GE

უნივერსიტეტის სტატუსის მიღების შემდეგ, პოლიციის აკადემია ფასიან კურსებსაც ჩაატარებს – ჩამონათვალი და ფასები

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ექვსი წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და დაწესებულებამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა, რამდენიმე თვე გავიდა. მთავრობის 6 ნოემბრის დადგენილებით კი აკადემიას ექნება უფლება, რომ სხვადასხვა მიმართულებით ფასიანი სასწავლო ტრენინგი, კურსი ან პროგრამა ჩაატაროს როგორც დასწრებულ, ისე ონლაინ რეჟიმში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილებაში წერია, რომ პოლიციის აკადემია უფლებამოსილია, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ჩაატაროს ტრენინგი ან/და სასწავლო კურსი/პროგრამა, მათ შორის, ელექტრონული ტრენინგი ან/და სასწავლო კურსი/პროგრამა, აგრეთვე განახორციელოს მისი ორგანიზება და ადმინისტრირება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

ამ დადგენილების მიზნებისათვის, პოლიციის აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში ტრენინგი, სასწავლო კურსი და პროგრამა შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

-საცეცხლე მომზადება;

-სპეციალური ტაქტიკური მომზადება და იძულების ღონისძიებები;

-პირველადი სამედიცინო დახმარება;

-სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მართვა;

-ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და მათზე რეაგირება;

-ადმინისტრაციული საქმისწარმოება და სამართლებრივი პროცედურები;

-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;

-ბავშვთა უფლებები, უსაფრთხოება და ძალადობის პრევენცია;

-მოზარდთა ქცევა, სოციალიზაცია და თანამედროვე სუბკულტურები;

-კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა;

-ოფიციალური დოკუმენტების ინსპექტირება და გაყალბების გამოვლენა;

-სწავლების მეთოდოლოგია ტრენერთათვის და მათი პროფესიული განვითარება;

-ეფექტიანი კომუნიკაციის სტანდარტები;

-მომსახურების ხარისხი და სერვისის სტანდარტები;

-ინტერპერსონალური კონფლიქტის მართვის სტრატეგიები;

-მენეჯმენტის სწავლება;

-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის სტანდარტი;

-საოფისე პროგრამები;

-საქმისწარმოება და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;

-ბიოლოგიური ნიმუშების აღება, მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშების აღების მეთოდოლოგია.

მომსახურების საფასურების გამოთვლის ცხრილი და შესაბამისი ფასები იხილეთ პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში

გასათვალისწინებელია, რომ მომსახურების კომპონენტის ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების საფასურის 30%-ის ოდენობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური