„თუ მასწავლებელს ეს გამორჩება, მშობელმა უნდა აცნობოს აუცილებლად“ – კომპლექსური დავალების გასათვალისწინებელი საკითხი
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში, როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლის მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს მასწავლებელთან. ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ 23 ნოემბერს, Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, კომპლექსური დავალება არის ერთგვარი შუალედური სასწავლო მიზანი. მაგალითად მასწავლებელს შეუძლია ერეკლე მეორის ეპოქაზე მისცეს დავალება, რომ მან გეორგიევსკის ტრაქტატის სვოტ ანალიზი გააკეთოს – რა იყო ამ პროცესში დადებითი, სუსტი და ძლიერი მხარეები, რა უარყოფითი.
“ჩვენ უნდა დავინახოთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლე რასაც ისწავლის, ის ნამდვილად გაიაზრა და შეუძლია ამის ტრანსფერი, მისი სხვა სიტუაციაშიც გამოყენება. ვთქვათ, უბრალოდ კი არ ყვება საგარეო პოლიტიკის შესახებ, რაც ერეკლე მეორის დროს იყო, არამედ ის უკვე სხვა პროდუქტის სახით გადაიაზრებს ამას. ამ სვოტ ანალიზსაც, რასაც მას მასწავლებელი აუხსნის თუ რა არის, ნებისმიერი სხვა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრისასაც გამოიყენებს და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აცხადებს ჩიქობავა.
სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ამას დავალება ჰქვია, თუმცა სინამდვილეში, ეს არის მთელი სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც მოიცავს 6-7-8 გაკვეთილს, კლასის მზაობის მიხედვით. მოსწავლემ წინასწარ იცის რა საკლასო აქტივობები ჩატარდება, რა მიეცემა საშინაო დავალებად და რასაც განიხილავენ კლასში. საბოლოოდ კი, მან ეს პროდუქტის სახით უნდა წარმოადგინოს. კომპლექსური დავალება გვიჩვენებს იმას, რაც ასწავლა მასწავლებელმა, რა აქტივობებიც ჩაატარეს გაკვეთილზე, რამდენად გაიგო, გაიაზრა მოსწავლემ და განსხვავებული ფორმით წარმოადგინა.
“ეს არის კომპლექსური დავალება და მშობლებში, მასწავლებლებში რაც არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, მოსწავლეს პირდაპირ აძლევენ ამ დავალებას და მერე მოსწავლემ აღარ იცის რა ქნას. არადა, ეს არის თვითონ სასწავლო პროცესი, ვთქვათ ერეკლე მეორის ეპოქის შესწავლის პროცესი როგორ ხდება. რაც ამ დავალების შესასრულებლად დასჭირდება მოსწავლეს, მასთან დაკავშირებული მასალა, ყველა საკითხი, პარაგრაფი ერთად უნდა დამუშავდეს მასწავლებლის დახმარებით. მასწავლებელი თან გზადაგზა ამოწმებს ამ კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში წაიწია თუ არა მოსწავლემ წინ – ეს ყველაფერი კომპლექსურია. ეს ხდება გზადაგზა, ეტაპობრივად და მთელი სასწავლო პროცესი ეძღვნება ამას, ანუ, მოსწავლე აქ არ არის მარტო. მშობელმაც ასე არ უნდა აღიქვას, რომ დავალება მისცეს მოსწავლეს და მის მაგივრად არ ჩაერთოს გაკეთების პროცესში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის როგორ შეიძლება განისაზღვროს მშობლის როლი: მან უნდა შეხედოს, თუკი დავალება მოსწავლისთვის არის მაგალითად რთული, ან ზედმეტად ემარტივება, უკვე ინტერესი დაკარგა… აი ამ შემთხვევებში, თუკი ეს მასწავლებელს გამორჩა, აუცილებლად მშობელმა უნდა აცნობოს მასწავლებელს ამის შესახებ. ის დავალების პირობა რაღაცნაირად უნდა მოერგოს იმ ბავშვს, ან პირიქით, მეტი დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს მასწავლებელმა. და არა ის, რომ მშობელმა გააკეთოს დავალება მის ნაცვლად, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაშვებულ იქნას. ამით ვეწინააღმდეგებით თვითონ ამ კომპლექსური დავალების იდეას, რომ აი, ასე გაიაზრონ ბავშვება საკითხები”, – განაცხადა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, მშობელმა შეიძლება გააკეთებინოს მოსწავლეს ეს დავალება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბავშვმა უნდა წარმოადგინოს, ეს არის ერთერთი მთავარი პირობა ამ ყველაფერში.
“მან უნდა აღწეროს რა გააკეთა, ახსნას რატომ გააკეთა, ჩათვალა, რომ იყო ვთქვათ საფრთხე ამ სვოტ ანალიზიდან გამომდინარე. ახსნას ეს ყველაფერი და შეაფასოს, გააანალიზოს მთელი ეს პროცესები. შესაბამისად, თუნდაც ეს მშობელმა გააკეთოს, ყველაფერი მაინც ბავშვის გასაკეთებელია და ამ შემხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მშობელსაც ჰქონდეს ძალიან სწორი კომუნიკაცია იგივე მასწავლებელთან და რეალური დახმარება გასწიოს მშობელმაც, მასწავლებელმაც და მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ ბავშვის განვითარების პროცესში”, – ამბობს მარიამ ჩიქობავა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, განათლების რეფორმა კომპლექსური პროცესია და ის, პირველ რიგში, საკლასო ოთახში ცვლილებებს გულისხმობს.
“ჩვენი, ზოგადი განათლების მიზანია, რომ აღვზარდოთ კრიტიკულად, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციური უნარები, სწავლის სწავლა და ა.შ. ამ მიზანს ემსახურება ყველა საგანი და ეს მიზნები ეტაპობრივად უნდა იქნეს მიღწეული. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს რა უნდა იცოდეს, რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ, როგორ უნდა ამ მიზნების მიღწევა, მაგრამ შემდეგ უკვე თითოეული სკოლა, თითოეული მასწავლებელი თავის საკუთარ მიზნებს საკუთარი კლასის საჭიროებიდან და მოსწავლიდან გამომდინარე განსაზღვრავს”, – დასძენს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება