასთან, რომელიც იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაფორმირებელი საგანია და მისი ადეკვატურად სწავლება საზოგადოებრივ განვითარებაზე თვალშისაცემად აისახება.
ამავე თემაზე:
-
სიახლეები, რომლებიც ზოგადი განათლების მიმართულებით 2025 წელს უნდა დამტკიცდეს – სია by ARIS.GE-განათლება
-
ცვლილება შევიდა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტი ან მისი პროგრამა ჩაითვლება ავტორიზებულად/აკრედიტებულად ვადის ამოწურვის მიუხედავად – რა ცვლილება შედის კანონში by ARIS.GE-განათლება