GE

გამსვლელი ზღვარი შეიცვალა რომელიმე საგანში? – 2022 წლის აბიტურიენტთა პირველი კითხვები და პასუხები გამოცდების ცენტრისგან

შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან თავიანთი პირველი კითხვები უკვე დასვეს 2022 წლის აბიტურიენტებმა, რომელთა პასუხებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 14 დეკემბერს გამოაქვეყნა:

რა სიახლეები შეეხო 2022 წლის გამოცდებს და რატომ?

2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ არა მხოლოდ მათემატიკა ან/და ისტორია, არამედ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ეს სიახლე აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2022 წლის სიახლე ხომ არ გულისხმობს იმას, რომ საგნების შედეგები შესაძლოა დაჯამდეს და ამით გრანტის აღების შანსი გაეზარდოს აბიტურიენტს?

გრანტის გაცემა ისევ სამი საგნის შედეგის შესაბამისად მოხდება. აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი არ იცვლება. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

რომელი საგნის ტესტს შეეხო წელს ცვლილებები?

2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ასევე გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შევა მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

სად შეიძლება ვნახოთ რომელი პროგრამა რომელ საგნებს ითხოვს 2022 წელს?

პირველადი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რომელი საგანი ბარდება, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული. საბოლოო ინფორმაცია კი ამავე გვერდზე განთავსდება რეგისტრაციის დაწყებამდე.

გამსვლელი ზღვარი თუ შეიცვალა რომელიმე საგანში?

გამსვლელი ქულის პროცენტული ზღვარი წელს არ შეცვლილა. ყველა საგანში აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში 20%-ზე მეტი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე გამსვლელი ქულის პროცენტული მაჩვენებელი.

წელს, როგორც ვიცით, ისტორიის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, ამის ხარჯზე შესაძლებელია თუ არა გართულდეს ან გამარტივდეს ტესტი?

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაში შეტანილია მხოლოდ გარკვეული დაზუსტებები და მცირე ხასიათის ცვლილებები, თუმცა პროგრამის მოცულობა არ გაზრდილა, პირიქით, უფრო მეტი საკითხია ამოღებული, ვიდრე დამატებული. ყოველწლიურად ამ ტიპის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ასახული უკლებლივ ყველა საკითხისა და ქვესაკითხის შეტანა მეტისმეტად გაზრდის პროგრამის მოცულობას, სწორედ ამიტომ პერიოდულობით გარკვეული საკითხები ახალი საკითხებით იცვლება, ან ზუსტდება გარკვეულ ისტორიული თემატიკა და პერიოდი, რათა არ გავიმეოროთ ერთი და იმავე მასალაზე შედგენილი დავალებები და ტესტიც გადახალისდეს ახალი თემატიკით. ყველა ცვლილება შეთანხმებულია ექსპერტთა ჯგუფთან. რაც შეეხება ტესტის სირთულეს, შარშანდელის იდენტური იქნება.

ვაბარებ ისტორიასა და მათემატიკას. თუ ერთ არჩევით საგანში ზღვარი ვერ გადავლახე, ჩაჭრილად ვითვლები?

თუ რომელიმე არჩევით საგანში ზღვარს ვერ გადალახავთ, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებით, შეინარჩუნებთ მეორე არჩევითი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის მიღების შესაძლებლობას.

სავალდებულოა თუ არა ჯანდაცვის მიმართულებაზე ჩავაბარო ბიოლოგია?

დიახ, ჯანდაცვის (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ბიოლოგია, ასევე მინიმუმ ერთი საგანი ამ ჩამონათვალთაგან: მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.

უცხოურ ენაში ჯერ უნდა მოვისმინოთ დავალება და შემდეგ უნდა გავცეთ კითხვებს პასუხი?

პასუხები უნდა გასცეთ მოსმენის პარალელურად ისე, რომ ტესტი გქონდეთ გახსნილი. უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი – ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.

სად და როგორ უნდა გაიროს აბიტურიენტმა რეგისტრაცია?

აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე (online.naec.ge). რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ასევე, არ აქვს უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.

მესამე ეტაპზე საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

რა მოწმდება ლიტერატურის გამოცდით და რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობისას?

ლიტერატურის საგამოცდო ტესტით მოწმდება: არგუმენტირების უნარი, საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი, ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარები. ასევე დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება და წერის კულტურა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით. დეტალები იხილეთ კრებულში: კრებული – ლიტერატურა აბიტურიენტებს ვურჩევთ ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულონ მითითებები. მაგ.: თუ თქვენ გევალებათ კონკრეტული ეპიზოდის განხილვა, არ არის საჭირო მთელ ნაწარმოებზე მსჯელობა.

რით უნდა იხელმძღვანელოს აბიტურიენტმა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის გაკეთების დროს?

მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგული სია საკუთარი სურვილის შესაბამისად შეადგინოს აბიტურიენტმა, რადგან პროგრამა განიხილავს მის ჩარიცხვას პირველ არჩევანზე, თუ ქულა არ ეყო – მომდევნოზე და ა.შ. აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით); გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები და სხვ. აქვე მინდა კიდევ ერთი გაფრთხილება მივცე მათ: ყველა ცვლილების შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ შენახვის ღილაკი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური