GE

მასწავლებელი: უმეტეს სკოლებში ახალი სკოლის მოდელი გაკითხვით „ინერგება“

უცხო ენასა და სპორტში სკოლის წამყვანი მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა, ახალი სკოლის მოდელის დანერგვის პრობლემაზე საუბრობს და მბობს, რომ ყველა ნაცნობი თუ უცნობი კოლეგა მასწავლებელი, მისთვის გმირია:

“ახალი სკოლის მოდელი გაკითხვით!

ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება პოსტები, რომ მშობლები წუხან კომპლექსურების (კომპლექსური დავალება ავტ.) თაობაზე და რომ მათ უწევთ მათზე მუშაობა.
მე ვფიქრობ, რომ… ამაში პროექტი კი არ არის დამნაშავე, არამედ მიდგომები.

  1. მასწავლებელი არ იძლევა გამართულ, მკაფიო ინსტრუქციებს;
  2. დავალება აცდენილია მოსწავლის შესაძლებლობებს;
  3. კომპლექსური თავიდანვე უინტერესოა და არ არის შემოქმედებითი;
  4. და ყველაფრის სათავე: თავად მასწავლებელთა უმეტესობამ არ იცის რას ითხოვს და რას აკეთებს, რადგან ვებინარითა და გაკითხულით მოპოვებული ინფორმაცია არასაკმარისია კომპლექსურის და ზოგადად მატრიცის შესადგენად.

P.S. სიმართლე უნდა ითქვას:

პედაგოგთა დიდმა უმრავლესობამ არ იცის რა არის მატრიცა და ახალი სკოლის მოდელი. პირადად მე ათეულობით კოლეგას მესენჯერის დახმარებით ავუხსენი რა, რას ნიშნავს. არადა, ვებინარი მოსმენილი ჰქონდათ.

მახსოვს, სამინისტროში დავდიოდით და ბატონი ნიკო სილაგაძე გვიტარებდა ტრენინგებს. გასაგები იყო ყველაფერი. რაც შეეხება ვებინარს, ახლებისთვის ნაკლებად ინფორმაციული იყო ნამდვილად. დეტალებში განხილვას, პრაქტიკულ ნაწილს ვგულისხმობ.

პრობლემა იმაშიც არის, რომ ერთგვარ ,,ტრენდად” იქცა კომპლექსურები და დირექცია გინდა არ გინდას პრინციპით ავალდებულებს მასწავლებლებს მის გაკეთებას, რაც უბრალოდ არ იციან.

უმეტეს სკოლებში ახალი სკოლის მოდელი გაკითხვით ,,ინერგება”.

არიან გამონაკლისებიც…

შევდივარ ყველა ჩემი ნაცნობი, თუ უცნობი კოლეგის მდგომარეობაში. თქვენ გმირები ხართ!
ის, რომ გაურკვევლობაში ხართ და არ იცით როგორ მოიქცეთ, ეს თქვენი ბრალი არ არის.
კრედიტომანია მახსენდება. ისე ამოიძირკვა ეს პროცესი, რომ ძალიან ბევრმა ახლაც არ იცის რაში რამდენი კრედიტი იყო განსაზღვრული.

ამ პროექტს წარმატებას ვუსურვებ. მივესალმები. უბრალოდ, გააზრება და მიდგომების, მეთოდების გადაფასება სჭირდება”, – წერს 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში კერძო სკოლა ,,აკადემოსის” და 182-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური