GE

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტის ცნობარი 2022 და შეიცვალა თუ არა გრანტის განაწილების წესი – კითხვები და პასუხები მეორე ღია კარის დღიდან

2022 წლის ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებამდე, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში გამოქვეყნდება, – ვკითხულობთ ქუთაისის მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ გამოცდების ცენტრისთვის დასმული კითხვის პასუხად, რომელიც “ნაეკმა” გამოაქვეყნა.

აბიტურიენტების რიგით მეორე ღია კარის დღეზე დასმული სხვა კითხვები და პასუხები ასეთია:

– რით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო განათლების გამოცდისთვის მომზადების პროცესში?

– სამოქალაქო განათლების საგამოცდო ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. აბიტურიენტებს ვურჩევთ გაეცნონ 2020 წლის სამოქალაქო განათლების ტესტს და ასევე იხილონ შეფასების სქემა. ტესტი შედგება 30 დავალებისაგან და ტესტის მაქსიმალური ქულა არის 60. ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტს აქვს 3 საათი და 10 წუთი. მინიმალური გამსვლელი ქულა არის 16. სამოქალაქო განათლების ტესტი შედგება სხვადასხვა ტიპის დავალებებისაგან, რომლებსაც თან ერთვის ინსტრუქციები. აბიტურიენტი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას და ინსტრუქციის მიხედვით შეასრულოს დავალება. აბიტურიენტებმა მომზადებისას უნდა იხელმძღვანელონ 2022 წლის სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამით, რომელიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე.

 კონკრეტულად რა სიახლეები იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში?

– ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს ძირითადად ფორმატის ცვლილებას. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ნიმუშსა და შეფასების კრიტერიუმს.

– შეიძლება თუ არა აბიტურიენტმა რამდენიმე უცხო ენა აირჩიოს ჩასაბარებლად?

– აბიტურიენტს რეგისტრაციის დროს შესაძლებლობა აქვს, რომ აირჩიოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა.

– შეიცვალა თუ არა გრანტის განაწილების წესი? თუ არჩევით საგანში შედარებით დაბალ ქულას აიღებს აბიტურიენტი და დანარჩენ ორ საგანში მაღალს, გრანტის აღების შესაძლებლობას ინარჩუნებს იგი?

– გრანტის გაცემის წესი არ შეცვლილა. გრანტის განაწილება ხდება ძირითადი და არჩევითი საგნებით. მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია არჩევით საგანში მიღებული ქულა. თუ აბიტურიენტი ორ არჩევით საგანს აბარებს, მაშინ ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გრანტს მოიპოვებს იმ საგნით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების შანსი ექნება. თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ის ინარჩუნებს გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დანარჩენი სამი საგნის შედეგით.

– რა ცვლილებები შევიდა გეოგრაფიის ტესტში?

– გეოგრაფიის ტესტში მცირეოდენი ცვლილებები შევიდა. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშალა 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. გარდა ამისა, აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

– რა რეგულაციებით ჩატარდება 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები?

– ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. გამოცდებამდე გარკვეული პერიოდით ადრე მუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები.

– რა უნდა გავითვალისწინოთ პასუხების ფურცლის შევსების დროს?

– უპირველეს ყოვლისა, აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ტექსტს შესაბამის გრაფაში წერს. ხშირად ხდება, როდესაც აბიტურიენტს პასუხი სხვა დავალების გრაფაში გადააქვს. ასეთი დავალება არ ფასდება, აგრეთვე ნაშრომი არ გასწორდება, თუ: პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია, აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს ნაშრომს. პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს, პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

– რას გვაძლევს მეოთხე საგნის ჩაბარება? რამდენად ზრდის შანსს, მოვხვდეთ ჩვენთვის სასურველ პროგრამაზე?

– დამატებით ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარება, რა თქმა უნდა, ზრდის სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტის მიერ არჩეული საგნები ამ კონკრეტულ პროგრამას შეესაბამება). თუ აბიტურიენტი ირჩევს ორ ან მეტ საგანს, ის ამდენჯერვე იღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის დროს კი, თუ ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ან გამოცდაზე არ გამოცხადდება, ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

– როგორ ხდება საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების განაწილება?

– აბიტურიენტი ძირითადი რეგისტრაციისას ირჩევს საგამოცდო ქალაქს. იმ ქალაქებში, სადაც ერთზე მეტი საგამოცდო ცენტრია, აბიტურიენტთა განაწილება ხდება პროგრამულად, შემთხვევითობის პრინციპით.

– მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში რა დრო შეიძლება მოემატოს აბიტურიენტს?

– ასეთ დროს აბიტურიენტმა ძირითადი რეგისტრაციისას უნდა მონიშნოს სპეციალური გრაფა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100), იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

– ხომ არ შეეხო ცვლილება რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების გამოცდას? რა გავითვალისწინოთ მომზადების, ასევე უშუალოდ საგამოცდო პროცესში?

– ეს გამოცდები ზუსტად იმავე ფორმატში ტარდება, როგორიც ინგლისური ენის გამოცდა. 2022 წელს უცხოური ენის გამოცდას ცვლილება არ შეხებია. უცხოური ენის ჯგუფის წარმომადგენლები კი გირჩევენ, რომ გაეცნოთ გასული წლების ტესტებს, ასევე საგამოცდო კრებულს, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. უშუალოდ საგამოცდო პროცესის დროს კი გახსოვდეთ, რომ თემის წერისას არ უნდა დაწეროთ სახელი და გვარი, ასევე ზუსტად უნდა უპასუხოთ დასმულ შეკითხვას. საჭიროა ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები, ამასთან გაითვალისწინოთ დროც, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული.

ასევე იხილეთ:

გამსვლელი ზღვარი შეიცვალა რომელიმე საგანში? – 2022 წლის აბიტურიენტთა პირველი კითხვები და პასუხები გამოცდების ცენტრისგან

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური