GE

„ისწავლე სახლში წერა და კითხვა“ – სკოლაში და შინ სწავლებისთვის

თანამედროვე განათლების მოთხოვნებისა და მიდგომების თანახმად, უმნიშვნელოვანესია დაწყებითი საფეხურიდანვე განვავითაროთ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და დამოუკიდებელი საქმიანობის უნარები. სწორედ ამ მიზნით, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა დამხმარე რვეულების სერია „ისწავლე სახლში“.

სერია მომზადდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით და განკუთვნილია I, II, III, IV კლასელთათვის. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე შინ, დამატებითი დამოუკიდებელი მეცადინეობისთვისაც.

„ისწავლე სახლში“ მოიცავს ნაწყვეტებს ქართველ ავტორთა (ა. წერეთლის, თ. რაზიკაშვილის, ე. გაბაშვილის, ნ. ლომოურის, ა. სულაკაურის, ა.შ.) ნაწარმოებებიდან და უცხოელ მწერალთა (ლინდგრენის, დიკენსის, დეფოს, კიპლინგის, ა.შ.) შესანიშნავი თარგმანებიდან. საინტერესო მასალა ხელს უწყობს მოზარდთა გემოვნების დახვეწას, ამდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და ავითარებს სააზროვნო უნარებს. მარტივი და სახალისო სავარჯიშოების წყალობით მეცადინეობა არა რუტინულ, არამედ შემოქმედებით პროცესად იქცევა. მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ თავად ხდება აღმომჩენი, თანამონაწილე, შემქმნელი და ავტორი. ის იგონებს ტექსტებისთვის საინტერესო ფინალს, მხიარულ ლექსებსა და ჭკუისსასწავლ იგავებს; ქმნის ილუსტრაციებსა და წიგნის ყდებს; ადგენს აფიშებს, მოსაწვევ ბარათებს, მენიუს გასართობი ღონისძიებისთვის და ორიგინალურ რეცეპტებს; ამზადებს ანტარქტიდის, ჩაძირული გემისა და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი პერსონაჟის დღიურის მაკეტებს; გადალახავს საშიშ ლაბირინთებს სამეფო განძის მოსაპოვებლად, ხდება დეტექტივი და აკეთებს საგამომძიებლო ჩანაწერებს, ატარებს სახალისო კვლევას და გამოკითხვის მონაცემები შეაქვს ცხრილში. ამზადებს მარტივ საგაზეთო სტატიებს და ქმნის კომიქსებს და მრავალი სხვა.

ასე თანდათან საშინაო დავალებები და დამატებითი მეცადინეობები მოსწავლისათვის ხდება შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც თავს უფროსების ზედმეტი ჩარევის გარეშე ართმევს.

აი, რას ამბობენ სერიაზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებლები ნინო სურმავა და მარიამ მახათაძე:

ვფიქრობთ, მასწავლებელმა გაკვეთილის დაგეგმვისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის უნარები, შესაძლებლობები, საჭიროებები, მიდრეკილებები და მოიფიქროს მათი შესაბამისი ინდივიდუალური დავალებები.   ეს კი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს – მასწავლებელმა უნდა შექმნას/მოიძიოს რესურსი, რომელიც თითოეულ მოსწავლეს დააინტერესებს. ქართულ რეალობაში კი ხარისხიანი მზა რესურსი, რომელიც პოზიტიურად განაწყობს მოსწავლეს და მოტივაციას აუმაღლებს, დიდი ფუფუნებაა.

თემატურად დაყოფილი ტექსტები და  დავალებები მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსია  სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი თემების გასავრცობად.  

სერია „ისწავლე სახლში“ განსაკუთრებით გვეხმარება „მართული კითხვის“ გაკვეთილებზე –  გარკვეული დროის განმავლობაში ფოკუსირებულ ჯგუფთან მუშაობისას კლასის დანარჩენი მოსწავლეები აღნიშნული სერიის კრებულებიდან ინდივიდუალურ დავალებებს ასრულებენ. სავარჯიშოები მოსწავლეებისთვის მიმზიდველი და სახალისოა. კარგად ილუსტრირებული ტექსტები მორგებულია მათს ინტერესებსა და ასაკს, ინსტრუქციები ნათელი და გასაგებია, ამიტომ მოსწავლეები დამოუკიდებლადაც ართმევენ თავს დავალებებს.

მრავალფეროვანი სავარჯიშოები საინტერესოცაა და სასარგებლოც – სახალისო ფორმით მოწოდებული თვითშეფასების კითხვარი, ვენის დიაგრამა თუ გმირის რუკა ბავშვს ანალიზის, კრიტიკის უნარებს უვითარებს, შემოქმედებითი დავალებები კი მათ ფანტაზიას ასხამს ფრთებს და შესანიშნავი ნამუშევრების შექმნისაკენ უბიძგებს. ბავშვები ქმნიან ჩანახატებს, ინტერვიუებს, ლექსებს, იგავებს, ფიქრობენ ამა თუ იმ ნაწარმოების ალტერნატიულ ვარიანტებზე, სწავლობენ ვარაუდის წერილობითი ფორმით გადმოცემას, იუმჯობესებენ კითხვისა თუ წერის სტრატეგიებს.

პატარებს განსაკუთრებით ეხალისებათ თანამედროვე მეთოდებზე მორგებული სავარჯიშოები, რომლებსაც  თავისუფლად ართმევენ თავს დამოუკიდებლად, ხალისითა და ინტერესით. დიდი მონდომებით კითხულობენ ილუსტრირებულ ეპიზოდებს კლასიკიდან  თუ თანამედროვე ნაწარმოებებიდან, იგავებს, ლექსებს, მითებს, ნაწყვეტებს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიდან და მარტივი, მოსწავლისთვის გასაგები ენით მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით თავისუფლად მუშაობენ  მრავალფეროვან, სახალისო და შემეცნებით დავალებებზე: ტესტებზე, კითხვარებზე, დიაგრამებზე, ილუსტრაციებზე, დიორამებსა და კომიქსებზე, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებით აზროვნებასა და წერა-კითხვის უნარების განვითარებაში ეხმარება და აჩვევს დამოუკიდებლად მუშაობას.

ვფიქრობ, სერია „ისწავლე სახლში“ არაჩვეულებრივი დამხმარე მასალაა მასწავლებლებისთვის და ვისურვებდი ბევრი ასეთ საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო რესურსის არსებობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური