კარანტინის გამოშვება – ყველაზე სევდიანი „ბოლო ზარი“ და სკოლები თეთრპერანგიანი მოსწავლეების გარეშე
ბოქლომდადებული ჭიშკრები, ცარიელი შენობები, საკლასო ოთახები მოსწავლეების გარეშე, ქუჩის ცხოველების ამარა დარჩენილი ეზოები და ჩაჩუმებული ზარი – ასე გამოიყურებიან დღეს სკოლები, სადაც, წესით, ახლა ყველაზე მეტი ხალხი უნდა ირეოდეს, რადგან დღეს 2020 წლის კურსდამთავრებულების ბოლო ზარია. პანდემიამ მეთორმეტე კლასელებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩაუშალა. შედეგად, არც სკოლებთან და არც ქუჩებში სახალისო ნახატებითა და წარწერებით აჭრელებულ, თეთრ პერანგებში გამოწყობილი მოსწავლეები არ ირევიან. თავიანთი ემოციების გამოხატვა მათ ვირტუალურ სივრცეში უწევთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი კურსდამთავრებულები პირველ კლასში 2008 წლის სექტემბერში მივიდნენ. ანუ, მაშინ, როცა აგვისტოს ომი ახალი დასრულებული იყო და ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ზოგიერთ მათგანს სკოლის პირველი დღის გატარება დევნილობაში მოუწია. საზეიმო განწყობა ქვეყანაში არც მაშინ იყო და არც – ახლა. მეთორმეტე კლასელები ამაზე ხუმრობენ კიდეც – სკოლაში რომ მივედით ომი იყო, დავამთავრეთ და პანდემიაა, მე მგონი, პრობლემა ჩვენშიაო.
EDU.ARIS.GE დღეს არაერთ სკოლას ესტუმრა იმ იმედით, რომ სკოლების მიმდებარედ, ან ქუჩებში მაინც წავაწყდებოდით თეთრპერანგიანებს, თუმცა ამაოდ. იქ მხოლოდ სკოლის დარაჯები, საბავშვო ეტლებით მოსეირნე დედები და ქუჩის ცხოველები ვნახეთ. ზოგიერთი სკოლის ეზოში სარემონტო სამუშაოებიც დაწყებულა. უნდა ვაღიაროთ, რომ სანახაობა იმაზე სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
სამაგიეროდ, მეთორმეტე კლასელები, სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. დღეს მათი დღეა, თუმცა ამ დღეს ისინი, გულდაწყვეტილები, სახლებში ატარებენ. ზოგიერთმა თეთრი პერანგი სახლში ჩაიცვა და ოჯახის წევრების მილოცვით შემოიფარგლა. ხუმრობენ, ერთმანეთის გამხნევებას ცდილობენ და ემოციებსაც უზიარებენ: „დღეს ტირილის დღე მაქვს“ – წერენ ისინი.
ორიგინალური გამოსავალი მოიფიქრა საგურამოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა მარიამ გაფრინდაშვილმა – მას ბოლო ზარი Teams-ის პროგრამაში ჰქონდა, სადაც მისი კლასელები და პედაგოგები ვირტუალურად შეიკრიბნენ. მარიამი ამბობს, რომ ამ დღეს ყოველთვის ელოდა და მიუხედავად პანდემიისა, უნდოდა 20 მაისი მისთვისაც, კლასელებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც გამორჩეული გაეხადა. სწორედ ამიტომ, მან ვირტუალური ბოლო ზარი მოაწყო.
„თეთრ პერანგზე ულამაზესი ნახატი დავხატე, ჩემს ეზოში საკლასო ოთახი მოვაწყვე, დაფაც კი დავდგი. მასწავლებლებს ჩემი დაწერილი ლექსებით დავემშვიდობე და მაინც შევძელი თითოეული მათგანის ემოციებით ავსება. ყველას აგვიჩუყდა გული და ერთმანეთს დიდი სიყვარულით დავემშვიდობეთ. შეიძლება ზოგისთვის ყოველივე ეს სასაცილო და წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ჩემთვის იმედის მომცემია. დადებითი ემოციით დავიმუხტე და საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დავრწმუნდი. მე მაინც ვაგრძელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას!“, – ამბობს მარიამი.
მარიამ კუჭუხიძე (ადიგენის რაიონის სოფ. ლელოვნის საჯარო სკოლა): „ის ფაქტი უფრო მამძიმებს, რომ სკოლა ისე დავასრულე, კლასელებს ნორმალურად ვერც კი მოვესიყვარულე. რომ წარმოვიდგენ, ახლა მე უკვე სკოლადამთავრებული ვარ, კლასელებს ვეღარ ვნახავ, ვეღარ ვეკამათები, ცრემლები ისე მომდის, ვერც კი ვამჩნევ. ძალიან გულდაწყვეტილი და აფორიაქებული ვარ“.
ბაბეკ მამედოვი (გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლა): „მე მიხარია, რომ არ დავრეკე ბოლო ზარი. ამის გამო, შეიძლება ითქვას, ცხოვრების ბოლომდე სკოლის მოსწავლედ დავრჩები. ცხოვრების ბოლომდე ვიქნები ჩემი ყველაზე მაგარი მასწავლებლების მოსწავლე, ყოველთვის შემეძლება, მივიდე სკოლაში, როგორც მოსწავლე და ჩემი უძვირფასესი ხალხი მოვიკითხო. მიხარია, რომ არ მაქვს ბოლო ზარი და ბანკეტი, რადგან ეს რიტუალები განშორებისთვისაა, მე კი ვერასოდეს განვშორდები ჩემ წინამძღვრებს!“
ნუცა ელიაშვილი: „არ მეგონა, ეს დღე ჩემთვის ასეთი ემოციური თუ იქნებოდა. მარტიდან შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ბოლო ზარი არ მექნებოდა, მაგრამ 20 მაისი მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. სახლში ვერ ვჩერდები. ახლა ხომ სკოლის ეზოში უნდა ვიყოთ შეკრებილები, გვილოცავდნენ, აღვნიშნავდეთ, ვერთობოდეთ. იმედი მქონდა ცუდი ამინდი მაინც იქნებოდა და გული ნაკლებად დამწყდებოდა, მაგრამ ამაშიც არ გამიმართლა. საშინელ ხასიათზე ვარ, ვერაფერს ვაკეთებ“.
მარიამ მამუკაშვილი (წმ. გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი): „12 წელი ამ დღეს ველოდი. ველოდი როდის დავამთავრებდი სკოლას და რაც უფრო ვუახლოვდებოდი მიზანს, მით უფრო მიხაროდა. დღეს ოფიციალურად ვამთავრებ სკოლას, აღარ ვარ მეთორმეტე კლასის მოსწავლე, აღარ მომიწევს დავინახო ადამიანები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, განათლება მივიღე. ეს, ის დროა, როდესაც დერეფანში გავლისას ნაგრძნობი სუნიც კი მოგენატრება, მაგრამ არ შეიმჩნევ, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. იცით, თუ მკითხავთ დღესაც ვერ გაგცემთ პასუხს რა იყო სკოლის საუკეთესო მოგონება. ალბათ უფრო ჩემი ბავშვები, ჩემი მეგობრები, მათთან ერთად დროის გატარება და უსაზღვრო სიყვარული, რომლებსაც მათგან ვგრძნობდი. კი, ვაღიარებ ცხოვრებაში პირველად, რომ 12 წელი ველოდი სკოლის დამთავრებას, მაგრამ დღეს გული მწყდება დავტოვო წარსული და მივადგე მომავალს, რომელიც სპონტანურია. დამაბრუნეთ ისევ პირველ კლასში!“
მარიამ არმეგონაშვილი (სოფელ ქსნის საჯარო სკოლა): „წუხელ ვერ დავიძინე, ვნერვიულობდი – დღევანდელ ბოლო ზარზე ნერვიულობა რომ არ მიწევდა, იმის გამო. ბოლო წუთამდე მეგონა რომ არაფერი იყო, ერთი უბრალო ცერემონია და მე რა, რომ არ ჩატარდებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სკოლის დამთავრება, ჩვენს ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და დიახაც, რომ აუცილებელია ბოლო ზარიც და კლასელებთან ერთად ბანკეტიც! არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვამთ და ხვდებით ამ ამბავს, მაგრამ მე უზომოდ მწყდება გული“.
ნიკა ცერცვაძე: „აქამდე არ მინდოდა არც ბოლო ზარი და არც ბანკეტი. კორონას მადლობასაც კი ვუხდიდი, ეს ორი ღონისძიება რომ ამარიდა. თუმცა, დღევანდელმა, თითქმის არაფრით განსხვავებულმა დღემ, ეს ყველაფერი სხვანაირად დამანახა. ფლომასტრით მიჯღაბნილი წარწერები, სკოლის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ქუდების ჰაერში აყრა – ამაზე თითოეული ჩვენგანი პირველი კლასიდან ოცნებობდა. მოვიდა 20 მაისი, მაგრამ სად არის ღონისძიება? სად არიან მასწავლებლები, რომლებიც შეიძლება არასოდეს მოგვწონდნენ, მაგრამ გავუღიმებდით და მაინც დავაწერინებდით რამეს ჩვენს თეთრ, დასაჯღაბნად განწირულ პერანგებზე. კორონამ ყველაფერი წაგვართვა. წაგვართვა ის სიამოვნება, რომელიც 20 მაისს უნდა განგვეცადა, ის შეგრძნება, რომ ჩვენ უკვე გავიზარდეთ და დროა თავგადასავლების ძებნა სხვაგან დავიწყოთ. გგონიათ ის პერანგები დიდხანს გვეცმეოდა? არა, მაგრამ ჩვენც გვექნებოდა სკოლის დამთავრების არაფორმალური საბუთი, რომელიც ყველას ჰქონდა და ექნება.
„ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელსაც არასოდეს დაავიწყდება 2020 წლის 20 მაისი – ჩვეულებრივად ჩატარებული განსხვავებული დღე. დღე, რომელიც ჩვენ არასასიამოვნოდ, მაგრამ განსხვავებულად გაგვახსენდება. ყველას გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ ყველაფერ კარგს ცხოვრების იმ ახალ ეტაპზე, რომელზეც ვერავინ გამოგვაცილა“.
მოსწავლეებმა ონლაინ მილოცვები მიიღეს საკუთარი მასწავლებლებისაგან, დირექტორებისაგან და განათლების მინისტრისგანაც. მიხეილ ჩხენკელი მეთორმეტე კლასელებს წერს:
„ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი” – დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.
„უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა. ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – ნათქვამია მილოცვაში, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტრომ, სპეციალურად ამ დღისთვის, ფეისბუქის ფოტოსათვის ჩარჩო ე.წ. ფრეიმიც კი შექმნა წარწერით „ბოლო ზარი 2020“, მაგრამ მან მოსწავლეების მოწონება ვერ დაიმსახურა. მეთორმეტე კლასელებმა, სოციალური ქსელების ჯგუფებში, ფრეიმი გააკრიტიკეს და კარგადაც იხალისეს. მათ თავად შექმნეს ფოტო, რომელზეც წარწერებით აჭრელებული თეთრი ლენტია გამოსახული.
ყველაზე ორიგინალური კი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ბოლო ზარი აღმოჩნდა, სადაც პედაგოგებმა მეთორმეტე კლასელებს სიურპრიზი მოუწყვეს – ბოლო გაკვეთილი მათ, საკლასო ოთახში, მერხებზე დალაგებულ მოსწავლეების ფოტოებთან ჩაატარეს. თითოეულმა მასწავლებელმა მათ სკოლის დასრულება ვიდეომიმართვით მიულოცა და ბოლოს, სპეციალურად კურსდამთავრებულებისათვის, სიმღერაც შეასრულეს. ეს ყველაფერი კი სკოლის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს.
EDU.ARIS.GE ულოცავს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დასრულებას და მათ წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება