GE

„მასწავლებელმა რომ ბავშვს შეაყვაროს სწავლა, პირველ რიგში მას უნდა შეაყვაროს საკუთარი თავი“ – პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს საკითხებზე, თუ როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს მასწავლებელსა და მშობელს, რომ ბავშვებს სწავლა-სწავლების პროცესი შეუყვარდეს და ეს მისთვის მძიმე მოვალეობად არ იქცეს. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ფსიქოლოგი მასწავლებლის მხრიდან ბავშვისთვის თავის შეყვარებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ სადაც მოსწავლეს მასწავლებელი უყვარს, იქ სწავლაც უყვარს, თამაშიც და დროის გატარებაც.

„მასწავლებელზე თუ ვილაპარაკებთ ან აღმზრდელზე, პირველი საუკეთესო გზა შევაყვაროთ ბავშვს სწავლა, ეს არის შევაყვაროთ მას თავი. მასწავლებელი, სადაც შეაყვარებს ბავშვს თავის თავს, საყვარელ მასწავლებელთან ერთად ბავშვს უკვე სწავლაც უყვარს, თამაშიც უყვარს და ყველაფერი, რაც სწავლის პროცესს უკავშირდება. ანუ აი ეს გარემო არის ბავშვის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თბილი მზის სხივები მცენარისთვის. გარდა ამისა, ბავშვებს აქვთ შინაგანი სწრაფვა, უნდათ ძალიან, რომ თავი იგრძნონ დიდებად, ამიტომ სიყვარულის გარდა, ბავშვებს უნდა მივცეთ განცდა, რომ თითქოსდა დიდები არიან“, – აღნიშნავს პაატა ამონაშვილი.

მისივე თქმით, პრობლემაა, როცა ბევრი მასწავლებელი არ ანიჭებს მნიშვნელობას, რომ ბავშვებს თავი შეაყვაროს. ამიტომაცაა, რომ სასწავლო წლის დაწყებას ყველა პირველკლასელი მოუთმენლად ელოდება და შემდეგ უკვე ორ თვეში, თითქმის აღარ რჩება ისეთი ბავშვი, რომელსაც ისევ იგივე ენთუზიაზმით უნდა სკოლაში სიარული.

„აგვისტოში ყველა პირველკლასელს ძალიან უნდა სკოლაში წასვლა, ორ თვეში უკვე თითქმის აღარ რჩება ბავშვი, ვისაც ისევ ძალიან უნდა სკოლაში სიარული. ეს ყველაფერი პირველ რიგში იმითაა გამოწვეული, რომ ბევრ მასწავლებელს რატომღაც არ შეუძლია ან არ აქცევს ყურადღებას, ან არ მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომ შეაყვაროს ბავშვს თავი. იქ, სადაც ბავშვს შეუყვარდება მასწავლებელი, სკოლაშიც უნდა, დილასაც ადრე დგება და აქეთაც გაგაღვიძებს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია. ასეთი მსწავლებელი ცოტაა. მასწავლებლები არ აქცევენ ამას ყურადღებას და როცა ეს მეორეხარისხოვანი ამოცანა არის მათთვის, სწორედ ეს ქნის პრობლემას, მათ კი უყვართ ბავშვები, მაგრამ არ ეტყობათ. ის ცოდნა, რომელსაც ბავშვი დაძალებით შეიძენს, იქნება ცოდნა, რომელსაც თან მოჰყვება უარყოფითი ემოციები. საშინაო დავალება, რომელიც ბავშვმა სახლში მასწავლებლის მხრიდან მოტივციის გარეშე მოიტანა, არის სახლში შემოგდებული ნელი მოქმედების ნაღმი, იმიტომ რომ ბავშვს აღარ უნდა სწავლა, ჩვენ კიდევ გვევალება რაღაცნაირად დავაძალოთ და შევდივართ ჩიხში“, – ამბობს პაატა ამონაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური