კალიგრაფიის გამო დაგვაკლდება ქულა გამოცდაზე? – 2022 წლის აბიტურიენტების ახალი კითხვები და პასუხები გამოცდების ცენტრისგან
იმერეთის რეგიონის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ონლაინ ღია კარის დღე 27 იანვარს გაიმართა. გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს 2022 წლის აბიტურიენტების მიერ დასმულ იმ კითხვებს და პასუხებს აქვეყნებს, რაც შეხვედრის ფარგლებში გაჟღერდა:
– რომელია მათემატიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
– აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ პასუხი მისთვის განკუთვნილ ადგილას ჩაწეროს და არა სხვა გრაფაში. ასევე, თუ აბიტურიენტი შემოიტანს ახალ ცვლადებს, მან უნდა განმარტოს, რას აღნიშნავს ამა თუ იმ ცვლადით. ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ, ასევე ამოცანების გამოყვანის ნიმუშები და თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა ინფორმაცია იხილეთ კრებულებში.
– მათემატიკაში აუცილებელია თუ არა მოცემულობის გადაწერა?
– არ არის საჭირო მოცემულობის გადაწერა, პირდაპირ შეგიძლიათ დაიწყოთ ამოცანის ამოხსნის პროცესი.
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში კალიგრაფიის გამო თუ დაგვაკლდება ქულა?
– კალიგრაფიას არ ექცევა ყურადღება. მთავარია იკითხებოდეს ნაწერი და შესაძლებელი იყოს ტექსტის ამოკითხვა.
– ინგლისური ენის ტესტში ლაპარაკის ნაწილის დამატება იგეგმება?
ლაპარაკის ნაწილის დამატება უცხოური ენის არც ერთ ტესტში ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
– რუსულის ტესტის ან სხვა ენების დავალებები თუ განსხვავდება ინგლისური ენის ტესტის დავალებებისაგან?
– უცხოური ენის ყველა ტესტს აქვს ერთანირი სტრუქტურა. დავალებების სახეები და ფორმატი ერთმანეთის ანალოგიურია.
– ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის წერით დავალებაში შესავლის და დასკვნის გაკეთება შეფასებაზე დადებითად/უარყოფითად აისახება, თუ საერთოდ არ მოქმედებს?
– შესავალიც და დასკვნაც უშუალოდ განსახილველ პრობლემას უნდა უკავშირდებოდეს. გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო დროც შეზღუდულია და ამ დავალებისათვის პასუხების ფურცელზე გამოყოფილი ადგილიც. გირჩევთ თავი შეიკავოთ ძალზე ზოგადი და არაარსებითი მსჯელობისაგან.
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში მართებულია თუ არა ისტორიიდან მაგალითების, თუნდაც პოლიტიკური მაგალითების მოყვანა?
– რა თქმა უნდა, მართებულია, თუ ეს მაგალითები უშუალოდ უკავშირდება განსახილველ საკითხს.
– ყველა პროგრამაზე თანაბრად გაიცემა გრანტი, თუ შესაძლოა რომელიმე პროგრამაზე არ დამაფინანსონ?
– 2022 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე ჩაირიცხება აბიტურიენტი. დაფინანსება არ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ პროგრამა არ არის აკრედიტებული.
– ისტორიაში მაგალითების მოყვანა დაგვჭირდება თუ არა?
– იმ შემთხვევაში, თუ დავალების პირობაში ამგვარი მოთხოვნა იქნება. მსგავსი მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არსებობს.
– წელს პროგრამას დაემატა 30 წლიანი და 100 წლიანი ომები, რამდენად ღრმად მოიეთხოვება აბიტურიენტს მათი ცოდნა?
– ოცდაათწლიანი ომი პროგრამაში ადრეც იყო; აბიტურიენტებს მოეთხოვებათ საკითხის იმ სიღრმით ცოდნა, რა სიღრმითაც ესა თუ ის საკითხი მათ სახელმძღვანელოებშია მოცემული.
– ქიმიაში გარდაქმნა როგორ ფასდება და რამდენქულიანია?
– ალბათ ამ კითხვაში იგულისხმება დავალება, რომელშიც მოცემული ორგანული გარდაქმნის სქემის მიხედვით ნაერთთა ფორმულებია შესადგენი. ასეთი დავალება ტრადიციულად 3 ქულიანია ხოლმე. საერთოდ, ქულები სხვადასხვა ტიპის დავალებებზე დაახლოებით ისე იქნება გადანაწილებული, როგორც შარშანდელ ტესტში იყო. ეს ტესტი გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდზეა და მისი გაცნობა ყველას შეუძლია.
– ბიოლოგიაში ამოცანები მონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე თუ შედის ტესტში?
– დიახ, ტესტში შეგხვდებათ ამოცანები როგორც მონოჰიბრიდულ, ისე დიჰიბრიდულ შეჯვარების საკითხებზე, ასევე კითხვები, რომლებიც შეეხება სრულ და არასრულ დომინირებას. იხილეთ 2022 წლის პროგრამა.
– ქართულში ნაწარმოების სიღრმისეულ გაანალიზებაში მხოლოდ მოცემული მონაკვეთის გაანალიზება მოგვეთხოვება თუ მთლიანი ნაწარმოების?
– თქვენ გევალებათ სიღრმისეულად გაანალიზოთ მხოლოდ ის მონაკვეთი, რომელიც მოცემულია ტესტში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ზოგადად ნაწარმოებზეც ისაუბროთ.
– გეოგრაფიაში რუკებზე ლეგენდის ელემენტები არის თუ არა დატანილი?
– დიახ, დავალების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია დატანილი იქნება იმ ტოპოგრაფიული რუკების ფრაგმენტებზე, რომლებიც მოცემულია ტესტში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება