კურიკულუმი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის – სპეციალისტი შექმნის ხერხებზე საუბრობს
როგორც ვიცით, დღეს ყველა სკოლა ვალდებული და პასუხისმგებელია, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იხელმძღვანელოს და იმ სასწავლო პოლიტიკას მიჰყვეს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მოქმედებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ისიც, რომ სწავლების თითოეულ საფეხურზე, სკოლას განსხვავებული მისია ეკისრება.
როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, დაწყებითი საფეხურის მისიაა: „საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის“. იმისთვის, რომ სკოლამ ამ მისიის შესრულება სრულყოფილად შეძლოს, ის ვალდებულია, შექმნას ე.წ კურიკულუმი-სასწავლო გეგმა.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი კურიკულუმი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის, თუ სკოლის მიზანია, რომ სრულყოფილად შეასრულოს ესგ-ში განსაზღვრული მისია. საკითხის შესახებ ვესაუბრეთ, ქალბატონ ნანა ბურძენიძეს, ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორ მასწავლებელს, რომელიც ასევე არის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი და გასულ წელს, კითხვის სწავლებაში იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
– ქალბატონო ნანა, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის კურიკულუმი, ვისთვის იქმნება და ვინ ქმნის მას?
– სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა საგნობრივ საკითხებს, დავალებებს, თემებს, ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებს, ძირითად და დამატებით რესურსებს, შეფასების ინსტრუმენტებს სთავაზობს სკოლა საკუთარ მოსწავლეებს პიროვნული განვითარებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად. სასკოლო კურიკულუმს ქმნის სკოლა, რომელიც მოსწავლის განვითარების კონკრეტულ გზად აქცევს ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად მოთხოვნებს. კარგი კურიკულუმი ერთბაშად არ იქმნება. იგი ყოველწლიურად იხვეწება, სკოლაში დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასზე მუშაობის პროცესში სასკოლო თემის რაც შეიძლება მეტი წევრი იყოს ჩართული. კურიკულუმისთვის მთავარი მოსწავლის პიროვნული განვითარების გზის ჩვენებაა. ეს გზა აქ სასწავლო მიზნების სახით აღიწერება. თემები, საკითხები, საკლასო და არასაკლასო აქტივობები, რესურსები, დავალების ტიპები, სწავლების მეთოდები, შეფასების ფორმები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა ელემენტები კი სწორედ ამ მიზნების შესაბამისად შეირჩევა. ამდენად, კურიკულუმი, თავისი ბუნებით, ძალიან დინამიკური და განვითარებადი დოკუმენტია, რომელიც აზუსტებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს სკოლის სპეციფიკის გათვალისწინებით და წარმოაჩნს გზას, რომელიც მოსწავლემ, მასწავლებელმა და სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად უნდა გაიაროს.
– როდის უნდა მომზადდეს დაწყებით კლასების კურიკულუმი და მომზადების რა ეტაპს გადის ის?
– ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გაკვეთილი არის ცოცხალი პროცესი, ამავდროულად, არ არის მარტივი, ერთი წლით ადრე განვსაზღვროთ მოსწავლეთა მიღწევები, ინტერესები, შესაძლებლობები. კურიკულუმი კი სწორედ კონკრეტული კლასის კონკრეტულ მოსწავლეებზე მორგებული დოკუმენტია, რომელიც მათი მიღწევებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა განიცდიდეს ცვლილებას.
დაწყებითი კლასების კურიკულუმის შემუშავების პირველ ეტაპზე ყალიბდება მატრიცის ჩარჩო, ამ ჩარჩოთი განისაზღვრება სამიზნე ცოდნა, კომპლექსური დავალების პირობა, სასწავლო რესურსები, მაგრამ არა აქტივობები, რომლებიც კომპლექსური დავალების შესრულებისთვისაა საჭირო. პარალელური კლასის პედაგოგები თანხმდებიან თემებისა და ძირითადი საკითხების სინქრონულ განაწილებაზე. როგორც პარალელურ კლასებში, ისე ერთი კლასის ფარგლებში ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა მოსწავლემ შესაძლოა სხვადასხვა კომპლექსური დავალება განახორციელოს; სასწავლო პროცესში უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების ადაპტირება მოსწავლეთა საჭიროებებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ როგორ მიმდინარეობს კურიკულუმის შემდგომი ეტაპი -დანერგვის პროცესი. სასწავლო პროცესში პედაგოგი კლასის ყველა მოსწავლეს ეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში. განმავითარებელი შეფასების საშუალებით არკვევს, ვის რა უძნელდება, ვინ როგორ პროგნოზირებს, ვის რით დაეხმაროს. რამდენად შეუწყო ხელი სამიზნე ცოდნის შეთვისებას შერჩეულმა რესურსებმა, მაგალითებმა, განხორციელებულმა აქტივობებმა. პარალელურად კი, ინიშნავს აქტივობებს და სასწავლო რესურსებს, რომლებმაც მოსწავლეს ხელი შეუწყვეს ცოდნის კონსტრუირების პროცესში.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, რაც თავის თავში კურიკულუმის გადასინჯვასა და რევიზიას მოიცავს. ამ ეტაპზე ხდება კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარება მოსწავლეთა მიღწევებთან და ასევე კურიკულუმის დანერგვის პროცესში გამოკვეთილ პრობლემებთან დაკავშირებით. მონიტორინგისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდება რეკომენდაციები კურიკულუმის გასაუმჯობესებლად და ამ რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნება კურიკულუმის განახლებული ვერსია.
– რა უნდა იყოს აუცილებლად გაწერილი სრულყოფილად შესრულებულ კურიკულუმში პუნქტებად?
- კურიკულუმი უნდა ეხმიანებოდეს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
- იგი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივი სტანდარტების და მეთოდური ორიენტირების მოთხოვნებს;
- ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ მასში მკვეთრად ჩანდეს კონკრეტული კლასის მოსწავლეებზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზა;
- კურიკულუმი უნდა მიემართებოდეს გრძელვადიანი მიზნებისკენ და მასში უნდა იკვეთებოდეს მაკრო ცნებები, სამიზნე ცნებები და შედეგები. ასევე. გლობალურიფუნქციური უნარები(6 უნარი);
- კურიკულუმში გაწერილი სასწავლო პროცესი უნდა ითვალისწინებდეს დიფერენცირებულ, ინკლუზიურ მიდგომებს;
- განმავითარებელი შეფასება უნდა მიემართებოდეს გრძელვადიანი მიზნებსა და მეთოდიკურ ორიენტირებს;
- მნიშვნელოვანია, დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყოს წინარე გამოცდილების ანალიზი.
– შეგიძლიათ, ჩამოგვითვალოთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან თქვენმა კოლეგებმა კურიკულუმის შემუშავების დროს?
პირველი და მნიშვნელოვანი: სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რესურსები, ეს იქნება მატრიცები თუ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, არ არის დოგმა და არ უნდა იფიქროს მასწავლებელმა, რომ ზუსტად ისე უნდა წარმართოს სწავლების პროცესი, როგორც იქაა გაწერილი.
ყველა კლასის მოსწავლე ინდივიდუალურია და შესაბამისად სასწავლო კურიკულუმიც მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული. მასწავლებელმა, თუ ფიქრობს, რომ მისი მოსწავლეების შესაძლებლობებს აღემატება სანიმუშო მატრიცაში შემოთავაზებული აქტივობები თუ დავალებები, უნდა შეცვალოს, გამოიყენოს თავისი წარმატებული პედაგოგიური გამოცდილება და გააუმჯობესოს იგი;
რესრუსების და მაგალითების შერჩევისას კარგად უნდა დაფიქრდეს, ერთი მხრივ სამიზნე ცოდნაზე სამუშაოდ თუ გამოდგება, მეორე მხრივ – მოსწავლის ცოდნა-გამცდილებასთან თუ დგას ახლოს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ცალკუელ თემაში, ყველა ცნებაზე, კომპლექსური დავალების პირობა არის თუ არა შერჩეულ სამიზნე ცოდნასთან შესაბამისობაში – საკითხთან, ქევსაკითხთან, ქვეცნებებთან, საკვანძო შეკითხვასთან. მკაფიოდ უნდა ჩანდეს საგნობრივი საკითხის მიმართება, ერთი მხრივ, თემასთან, მეორე მხრივ კი ქვესაკითხთან;
კომპლექსურ დავალებაში ჩაშენებული შეფასების კრიტერიუმები აუცილებლად უნდა მიემართებოდეს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებისკენ და შესაბამისობაში მოდიოდეს მასთან. მკაფიოდ უნდა ჩანდეს, როგორ უკავშირდება თემის შუალედური მიზნები ზეთემატურ გრძელვადიან მიზნებს, სამიზნე ცნებებს და ზოგად ქვეცნებებს;
სასწავლო ერთეულს წარმოადგენს თემა, ქვეცნებებსა და სამიზნე ცნებებზე მუშაობა უნდა მოხდეს თემის კონტექსტში. ყველა სამიზნე ცნება და ყველა სასწავლო შედეგი მუშავდება ყოველ ახალ თემაში. სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული ქვეცნებები კი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს სასწავლო შედეგს;
მუდმივად წარმოებდეს კურიკულუბის მონიტორინგი და შეფასება. ამ მონიტორინგისა და შეფასების გათვალისწინებით მუშავდება რეკომენდაციები კურიკულუმის გასაუმჯობესებლად და ამ რეკომენდაციების საფუძველზე იქმნება კურიკულუმის განახლებული ვერსია, რაც პირდაპირ კავშირშია მესამე თაობის ესგ-ის მიზნებთან, რათა მოხდეს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება.
ასევე იხილეთ:
„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება