GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

10 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ. თავის მიმართვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების პიროვნულ ყალიბსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაც მისი თქმით, პროფესიულ მიღწევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა თანამედროვე ციფრული სამყაროსა და სოციალური ქსელების მიერ შექმნილ წნეხზე, რაც ხშირად უჩენს ადამიანს განცდას, თითქოს ცხოვრებისეულ მარათონში აგვიანებს. კახაბერ კორძაიამ კურსდამთავრებულებს მოუწოდა, არ გახდნენ საკუთარი წარმატების ტყვეები, არ მოერგონ თავსმოხვეულ სტანდარტებს და იპოვონ ბედნიერების ინდივიდუალური საზომი. გამოსვლის დასასრულს, რექტორმა ახალგაზრდებს უსურვა, რომ წლების შემდეგ უკან მოხედვისას დაენახათ დიდი პროფესიული მიღწევები, ღირსეული არჩევანი და კეთილი საქმეები. მან კიდევ ერთხელ შეახსენა სტუდენტებს, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და ახსოვდეთ – უნივერსიტეტი მუდამ მათ გვერდით დგას.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. მან ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ორიენტირებულია აკადემიური პროგრამების შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადობაზე. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერთა საერთაშორისო დღეც მიულოცა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის კურსდამთავრებულები.

ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა: კობა კობალაძემ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა; გიორგი ხაბაშვილმა – რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ და „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა; ზურაბ ვაჭარაძემ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ; მამუკა ნემსაძემ – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებმა: გიორგი ხატიძემ (სამართლის ფაკულტეტი), ეკატერინე ჭალაგანიძემ (სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ქეთევან ნანობაშვილმა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი), მაგდა თორთლაძემ (მედიცინის ფაკულტეტი) და ოლანი გოცირიძემ (მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი). დეკანების გამოსვლის შემდეგ კურსდამთავრებულთა ინდივიდუალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მინდიაშვილი. სადოქტორო საფეხურის კურსდამთავრებულებსა და სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული კედლის საპატიო დიპლომები გადაეცათ. ემოციური მიმართვებით აუდიტორიის წინაშე თავად კურსდამთავრებულებიც წარდგნენ: თათია კოკობინაძე, ალექსანდრე შამუგია, დავით ზოიძე და თამარ თაგვაძე.

ღონისძიებას უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე უძღვებოდა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა გიგი პიანომენმა, ასევე, მაყურებლის წინაშე წარდგა უნივერსიტეტის ანსამბლი „კავკასიელი“ ბეჟან წინწალაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სპეციალური მუსიკალური „ფლეშმობი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინი კუპატაძემ შეასრულა.

გამოსაშვები საღამო ტრადიციული ტორტის გაჭრითა და აკადემიური ქუდების აყრის ცერემონიით დასრულდა. ოფიციალური ნაწილის შემდგომ კურსდამთავრებულთა განწყობაზე DJ-იმ იზრუნა, სტუმრებსა და კურდამთავრებულებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დღის ემოციები სპეციალურად მოწყობილ ფოტოსივრცეებში აღებეჭდათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური