GE

კომპანია Petrocas Energy Group 20 ახალგაზრდის სწავლას დააფინანსებს

კომპანია Petrocas Energy Group-ი 20 ახალგაზრდის სწავლას დააფინანსებს. როგორც “ინტერპრენიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ცნობილი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის ჰოლდინგში შემავალი კომპანია Petrocas Energy Group-ი, რომლის ერთ-ერთ აქტივს ფოთის სანავთობო ტერმინალი Chanel Energy წარმოადგენს, კომპანიის კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფოთში ახალგაზრდების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობას გეგმავს. კერძოდ, კომპანია იმ 20 ახალგაზრდას დააფინანსებს, რომლებმაც 2013 წელს წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლეს.

ამასთან, დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფის პატრონაჟის ქვეშ, ფუნქციონირებას განაახლებს ფოთის მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი. კომპანიის მესვეურებმა, ფოთის მაჟორიტარ დეპუტათან და თვითმმართველობასთან ერთად არსებული ცენტრის განვითარების გეგმა შეიმუშავეს.

როგორც Petrocas Energy Group-ში აცხადებენ, კომპანია აღნიშნულ ცენტრს უახლესი სტანდარტების დაცვით გაარემონტებს და თანამედროვე ტექნიკით აღჭურავს. სასწავლო ცენტრი ფოთში მცხოვრებ ასზე მეტ ახალგაზრდას მოემსახურება, რომლებიც ინგლისურსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეისწავლიან. კურსების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც Petrocas Energy Group-ი გასწევს. მომავალში ჯგუფი მათ მიერ დაფინანსებული კადრების სტაჟირებასა და დასაქმებაზეც იზრუნებს.

Petrocas Energy Group-ის გენერალური დირექტორი ივანე ნაკაიძე ჰოლდინგში შემავალი კომპანიების აქტივობას ასე ხსნის: “ჩვენი ინიციატივა ემსახურება ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს – განათლების სფეროს ხელშეწყობას. განათლება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფოთელი ახალგაზრდებისთვის, რამეთუ მიგვაჩნია, რომ განათლება და მათ შორის პროფესიული გადამზადება გახლავთ ყველაზე წარმატებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისათვის. ჩვენ გვსურს დავნერგოთ კორპორატიული პასუხისმგებლობის პრინციპი და შესაბამისად მოუწოდებთ ქალაქ ფოთში მოღვაწე კომპანიებსაც, მონაწილეობა მიიღონ ანალოგიურ პროექტებში. ასევე მოგახსენებთ, რომ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მეშვეობით დღეის მდგომარეობით მხოლოდ ფოთში დასაქმებულია 120 ადამიანი, დასრულების ეტაპზე მყოფი პროექტი, რომლის ღირებულებაც წარმოადგენს 36 მილიონ აშშ დოლარს, უზრუნველყოფს დამატებით 100 სამუშაო ადგილის შექმნას 2013 წლის ბოლომდე”, _ აცხადებს ნაკაიძე.

www.interpressnews.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური