GE

კოვიდგადატანილი ბავშვების ნაწილს გართულების სახით ახალი დაავადება – MIS-C უვითარდებათ

კოვიდგადატანილი ბავშვების ნაწილს გართულების სახით ახალი დაავადება – ინფლამატორული სინდრომი უვითარდებათ. ამ დიაგნოზით საქართველოში უკვე ათეულობით მოზარდი მკურნალობს, საჭირო პრეპარატი კი საკმაოდ ძვირადღირებულია. სიმპტომები ბავშვებს ინფექციის გადატანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოუვლინდათ და ზოგ შემთხვევაში მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ ბავშვებს კორონავირუსი ჰქონდათ გადატანილი.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. „მისტიკური სინდრომი“ – მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა ე.წ. „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაარქვეს – ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).

MIS-C სინდრომის დიაგნოზით საქართველოში სტაციონარულ მკურნალობას რამდენიმე ათეული ბავშვი გადის. მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 12 იანვრის მონაცემებით, ამ დიაგნოზით 12 ბავშვი მკურნალობს. „ნიუ ჰოსპიტალში“ კი – ორი მოზარდი. კიდევ რამდენიმე ათეული ბავშვი კლინიკებიდან გაეწერა და ბინაზე აგრძელებენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებში თავად კოვიდინფექცია მოზრდილებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, შესაძლოა უსიმპტომოდაც კი ჩაიაროს, თუმცა, ამ ვირუსმა ბავშვების იშვიათ ნაწილში აჩვენა ვერაგი გართულება, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს სახელი – მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი. სინდრომი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვლინდება. ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენთან გადიოდა მკურნალობას კოვიდი ან ახალგადატანილი ჰქონდა, ან ჯერ კიდევ აქტიური შემთხვევა იყო. საინტერესოა ისიც, რომ გვქონდა შემთხვევები, როდესაც მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ ბავშვს კოვიდი ჰქონდა გადატანილი, რადგან ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა, თუმცა, ანტისხეულები აჩვენებდნენ, რომ ბავშვს ვირუსი გადატანილი ჰქონდა. არსებობს უკვე საერთაშორისო პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია MIS-C სინდრომის დროული ამოცნობა და შემდეგ უკვე სათანადო მკურნალობის დაწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სინდრომის შესახებ მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია როგორც მოსახლეობაში, ისე სამედიცინო სექტორში, რეგიონებში, რადგან დროულად მოხდეს სინდრომის იდენტიფიცირება. სამწუხაროდ, სინდრომს საკმაოდ მძიმე გართულებები აქვს, მათ შორის, იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას, მიოკარდიუმის დისფუნქციას“, – აცხადებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე.

MIS-C სინდრომსა და მისი მკურნალობის ხარჯებისა და პრეპარატის დეფიციტის საკითხს პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში რეანიმატოლოგმა ანი ქავთარაძემ. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

„1 ფლაკონი შედგება სულ რაღაც 2.5 გრ.-გან და ჩვენს ქვეყანაში ღირს 600 ლარი. შესაბამისად, ბავშვს, რომელიც იწონის 20 კგ.ს ესაჭიროება 16 ფლაკონი ანუ, ჯამში 9,600 ლარის ღირებულების!!! ეს თანხა, ბევრ ოჯახს ერთად არც არასდროს უნახავს! აქვე დგება მეორე პრობლემა – ვთქვათ მშობელმა იშოვა თანხა, შემდეგ ჯერი თავად წამლის ძებნაზე დგება. დღევანდელი მონაცემებით (8 იანვარი) ქალაქში სულ 9 ცალი მოიპოვება და გამოდის, რომ სხვასაც რომ დასჭირდეს, ფიზიკურად აღარ არის! რას ვაკეთებთ?! იმედია, დროულად იღებთ ყურად და სასწრაფოდ შემოიტანთ და დააფინანსებთ კიდეც, ვინაიდან, პიკის გადავლის შემდეგ შესაძლოა, კიდევ გვყავდეს ქვეყანაში ასეთი მძიმე პაციენტები. მათ დიდ უმრავლესობას კი, როგორც მოგეხსენებათ, ვერ ექნება მსგავსი მასშტაბების მატერიალური შესაძლებლობა“.

პრეპარატის შემოტანის უზრუნველყოფისა და დაფინანსების შესახებ უწყების პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ “პრეპარატის შემოტანის საკითხები დღის წესრიგში არ დგას, რადგან იმუნოგლობულინით მკურნალობა ყველა პაციენტს არ სჭირდება და ყველა ექიმი არ იყენებს ამ პრეპარატს. რაც შეეხება დაფინანსებას, თუკი ერთეული შემთხვევები იქნება და მოგვმართავენ, ამ შემთხვევებს განვიხილავთ”, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: რადიო თავისუფლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური