კიდევ ვის შეეძლება სკოლაში დირექტორის მოვალეობის შესრულება – ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა
საქართველოს პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე რამდენიმე კანონპროექტზე იმუშავებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ინიცირებით შევა.
მათ შორის ერთი ცვლილება უკავშირდება სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულების საკითხს, მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურებას და მესამე დანამატების გაცემას მაღალმთიანი დასახლების სკოლის მასწავლებლებისთვის.
კერძოდ, როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებით, დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ექნება უფლებამოსილება, რომ სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მასწავლებლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება ეცვლებათ და სახელფასო მატების პერიოდმა განაპირობა კიდევ ერთი დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, რომლის თანახმად, როგორც პარლამენტში განმარტავენ, საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხი, 2024 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად დარეგულირდება.
სკოლის მასწავლებლისთვის გასაცემი დანამატის ოდენობას უკავშირდება კიდევ ერთი დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მაღალმთიან დასახლებებს ეხება და ცვლილების შემდეგ, “მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის პრაქტიკოსი, მაძიებელი და უსტატუსო მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს (405 ლარის) არანაკლებ 35 %-ის ოდენობით”.
ასევე იხილეთ:
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება