GE

კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამოცხადდა – დეტალები

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს და კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებსა და დეტალებს განმარტავს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.

კონკურსის მონაწილე კანდიდატი:

  • თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი);
  • უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას;
  • იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება:

  • გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში;
  • ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
  • გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში;
  • მანდატის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

კონკურსით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: UN.Rep@youthagency.gov.ge

„აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამისა „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 30 000 ლარით დაფინანსდება“, – ვკითხულობთ სამინისტროს პრეს-რელიზში.

ინფორმაცია ვრცლად კონკურსის მიზნების, წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობების, კანდიდატის წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის, საკონკურსო თემატიკისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური