GE

კითხვა და მოზარდები – რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს

თუ გადავხედავთ ჩვენ ბავშვობას, ალბათ, ყველას გაგვახსენდება პერიოდი, როდესაც ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა გვეზარებოდა და ეზოში თამაში გვერჩივნა, რის გამოც მშობლებისგან საყვედური არაერთხელ მიგვიღია. თავის მხრივ, მშობლებიც გაიხსენებენ, როგორ დაუსჯიათ ბავშვები იმის გამო, რომ წიგნი არ წაიკითხა, ან არ უნდოდა ამის გაკეთება. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრ ოჯახში ხდება და საზოგადოებისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ალბათ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე რა როლი აქვს მშობელს და მასწავლებელს ამ პროცესში, სად უშვებენ ისინი შეცდომას და როგორ უნდა მიუდგნენ ბავშვებს ასაკობრივი კატგორიის მიხედვით.

Aris.ge-განათლება ამ საკითხით დაინტერესდა და რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, ასევე, რა მეთოდები გამოვიყენოთ ეფექტურად კითხვისთვის, სპეციალისტებს ჰკითხა.

ზაქრო ქიტიაშვილი 10 წელია მასწავლებელია, ამ პერიოდის განმავლობაში ის ტრენერადაც მუშაობდა და რაც ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესოა, ბოლო წლებია სპეციალურ ლიტერატურაზე და ფილმებზე მუშაობს, რომელიც კითხვის ეფექტურ მეთოდებს ეხება. ეს უკანასკნელი მასწავლებლებს ეხმარება, ბავშვებში კითხვის უნარები განავითარონ და მათ წაკითხულის სწორად აღქმა და გადამუშავება ასწავლოს. სანამ ამ მასალის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, ბატონ ზაქროს ზემოთხსენებულ პრობლემაზე ვკითხეთ და პსუხიც საკამოდ საინტერესო აღმოჩნდა.

ჩვენს კითხვაზე, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა, გამოცდილმა მასწავლებელმა და სპეციალისტმა ასეტი პასუხი გაგვცა:

“ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ენიჭება როგორც მასწავლებელს ასევე მშობელსა და ოჯახს. მასწავლებელმა სწორად უნდა შეარჩიოს ლიტერატურა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როდესაც ის მაგალითია ბავშვისთვის. რაც შეეხება მშობლებს, მათ შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ენიჭებათ, რადგან თუ თვითონ ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ ბავშვი წიგნით დააინტერესონ, მასწავლებელს მაინც არ უნდა შეუშალონ ამაში ხელი. ხელის შეშლაში კი ვგულისხმობ დასჯის იმ მეთოდს, როდესაც ამის მთავარი ბერკეტი წიგნია. მაგალითად რაიმე სურვილის შესრულების სანაცვლოდ წიგნის წაკითხვა და ა.შ. ნებისმიერი დაძალება იწვევს უკუქმედებას და ამით, შესაძლოა, ბავშვში აგრესია გამოვიწვიოთ. ძალიან კარგი იქნება, თუ სწორედ მშობლები იქნებიან ბავშვისთვის მაგალითი წიგნის კითხვაში და საკუთარი სურვილით თუ არა ბავშვის დასანახად მაინც დაჯდებიან სახლში წიგნით ხელში. როდესაც ბავშვი დაკუთარ მშობელს ამ მდგომარეობაში ხშირად ხედავს ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაში მასწავლებლისთვისაც ბევრად უფრო ადვილია საბოლოო შედეგის მიღწევა.”

– რაც შეეხება მასწავლებლებს, კონრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ იმისათვის, რომ ბავშვს წიგნი შეაყვარონ?

ყველა ასაკს აქვს თავისი საკითხავი წიგნი, როდესაც ბავშვი რაიმე წიგნს ირჩევს მასწავლებელმა არ უნდა გაუკრიტიკოს ის. ინიციატივის მხარდაჭერა აუცილებელია და ასევე, არსებითია, რომ მასწავლებელს აუცილებლად წაკითხული უნდა ჰქონდეს ყველა ასაკის შესაბამსიი თანამედროვე ლიტერატურაც, რადგან იგი მზად უნდა იყოს მოსწავლეების დასახმარებლად.

ასევე, აუცილებელია მოტივაცია, სანამ მასწავლებელი ბავშვს კონკრეტული წიგნის წაკითხვას შესთავაზებს მან ჯერ უნდა გააცნოს მოსწავლეს ინფორმაცია მის შესახებ და გაუღრმავოს მას ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვის მოტივაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ უნდა გაიმიჯნოს რას ვთავაზობთ ბიჭებს და რას გოგონებს იმისათვის, რომ წიგნი მათთვის საინტერესო და მიმზიდველი იყოს.

ამ პროცესში ძალიან დადებით როლს თამაშობს კითხვის გაკვეთილები, რომელიც უკვე სავალდებულო გახდა სკოლებში. რაც უფრო უაშუალო და არაფორმალურ გარემოში ჩაატარებს პედაგოგი ამ გაკვეთილებს შედეგი მით უკეთესი ექნება. ფორმატი შეიძლება იყოს როგორც წრეში ბავშვებთან ერთად ჯდომა, ისე ბუნებაში გაყვანა, გარემოს შეცვლა და ა.შ.

მას შემდეგ, რაც მივიღეთ აუცილებელი რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, Aris.ge-განათლება იმითაც დაინტერესდა, რა უნდა გააკეთოს სკოლამ და პედაგოგმა იმისათვის, რომ ბავშვმა სწორად აღიქვას წაკითხული ლიტერატურა და მისი გადამუშავებაც ეფექტურად შეძლოს.

სწორედ ამისათვის მზადდება ის სპეციალური ლიტერატურა და ფილმები, რომლის შექმნის პროცესშიც ჩვენი რესპონდენტიც მონაწილეობს. დამხმარე მასალას სახელწოდებით “კითხვის ეფექტური მეთოდები” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ამზადებს. სასწავლო მეთოდური ფილმები და გზამკვლევები ეხმარება მასწავლებლებს იმ მეთოდებით, სტრატეგიებითა და აქტივობებით აღჭურვაში, რომლებიც მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების განვითარებასა და სკოლებში წიგნიერებაზე ორიენტირებული გარემოს ორგანიზებას ემსახურება.

დამხმარე ლიტერატურასა და ვიდეომასალაში მოცემული მეთოდების გამოყენებით ბავშვებს საშუალება ეძლევათ, როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე სხვა სახის ტექსტებიდან ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნონ, ასევე, გამოიმუშავონ ლაკონური აზროვნების, ტექსტში მოთხოვნილი მოცემულობის სწორად აღქმის უნარი და ა.შ.

ამ და სხვა შედეგების მისაღწევად მასწავლებლები მრავალფეროვან მეტოდებს იყენებენ, მათ შორის:

წაკითხულის გააზრებაზე ორიენტირებული კითხვების დასმა;

ტექსტის დახარისხება სხვადასხვა სეგმენტის მიხედვით, მაგალითად კონკრეტული ნიშანთა სისტემის გამოყენებით;

ტექსტის გაწერა ნიმუშის სახით მიცემულ სქემაში, სადაც გამიჯნავენ ერთმანეთისგან ძირითად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას და ა.შ.

ეს იმ აქტივობების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც მასწავლებლები ბავშვებში კითხვის ეფექტური მეთოდების გამომუშავებისთვის იყენებენ.

ამ პროცესში მათ გარკვეულწილად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე საკითხავი და ვიდეო მასალაც ეხმარებათ. ცენტრში აცხადბენ, რომ ამ უკანასკნელის შექმნაზე აქტიური მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წლის PIRLS-ის საერთაშორისო კვლევის შედეგებმა ქართველ მოსწავლეებში უცხოელ თანატოლებთან შედარებით არც თუ ისე სახარბიელო შედეგი აჩვენა. კვლევის შედეგებს, ასევე, ახლდა რეკომენდაციები მასწავლებელთათვის კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების ინტენსიური მიწოდების შესახებ.

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნული მეთოდების გამოყენება ბავშვებს მომავალში უმაღლესში მოსახვედრად და შემდგომში სწავლის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიან მოქალაქეებად აქცევს.

რაც შეეხება მასწავლებლების და მშობლების მცდელობას, ბავშვებში წიგნის სიყვარული და მისი კითხვის ეფექტური მეთოდები გამოიმუშაონ, ამას მომავალი გავჩვენებს. იქამდე კი, იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა, რომ სპეციალისტებისგან სასარგებლო რჩევები მიგვეღო, მცირედით მაინც დაეხმარება როგორც მშობლებს, ისე მასწავლებლებს.

ნინო არის© თაბუკაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური