GE

როგორ შევაყვაროთ მოსწავლეს მათემატიკის გაკვეთილები?! – დამხმარე აქტივობები და გამოსავალი მათთვის, ვისაც მათემატიკა უჭირს

ვიკიპედიას თუ მოვიშველიებთ, „მათემატიკა წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. არის მეცნიერება რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ, სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს“. მხოლოდ ამ განმარტებიდანაც ჩანს, რომ მათემატიკის შესწავლა მთლად მარტივი პროცესი არ უნდა იყოს და რასაკვირველია, არც არის. სწორედ ამის გამო, მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორია, ძირითადად ისინი, ვისაც სირთულეები აქვთ საგნის სწავლის პროცესში, როგორც წესი, მათემატიკის გაკვეთილებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან.

ასეთ დროს მასწავლებლები ხშირად საკუთარ თავს ეკითხებიან „როგორ შევაყვარო მოსწავლეს მათემატიკის გაკვეთილები?!“. ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში დახმარება ჩვენ სპეციალისტს ვთხოვეთ. EDU.ARIS.GE -ს 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი, ვიკა მელიქიძე ესაუბრა, რომელიც ჩვენს კითხვას საკუთარი სტრატეგიებითა და მიდგომებით პასუხობს.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არის მათემატიკა მოსწავლეთა უმრავლესობისთვის რთული საგანი და რამდენად მნიშვნელოვანია ამ საგნის სწავლების დროს პედაგოგის ფაქტორი?

– როცა მოსწავლეს სახალისოდ, თამაშ-თამაშით ვასწავლით, კარგად ვუხსნით თითოეულ საკითხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩავრთოთ სწავლების და ახსნის პროცესში, ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ მის ცოდნას და არ ვეუბნებით, რომ მათემატიკა დაუძლეველი საგანია, ნამდვილად არ უყალიბდება განწყობა, რომ მათემატიკა რთული საგანია და ვერ შეძლებს მის სწავლას. ამასთან, მნიშვნელოვანია, მასწავლებლის ფაქტორი და მშობელთა სწორი ჩართულობაც, რომ მოსწავლე, რომელსაც მათემატიკის შესაწავლისას სირთულეები აქვს, სწავლის პროცესში უფრო არ დავსტრესოთ.

– რა უფრო უჭირთ, სირთულეები ყველასთან მსგავსია?

– ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოსწავლეებს განსხავავებული სირთულეები ხვდებათ. დაწყებით საფეხურზე ამ სირთულეების დაძლევა მარტივია, მაგრამ თუ ვერ დავძლიეთ, თავს იჩენს საბაზო საფეხურზე. თუ ვერც საბაზო საფეხურზე დავძლიეთ, შემდეგ თავს გვახსენებს საშუალოზე და შედეგებიც, რასაკვირველია, არაა სახარბიელო. ასეთ დროს, მარტივი საკითხებიც წარმოუდგენლად რთული შესასრულებელია და ამიტომ, მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა მივაჩვიოთ მოკლე ჩანაწერის გაკეთებას, დეტალებზე დაკვირვებას.

– ვიკა გვითხარით, რა ტიპის შეცდომები არ უნდა დაუშვას პედაგოგმა მათემატიკის სწავლებისას, შესაძლებელია ბავშვების უფრო მეტად დასტრესვის თავიდან აცილება?

– რთული ლექსიკა, რომელიც მოსწავლისთვის ნაკლებად გასაგები და გასააზრებელია მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. მოსწავლეს უნდა ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე და ახალი ახსნილი მასალის დროს, შესაბამისი მაგალითი მოვიყვანოთ. ისეთი, რომელსაც თავად გააკეთებენ. დიდ პრობლემას წავაწყდებით, თუ საკითხს, რომელსაც მოსწავლე ვერ გაიგებს, ყურადღების მიღმა დატოვებთ. ვფიქრობ, საკითხის ჩავარდნა საბოლოოდ დომინოს პრინციპით მოქმდებს. ამიტომ, თითოეულ საკითხზე ჩაღრმავებული მუშაობა, მასზე ახლის აგება, მხოლოდ მაშინ ხდება წარმატებული და შედეგიანი, თუ ის სიღრმისეულად არის შესწავლილი და გაგებული.

– გაგვიზიარეთ, რა აქტივობებს იყენებთ სწავლა-სწავლების პროცესში, რომ მოსწავლეებს მათემატიკა შეიყვარონ და არა პირიქით?

– გაგიზიარებთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც მათემატიკის სწავლების პროცესში მეტად შედეგიანია. მთავარი ხაზი – ვსწავლობთ თამაშით, უკეთ ვიაზრებთ და ვიმახსოვრებთ.

„რიცხვობანა“. ეს აქტივობა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე.

მოსწავლეებს ვანაწილებთ ჯგუფებად (შესაძლებელია ინდივიდუალურადაც) და ვურიგებთ ციფრებს. მოსწავლეებმა ციფრებით უნდა შეადგინონ 3, 4 და ხუთნიშნა რიცხვი, რომელსაც აღნიშნულ საფეხურზე სწავლობენ. მიღებულ რიცხვზე მოიფიქრებენ მაგალითებს, შეადგენენ ამოცანას, რომლის პასუხიც ჩვენს მიერ ნახსენები წინასწარ განსაზღვრული რიცხვი იქნება. შედგენილ რიცხვს მოსწავლეეები სათანრიგო შესაკრების ჯამის სახით წარმოადგენენ. საშუალო და საბაზო საფეხურებზე შეგიძლიათ, უფრო გაართულოთ თამაში. ეს აქტივობა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნებასა და თანრიგების სწორად დასახელებაში დაეხმარებათ.

„მხიარული შოპინგი“. ეს აქტივობაც, შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერ სასწავლო საფეხურზე, სხვადასხვა ვარიაციებით.

დაწყებით საფეხურზე ვქმნი ასეთ სცენარს: კლასში ვაწყობ „მაღაზიას“ და მოსწავლეთა ნაწილი ირგებს გამყიდველის, ნაწილი კი მყიდველის როლს. წინასწარ აქვთ განსაზღვრული სხვადასხვა პროდუქტები თავისი ფასებით. მყიდველს მივაწვდით სიას, სადაც მივუთითებთ პროდუქტს და რაოდენობას. გამყიდველი ეტყვის ფასს, მოსწავლემ უნდა გამოთვალოს, რა თანხა დასჭირდება გარკვეული წონის პროდუქტისთვის და უთხრას თანხა დამრგვალებით; გამყიდველმა კი შესაბამისი ხურდა უნდა დაუბრუნოს. თამაში მოსწავლეს ეხმარება, ისწავლოს ანგარიში, დამრგვალება და ნასწავლი დაუკავშიროს ცხოვრებისეულ სიტუაციას. მაღალ კლასებში შესაძლებელია, მოსწავლეებს დავალება გავურთულოთ და თავად მოიფიქრონ მსგავსი სცენარი. მაგალითად, ესტუმრონ მაღაზიებს, შეადარონ ფასები და ერთგვარი კვლევაც ჩაატარონ, თუ სად რას იყიდიდნენ იაფად. დავალება კი წყვილებში ან ჯგუფებში შეასრულონ.

„მე ვხედავ“.  ამ აქტივობას ვურჩევდი პირველი კლასის მასწავლებლებს.

ბავშვები ისწავლიან სივრცეში ორიენტირებას, გეომეტრიული ფიგურებსა და ამოცანების სწორად ამოხსნას.

მოსწავლეებს მონიტორზე ვაჩვენებთ ნახატს და ვუსვამთ კითხვებს, რომელიც ნასწავლი თემების უკეთ გაგება/გააზრებაში ეხმარებათ.

  1. რამდენი ხეა ფოტოზე? რამდენი სახლია?
  2. რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს სახლის, ხის, მზის დასახატად?
  3. რას ხედავთ სახლის მარჯვნივ? მარცხნივ? ზემოთ? ქვემოთ?
  4. რამდენი ყვავილია ხეზე? ქვემოთ? სულ?
  5. ასევე, შესაძლებელია, თავად დავახატინოთ და ისე დავუსვათ კითხვები, რაც მათთვის საკმაოდ სახალისოა.

„აბა გამოიცანი“. ეს ყველა საფეხურის მოსწავლისთვის საკმაოდ სახალისო აქტივობაა.

კლასში მოგვაქვს ის რესურსები, რომლებსაც მათემატიკის სწავლებისას ვიყენებთ. რესურსები მოთავსებულია ტომარაში. მოსწავლეები თვალდახუჭული ეხებიან და შეხებით უნდა გამოიცნონ, რა დევს ტომარაში. მაგალითად, თუ შეხვდათ სივრცული გეომეტრიული ფიგურა, ვკითხოთ – როგორ ამოიცნეს, რამდენი წიბო და წახნაგი აქვს. შეგვიძლია, აქტივობა უფრო სახალისოც გავხადოთ და ტომარაში სხვა ნივთებიც მოვათავსოთ, რომ უფრო მხიარული განწყობა შევიქმნათ.

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური